რა მისცა გვანცა ევანისელს თსუ-ში და შემდეგ უკვე უნგრეთში სწავლამ?
გვანცა ევანისელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულებაზე დოქტორანტურის მესამე კურსზე სწავლობს.
როდესაც ისტორიის მიმართულებაზე ჩაბარება გადაწყვიტა, ბევრი არ უფიქრია – თუ სად უნდა ესწავლა. ,,შევარჩიე კავკასიაში უძველესი უნივერსიტეტი, სადაც სწავლების ხანგრძლივი და მრავალფეროვანი გამოცდილება არსებობდა. უნივერსიტეტმა მომცა ის საბაზისო უნარები, რომელიც აუცილებელია სამეცნიერო სივრცეში თავის დასამკვიდრებლად – კვლევითი უნარები, აკადემიური წერა და ა.შ. ერთი რამ, რაც, ვფიქრობ, ყველა სტუდენტს უნდა ესმოდეს, არის ის, რომ ვერცერთი უნივერსიტეტი ვერ მისცემს სტუდენტს 100 %-ით ყველაფერს. არასდროს უნდა დავკმაყოფილდეთ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნით, ჩვენ განვითარებისთვის გვჭირდება საკუთარ თავთან, საკუთარ უნარებზე მუშაობა. თუ მხოლოდ უნივერსიტეტში 4 წლიანი სწავლით დავკმაყოფილდებით, დიდი ალბათობით კონკურენტუნარიანები არ და ვერ ვიქნებით. ამასთანავე, თსუ-ში შევხვდი ადამიანებს, რომლებიც დღეს ჩემი მასწავლებლები, კოლეგები და საუკეთესო მეგობრები არიან“, – ამბობს გვანცა.
გვანცას უჭირს რომელიმე ერთი კონკრეტული ლექტორის გამოყოფა, ვინც მისი უნარების განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და ამბობს: ,,არ შეიძლება არ აღვნიშნო ჩემი უდიდესი სიყვარული, პატივისცემა და მადლიერება შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის თითოეული წევრისადმი. სწორედ მათ (პროფესორებმა მურმან პაპაშვილმა, თეა წითლანაძემ და თეა ქარჩავამ) განაპირობეს ის, რომ დღეს მე ვსწავლობ და ვასწავლი ამ კათედრაზე. ბაკალავრიატზე სწავლის დროს იმდენად მოვიხიბლე ამ ადამიანების სწავლების მეთოდებით, არგუმენტირებული მსჯელობით, კვლევითი უნარებით, რომ საბოლოოდ მაგისტრატურაზე სწორედ მედიევისტიკა (შუა საუკუნეების კვლევები) ავირჩიე“.
გვანცა ევანისელი2023 წლის შემოდგომის სემესტრში ,,ERASMUS +“-ის გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა უნგრეთში, ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში (Eötvös Loránd University, ELTE).
,,ეს ჩემთვის საზღვარგარეთ სწავლის პირველი გამოცდილება იყო. შესაბამისად, უნგრეთში გატარებული ერთი სემესტრი სავსე იყო ახალი გამოწვევებითა და შთაბეჭდილებებით. თავად ქალაქი ბუდაპეშტი წელიწადის ნებისმიერ დროს ულამაზესი და ძალიან ,,ცოცხალია“ სავსე ტურისტებით, აქტივობებითა და ისტორიული სანახაობებით. უნგრელი ხალხი თავიდან შეიძლება ჩვენთან შედარებით ცივებად მოგეჩვენოთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაგიცნობენ, უფრო კომუნიკაბელურები და მეგობრულები ხდებიან. ჩემი იქ სწავლის დროს, ძირითადად, ყველა იმაზე იყო ორიენტირებული – რაიმე კითხვა თუ მექნებოდა, სწრაფად და რაც შეიძლება მარტივად აეხსნათ ყველაფერი.
ჩემი უნგრელი ხელმძღვანელი ტამაშ კორმენდი მუდმივად კავშირზე იყო და მზაობას გამოხატავდა ნებისმიერ დროს დამხმარებოდა არა მარტო ტექნიკურ საკითხებში, არამედ კვლევაშიც. ჩემი ძირითადი მიზანი უნგრეთში გაცვლითი პროგრამით წასვლის დროს დისერტაციის დაწერა იყო. ამასთანავე, 2023-ში მოგებული მქონდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი. სწორედ უნგრეთში დავასრულე გეგმა – გრაფიკით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. საოცარი გამოცდილება იყო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მუშაობა. მართალია, ცოტა დავიბენი, როდესაც აღმოჩნდა, რომ წიგნებით სავსე შენობაში არანაირი კატალოგი არ არსებობდა, მაგრამ სასურველ წიგნებს მაინც მარტივად მივაგენი ბიბლიოთეკარების დახმარებით. რაც შეეხება სტუდენტურ ცხოვრებას, უდიდესი გამოცდილება იყო საერთო საცხოვრებელში განსხვავებული კულტურის, რელიგიის, ენის, შეხედულებებისა და აზროვნების ადამიანებთან კომუნიკაცია“, – ამბობს გვანცა ევანისელი.
ბლიც-ინტერვიუ
- რით განსხვავდება სწავლების პროცესი თსუ-სა და იმ უნივერსიტეტს შორის, სადაც სწავლობდი?
