სწავლების 9 თვე არაბული ენის დასაუფლებლად ეგვიპტურ ცენტრში

თარიღი: 2023-10-26 12:18:43

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, 22 წლის გვანცა კოჟორიძე, რომელიც არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხეკურსელია, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში 9 თვის განმავლობაში არაბული ენის სწავლების ეგვიპტურ კულტურულ ცენტრში სწავლობდა. კურსი განკუთვნილი იყო არაარაბი სტუდენტებისთვის. გვანცას უნივერსიტეტი დაეხმარა, რომ  თავისი პროფესია უკეთ შეესწავლა. მან კარიერული მიზნების მისაღწევად მიიღო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა.

„ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი უცხო ენების შესწავლით; გარდა ამისა, ყოველთვის მიზიდავდა ეგზოტიკური და მისტიკური აღმოსავლური კულტურა.  ამიტომ 2019 წელს 18 წლის გულანთებულმა ახალგაზრდამ ჩემი ცხოვრება დავუკავშირე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ჩავაბარე არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე. ჩემს ამ გადაწყვეტილებას ყველა ეჭვის თვალით უყურებდა, ხშირად უკითხავთ  – თუ რა იყო არაბისტიკა, რა უნდა მესწავლა ამ მიმართულებაზე, რა პერსპექტივა მექნებოდა სამომავლოდ“,- გვიყვება გვანცა.

გვანცა კოჟორიძე მესამე კურსზე იყო, როდესაც გადაწყვიტა – ბედი ეცადა და გაცვლით პროგრამაში მიეღო მონაწილეობა. ,,თსუ-მ დიდი როლი ითამაშა ჩემი მიზნის განხორციელებაში… თავდაპირველად, კატარის სახელმწიფოს სტიპენდია გამოცხადდა, მაგრამ არ გამიმართლა. მოგვიანებით შევიტყვე ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი სტიპენდიის შესახებ ECCTA-ში არაბული ენის სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის და დავინტერესდი: გავგზავნე CV და სარეკომენდაციო წერილი. არჩევანის გაკეთების უფლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიანდეს და კომისიის გადაწყვეტილებით ორი სტიპენდიიდან ერთ-ერთი მე მერგო“,- ამბობს გვანცა.

პროფესიული განვითარების გარდა, გაცვლითი პროგრამები ხელს უწყობს სტუდენტებს, რომ მიეჩვიონ დამოუკიდებელ ცხოვრებას, გაიჩინონ მეგობრები და იმოგზაურონ მათთვის საინტერესო და სასურველ ქვეყნებში.

სწორედ ამ კუთხით გვიზიარებს გვანცა კოჟორიძე ინფორმაციას: ,,სწავლა მიწევდა მულტიკულტურულ გარემოში, გავიცანი სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ვიეტნამიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, სომალიდან, ავღანეთიდან. ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავცვალეთ ჩვენი ქვეყნების ტრადიციებისა და კულტურის შესახებ, რამაც გამიჩინა ინტერესი, რომ მათ ქვეყნებშიც ვიმოგზაურო“,- გვიყვება გვანცა.

საინტერესოა, რა ძირითადი განსხვავებები და მსგავსებები შეინიშნება გვანცას მიერ დასახელებულ ცენტრსა და თსუ-ს შორის ენის სწავლების მეთოდების მხრივ? გვანცა ანალიზს აკეთებს და გვპასუხობს: „არაბული ენის ცენტრში სწავლის პერიოდში გვქონდა დებატები არაბულად, ლექტორები მასალებს არაბულად გვაწვდიდნენ, ვაკეთებდით უამრავ მოსასმენ სავარჯიშოს, პრეზენტაციას, ვთხზავდით ამბებს არაბულ ენაზე და ა.შ. თსუ-ში კი სწავლების ენა მხოლოდ ქართულია და ხშირად არ გვაქვს არაბული ენის მოსმენის ფუფუნება“.

ენის შესწავლის გარდა, ეგვიპტის კულტურული და არქიტექტურული სიმდიდრით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ეს გაცვლითი პროგრამა მართლაც საუკეთესოა, რადგან ამ პროგრამის ფარგლებში ისინი შეძლებენ მოინახულონ მსოფლიოს საოცრება გიზის პირამიდები. „არაბული ენის სწავლების ცენტრი ორგანიზებას უკეთებდა  არაერთ  ექსკურსიას  ეგვიპტის ფარგლებში. მოვინახულეთ ეგვიპტის ყველა ღირსშესანიშნაობა, რომელთა შესახებ აქამდე მხოლოდ ლეგენდები თუ გვსმენია, დაწყებული გიზის დიდებული პირამიდებით, დამთავრებული მდინარე ნილოსის კრუიზით“,- ამბობს გვანცა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამის ყველა ლექტორი თავისი საქმის უბადლო მცოდნე და პროფესიონალია. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ თსუ-ს არაერთი წარმატებული არაბისტიკის კურსდამთავრებული ჰყავს. რომ არა თსუ-ში მიღებული ცოდნა, სტუდენტები ვერ მოახერხებენ საზღვარგარეთ სწავლის წარმატებულად გაგრძელებას და უცხო ქვეყანაში ადაპტაციას. რაც შეეხება ცოდნის რეალიზებას, ეს ყველა სტუდენტის მიზანია, რათა მიღებული ცოდნა გამოიყენონ, განვითარდნენ და კარიერულად წინ წავიდნენ. გაცვლითი პროგრამები კი მათ ამ რთულ გზას უმარტივებს, რადგან ამ პროცესში უყალიბდებათ საჭირო უნარები და ხდებიან უფრო თავდაჯერებულები. ჩვენი რესპონდენტის მიზანიც სწორედ კარიერული წინსვლა და როგორც საზღვარგარეთ, ასევე, საქართველოში მიღებული ცოდნის რეალიზებაა.

                                                                                                                    ანი მამისაშვილი

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn