რა მხარდაჭერის მიღებას ელოდება უნივერსიტეტისგან გვანცა ტალახაძე?
გვანცა ტალახაძე თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის მიმართულებით მაგისტრატურის მე-2 კურსზე სწავლობს. რატომ აირჩია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი? – ამ კითხვაზე გვანცას თავისი მოსაზრება აქვს: „ვერ ვიტყვი, რომ აბიტურიენტების უმრავლესობის მსგავსად გამიჭირდა არჩევანის გაკეთება. ბევრი მიზეზის გამო ერთადერთი ადგილი, სადაც სწავლის გაგრძელებას განვიხილავდი, იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თსუ-ს არჩევაში გადამწყვეტი ფაქტორი იყო მისი განსაკუთრებული ადგილი ქართული ფილოლოგიის განვითარების ისტორიაში. ჩემთვის დიდი პატივი და, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა ვისწავლო უნივერსიტეტში, სადაც მუშაობდნენ ისეთი კორიფეები, როგორებიც იყვნენ აკაკი შანიძე, ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე – ისინი, ვინც საფუძველი ჩაუყარა ქართული ფილოლოგიის თანამედროვე სკოლას. ჩემი მოლოდინები სრულიად გამართლდა… უნივერსიტეტში, უპირველეს ყოვლისა, საუკეთესო მეგობრები შევიძინე როგორც თანაკურსელების, ისე ლექტორების სახით; გამიფართოვდა ხედვა პროფესიული განვითარებისა და კვლევითი საქმიანობის კუთხით; უნივერსიტეტმა ასევე მომცა შესაძლებლობა, ვიყო ძველი ქართული ლიტერატურის კვლევითი სივრცის ნაწილი და უშუალოდ შევეხო იმ საგანძურს, რომელიც ჩვენი ეროვნული იდენტობის საფუძველია“, – ამბობს გვანცა.
მიუხედავად ამგვარი პოზიტური განწყობებისა, გვანცა პრობლემებზე საუბარსაც არ გაურბის. „ჩვენს უნივერსიტეტში, ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი პრობლემაა. პირველ რიგში შევეხები სტუდენტური საცხოვრებლების თემას. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვდგავარ ამ პრობლემის წინაშე, ვიცი – რამდენად ცუდ და, შეიძლება ითქვას, სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უწევთ ცხოვრება ჩემს მეგობრებს ბაგების საერთო საცხოვრებელში, ამიტომ ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მალე მოგვარდეს ეს საკითხი. შემდეგი პრობლემა, რომლის წინაშეც მრავალ სტუდენტთან ერთად მეც ვდგავარ, არის ის, რომ მაგისტრატურის სტუდენტებს არ გვაქვს ხელშეწყობა გრაფიკის თვალსაზრისით. ლექციები გვიტარდება დღის ნებისმიერ მონაკვეთში და სტუდენტები დგებიან არჩევანის წინაშე – ან სწავლა, ან სამსახური. მაგისტრატურის სტუდენტი უკვე სრულყოფილად იაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას და სწავლას აგრძელებს იმ მოტივით, რომ გაიღრმავოს ცოდნა სასურველი მიმართულებით, თუმცა, სამწუხაროდ, სამსახურის აუცილებლობიდან გამომდინარე, ვერ ახერხებს ლექციებზე დასწრებას. ბაკალავრიატის პერიოდში სრულიად გასაგებია, რომ მთელი სისტემა მხოლოდ დილის ან საღამოს სწავლების რეჟიმზე ფიზიკურად ვერ გადავა, მაგრამ მაგისტრატურის საფეხურზე ამ მხრივ უნივერსიტეტისგან მხარდაჭერის მიღება სტუდენტებისთვის აუცლებელია“.
გვანცა ტალახაძე ამ ეტაპზე საუნივერსიტეტო სივრცეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებად თვლის საბაკალავრო ნაშრომს, რომელიც დადებითად შეფასდა. ამბობს, რომ ამაში დიდი წვლილი მიუძღვის მის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლელა ხაჩიძეს. მას აღნიშნულმა გამოცდილებამ და მიღებულმა შეფასებებმა გაუმყარა რწმენა, რომ არჩეულ გზას სწორად ადგას და რომ მეცნიერული კვლევის გაგრძელება მისი პროფესიული მოწოდებაა. მის საბაკალავრო ნაშრომში – ,,არჩილ მეფის წამება“ (ძირითადი პრობლემატიკა)“ – განხილულია ქართული ჰაგიოგრაფიის ერთ-ერთი საინტერესო და ნაკლებად გამოკვლეული ძეგლი – ,,არჩილ მეფის წამება“. ტექსტი მოცულობით ვრცელი არ არის, თუმცა გვაწვდის საინტერესო ცნობებს როგორც არჩილ მეფის, ისე მისი მოღვაწეობის პერიოდის შესახებ. გვანცა აპირებს, რომ სამაგისტრო ნაშრომიც ამავე თემის უფრო ღრმა და საფუძვლიან კვლევას მიუძღვნას. მისი აზრით, თსუ-ში უფრო მეტად უნდა მიექცეს ყურადღება სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში სტუდენტების ჩართულობას და რომ ამ მიმართულებით უფრო ფართო პლატფორმების შექმნაა საჭირო. მისი სამომავლო გეგმებიც აკადემიურ საქმიანობას უკავშირდება. გვანცას მიზანია დაიცვას სადოქტორო ნაშრომი და აქტიურად ჩაერთოს ქართული ლიტერატურის კვლევისა და პოპულარიზაციის პროცესში. „მსურს, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში ახალ თაობასაც გადავცე და ჩემი წვლილი შევიტანო უნივერსიტეტისა და ქართული მეცნიერების განვითარებაში“, – ამბობს გვანცა ტალახაძე.