- ვინაიდან მე, ძირითადად, კვლევითი მიზნით ვიყავი უნგრეთში ჩასული, უშუალოდ სასწავლო პროცესის დაკვირვების საშუალება ნაკლებად მომეცა. მიუხედავად ამისა, მქონდა შესაძლებლობა ჩემი მიმართულების სილაბუსებსა და სახელმძღვანელოებს გავცნობოდი. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ იქ მეტი აქცენტი კეთდებოდა პრაქტიკულ სამუშაოებზე. ისტორიულ ფაქტებთან ერთად ისწავლებოდა წყაროებზე მუშაობის ტექნიკა, კვლევა. ამასთანავე, ბევრად მეტი დრო ეთმობოდა ძველი ენების შესწავლას – მაგალითად, ლათინურის. მახსოვს – მე ლათინურთან მხოლოდ მაგისტრატურაზე მქონდა შეხება, ისიც, ერთი სემესტრი, რაც, ბუნებრივია, ენის შესასწავლად საკმარისი არ არის. მართალია, ჩემმა ლექტორმა, ქალბატონმა ვიქტორია ჯუღელმა, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლო სწავლების კუთხით, მაგრამ დღეს უმნიშვნელოვანესი წყაროების კითხვის დროს მაინც სერიოზულ სირთულეებს ვაწყდები.
- რას ურჩევ თანატოლებს, ვინც მონაწილეობას მიიღებს გაცვლით პროგრამებში?
- ვურჩევ, რომ სწავლასთან ერთად დრო გამონახონ მოგზაურობისთვის; დაათვალიერონ არა მარტო მეზობელი ქვეყნები, არამედ თავად იმ ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭული, სადაც ისწავლიან; იყვნენ მეტად კომუნიკაბელურები და გაიჩინონ მეგობრები მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მე, პირადად, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ოთხი თვის შემდეგაც კი ჩემი მეგობრები პოლონეთიდან, მექსიკიდან, ყაზახეთიდან და, რა თქმა უნდა, უნგრეთიდან კვლავაც აქტიურად მწერენ. ჩემი პოლონელი მეგობრები საქართველოშიც იმყოფებოდნენ სტუმრად და სამომავლოდ მეც ვგეგმავ პოლონეთში ვიზიტს. ამდენად, ვურჩევ, გამოიყენონ ეს შანსი და არცერთი დღე არ გაფლანგონ საერთო საცხოვრებელში ან სახლში უსაქმოდ. რამენაირად უნდა მოახერხონ და ერთმანეთს შეუთავსონ სწავლა, მოგზაურობა და გართობა.
- რა პრობლემას გამოკვეთდი, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება?
- უნივერსიტეტში, ამ ეტაპისთვის, არაერთი პრობლემაა, თუმცა მათგან შევეცდები მხოლოდ რამდენიმე, ყველაზე მნიშვნელოვნები გამოვკვეთო. პირველ რიგში, ალბათ, აქ აღსანიშნავია სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, რომელიც სათანადო პირობებით იქნება აღჭურვილი და, ასევე, მკაცრად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები. უნგრეთში გაცვლითი პროგრამით ყოფნის დროს მომიწია ერთ, რიგით საერთო საცხოვრებელში ცხოვრება, სადაც, ალბათ, ათასობით სტუდენტი ვიყავით. მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად იყო დაცული ჩვენი უსაფრთხოება. კომფორტიც ბევრად მეტი იყო, ვიდრე ჩვენი უნივერსიტეტის მფლობელობაში ამჟამად არსებულ საერთო საცხოვრებლებში. გამომდინარე იქიდან, რომ სწავლასთან ერთად 2020 წლიდან თსუ-ში მოწვეული მასწავლებელიც ვარ, მეტ-ნაკლებად უკეთ ვიაზრებ ამ ეტაპისთვის სტუდენტებისთვის არსებულ უმთავრეს პრობლემებს. აქედან გამომდინარე, კარგად მესმის რაოდენ სტრესული და რთულია უმეტესობა მათგანისთვის ერთ კვირაში ექვსი, ხანდახან კი შვიდი გამოცდის ჩაბარება. სამწუხაროდ, გამოცდების დასრულების შემდეგ უმეტესად მათი ჩაშავებული თვალებისა და ძალაგამოცლილი სახეებს ყურება მიწევს. საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ საგამოცდო კვირის შემდეგ თითქმის არავის აქვს არც სემინარისთვის მომზადების და ხშირად არც დასწრების სურვილი. კარგი იქნება, თუ საგამოცდო ცენტრი შუალედურ გამოცდებს ისე გადაანაწილებს, რომ ნაკლები სტრესული გარემო შეუქმნას სტუდენტებს. თუნდაც, შესაძლებელია – ორი შუალედური გამოცდის ნაცვლად ერთი ჩატარდეს და გამოცდები 2 კვირაზე გადანაწილდეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაც მე, პირადად, უნივერსიტეტში გამოვკვეთდი, ლექცია-სემინარებზე დასწრებაა. აქ შედარებით ნაკლებად შეიძლება უნივერსიტეტის „დანაშაული“ ვეძიოთ. გასათვალისწინებელია რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტების მძიმე სოციალური ფონი, რაც მათ იძულებულს ხდის – გაზრდილი ქირის გადასახდელად თუ, უბრალოდ, ჯიბის ფულის საშოვნელად მუშაობა დაიწყონ. სამუშაო პირობები კი საქართველოში უმეტესად კაბალურია. სამუშაო გრაფიკი ემთხვევა ლექცია-სემინარებს. შესაბამისად, სტუდენტები იძულებულები არიან უმთავრესი მიზანი (სწავლა) გვერდით გადადონ და დრო თვითგადარჩენას დაუთმონ. ვფიქრობ, საერთო საცხოვრებელი ამ პრობლემის მოგვარებას ნაწილობრივ მაინც შეუწყობს ხელს.