გულნაზ ერქომაიშვილის ახალი წიგნი გამოიცა

თარიღი: 2025-03-20 16:47:31

საქართველოში სამრეწველო წარმოების თანამედროვე მდგომარეობაა გაანალიზებული თსუ-ს  ასოცირებული პროფესორის გულნაზ ერქომაიშვილის ნაშრომში – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები.

„ნაშრომში გაანალიზებულია სამრეწველო წარმოების თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში, ნაჩვენებია სამრეწველო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტი, შეფასებულია სამრეწველო პოლიტიკის განმახორციელებელი ინსტიტუტების საქმიანობის შედეგები, განხილულია დარგში პანდემიის პერიოდში შექმნილი გამოწვევები. სტატისტიკური მონაცემების ანალიზით ნაჩვენებია, რომ ქვეყანაში მრეწველობის განვითარების დონე და მისი საექსპორტო პოტენციალი საკმაოდ დაბალია.

სახელმწიფოში უნდა შემუშავდეს სამრეწველო პოლიტიკა, რომელიც საშუალებას მოგვცემს გამოყენებულ იქნეს ინოვაციური მიდგომები მრეწველობის პრიორიტეტული დარგებისადმი. აუცილებელია სამრეწველო პოლიტიკის ისეთი ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიცაა: ინოვაციები და ტექნოლოგიები, განათლება და უნარების ფორმირება, საგარეო ვაჭრობაზე ორიენტირება, მრეწველობის პრიორიტეტული დარგების მხარდამჭერი მექანიზმის შემუშავება, კონკურენტუნარიანობა და კონკურენციის დაცვა“, – აღნიშნავს გულნაზ ერქომაიშვილი. 

ნაშრომში გადმოცემულია ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკა, როგორც ევროპის და, მათ შორის, საქართველოს ახალი ფუნქციონალური მიმართულება. „საქართველოს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, დღეს აქვს შანსი – გახდეს ელექტროენერგეტიკული ჰაბი. ამისათვის ქვეყანამ ტრანზიტული ქვეყნის უპირატესობები უნდა გამოიყენოს. ის უნდა გახდეს ელექტროენერგიის გარდამქმნელი და ტრანზიტის ქვეყანა. საქართველოს ტრანსკავკასიური ელექტროენერგეტიკული ჰაბის ფუნქცია მნიშვნელოვნად გაძლიერდება შავი ზღვის ფსკერზე მოსაწყობი მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის პროექტის განხორციელებით. ნაშრომში ნაჩვენებია  – თუ რას მოუტანს ქართულ ეკონომიკას, კერძოდ, საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორს ეს პროექტი“, – ვკითხულობთ  წიგნის შესავალში.

წიგნის ავტორს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მთავარ სტრატეგიად  ქვეყნის დაჩქარებული ინტეგრირება მიაჩნია გლობალურ ტექნოლოგიურ ტენდენციებში. მისი აზრით, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა უნდა მოხდეს ყველა შესაძლო სექტორში, სხვაგვარად ეკონომიკური ზრდა შეუძლებელი გახდება. ასევე, უნდა ამაღლდეს ციფრული სამეწარმეო კულტურა და ის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებად უნდა იქცეს.

ნაშრომში შეფასებულია აგრარულ სექტორში არსებული მდგომარეობა, აგრარული პოლიტიკის განხორციელების შედეგები და პრობლემები პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოში. აღნიშნულია, რომ საქართველოს აგრარულ სექტორს, სახელმწიფოს სწორი პოლიტიკითა და ხელშეწყობით, შეუძლია ადგილობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება და მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის პროდუქციით გასვლა. ჩამოთვლილია ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლიან სოფლის მეურნეობის წარმატებით განვითარებას. განხილულია სოფლის მეურნეობის განვითარების ანტიკრიზისული გეგმა.

ნაშრომში განხილულია, აგრეთვე,  საქართველოში შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა. აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას სწორედ დასაქმების ადგილებზე შრომის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

„ხშირ შემთხვევაში შრომის უსაფრთხოების საკითხი ადამიანების სიცოცხლეს ეხება. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებას დიდ ყურადღებას უნდა უთმობდნენ როგორც დასაქმებულები, ისე დამსაქმებლები. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოებსა და ოფისებში მომხდარ შემთხვევებზე პასუხისმგებლობა დაქირავებულებსაც ეკისრებათ, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაში გადამწყვეტ როლს მაინც კომპანია თამაშობს. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი კი, მისი საყოველთაოდ აღიარებული ფუნქციების მნიშვნელობიდან და მასზე დაკისრებული ამოცანების ხასიათიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს შრომითი უფლებების დაცვისა თუ შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კანონმდებლობასთან შესაბამისობის გარანტირების პროცესში“, – აცხადებს  ასოცირებული პროფესორი  გულნაზ ერქომაიშვილი.

გულნაზ ერქომაიშვილი 190-ზე მეტი ნაშრომის, მათ შორის 8 მონოგრაფიისა და რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორია. 

წიგნის – ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები“ – რედაქტორია თსუ-ს პროფესორი, ეკონომიკური პოლიტიკის  კათედრის ხელმძღვანელი რევაზ გველესიანი, რეცენზენტები არიან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მურმან კვარაცხელია და  თსუ-ს ასოცირებული პროფესორი გივი ბედიანაშვილი.

ასოცირებულმა პროფესორმა  გულნაზ ერქომაიშვილმა წიგნი თავის შვილიშვილებს: გივი და ლევან ბურდულებს, შალვა და ნინია ამირანაშვილებს, ნიკო და ნიცა ნოზაძეებს მიუძღვნა.

წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკისა და ბიზნესის სპეციალობების სტუდენტებისა და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

Facebook
Twitter
LinkedIn