უნიკალური ლექსიკოგრაფიული ნაშრომი  –  ,,გულის ლექსიკონი“

თარიღი: 2024-01-24 15:18:38

გამოიცა უნიკალური ლექსიკოგრაფიული ნაშრომი „გულის ლექსიკონი“ (გამომცემლობა „არტანუჯი“), რომლის შემდგენლები არიან ავთანდილ არაბული, მანანა ტუსკია, ლალი ბინიაშვილი და ნინო ხახიაშვილი.

„საზოგადოდ, ცნობილია, რომ გარკვეული ლექსიკური ერთეულები ამა თუ იმ ენაში დიდი სიტყვაწარმოებითი და სინტაგმატური შესაძლებლობებით გამოირჩევა. ეს პირველ რიგში შეეხება ადამიანის ანატომია-ფიზიოლოგიასთან დაკავშირებულ ლექსიკას. ქართულ ეროვნულ ენასა და მის განშტოებებში ამგვარი პროდუქტიულობით გამოირჩევა გული. მაგრამ ძნელად თუ წარმოვიდგენდით, რომ ლექსიკონის შემადგენლობა, რომელშიც მხოლოდ აისახა „გული“ სიტყვის „ნაბარტყი“ სიტყვაწარმოებანი და ფრაზეოლოგიური ერთეულები, საერთო რაოდენობით სამი ათასს აჭარბებს და მოცულობით თითქმის ოთხასი გვერდია“, – განმარტავს ავთანდილ არაბული.

მისივე ინფორმაციით, ლექსიკონის წყაროს წარმოადგენდა როგორც ძველი და ახალი სალიტერატურო ქართულის მწიგნობრული ძეგლები, ისე დიალექტური მონაცემები.

 „მსგავსი ლექსიკონი არცერთ ენაზე არ არსებობს და ალბათ ვერც იარსებებს, რადგან „გულის“ ამგვარი წარმომქმნელი უნარი ქართული ეროვნული ენის სპეციფიკაა. წარმოდგენილი ლექსიკონი თვალნათლივ წარმოაჩენს, რომ ქართველთა ბუნებისა და მხატვრულ-შემოქმედებითი პოტენციის გამომხატველი მთავარი „ენერგეტიკული ბირთვი“ არის სიტყვა „გული“, რომელიც ლექსიკური და ფრაზეოლოგიური სიტყვაწარმოქმნისა და ენობრივი გამომსახველობის მართლაც უშრეტ საფუძველს წარმოადგენს.

Exif_JPEG_420

ლექსიკონი მკითხველს აზიარებს ქართული ენის ამოუწურავ ლექსიკოგრაფიულ, შთამბეჭდავ ტროპულსა თუ სახისმეტყველებით შესაძლებლობებს, რომლის დაულეველი წყაროც ჩვენი ხალხის ზეპირსიტყვიერება და ეროვნული მწერლობაა. ლექსიკონში შესაფერისად არის ილუსტრირებული არაერთი კარგად ცნობილი და ბევრიც განკერძოებული თუ ტროპული გამოყენების ნიმუში – დაწყებული, ვთქვათ, უძველესი ენობრივი პლასტების ამსახველი გამონათქვამით „გულის ხმა“ (რომელზეც საბა იტყვის: „გულსა არა აქვს ჴმაჲ, არამედ ახმა და შეღება“) და ისეთი უახლესი შესიტყვებით, როგორიცაა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგებაში გახმოვანებული „გულისკაცი“, რომლის სალექსიკონო ინტერპრეტაციაც პირველად აქ არის წარმოდგენილი.

ეს ლექსიკონი ქართული ენის სიმდიდრისა და სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთი გამორჩეული ილუსტრაციაა“,  – აღნიშნავს ავთანდილ არაბული.

Facebook
Twitter
LinkedIn