პაატა გუგუშვილის სახელობის თსუ ეკონომიკის ინსტიტუტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

თარიღი: 2026-10-28 15:30:26

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებმა კიდევ ერთხელ უმასპინძლა ქართული აკადემიური სივრცისთვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან სამეცნიერო ფორუმს. პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „მსოფლიოსა და ეროვნული ეკონომიკების მდგომარეობა და გამოწვევები თანამედროვე ეტაპზე“.

აღნიშნული ღონისძიება განსაკუთრებული აკადემიური და ისტორიული დატვირთვის მატარებელი აღმოჩნდა, ვინაიდან იგი მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების 85-ე წლისთავს. დღევანდელ გეოპოლიტიკური რყევებით სავსე მსოფლიოში, მსგავსი მასშტაბის სამეცნიერო დიალოგებს განსაკუთრებული ფასი აქვს. ეს არ არის უბრალოდ თეორიული მსჯელობა ციფრებსა და მოდელებზე, ეს არის ქართველი და უცხოელი მეცნიერების ერთობლივი მცდელობა, პასუხი გასცენ იმ მწვავე კითხვებს, რომლებიც პირდაპირ აისახება თითოეული მოქალაქის სოციალურ კეთილდღეობაზე, ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობასა და მომავლის განვითარებაზე. ფორუმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი რჩებიან იმ მტკიცე ინტელექტუალურ საყრდენად, სადაც ეროვნული ეკონომიკური აზროვნების ფუნდამენტური იდეები იბადება.

ღონისძიება ტრადიციული მისასალმებელი სიტყვებითა და აკადემიური წრეების წარმომადგენელთა გამოსვლებით გაიხსნა. კონფერენცია გახსნა ეკონომიკის დოქტორმა, ინსტიტუტის დირექტორმა თეა ლაზარაშვილმა, რომელმაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მიულოცა ღირშესანიშნავი თარიღი და ხაზი გაუსვა აკადემიის მრავალწლიან ისტორიულ მემკვიდრეობას. მან აღნიშნა, რომ ეს თარიღი უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული მეცნიერების განვითარების უწყვეტობისა და ეროვნული ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენის თვალსაზრისით. მან განსაკუთრებული პატივით მოიხსენია ის მეცნიერები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ამ სფეროს შენებაში და ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენი პასუხისმგებლობაა, გავაგრძელოთ იმ მეცნიერული მემკვიდრეობის განვითარება, რომელიც ეკონომიკური აზროვნების მრავალწლიან ტრადიციებს ეფუძნება, და ამავე დროს, თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ განვავითაროთ კვლევის ახალი მეთოდები, მიდგომები და მიმართულებები“. მომხსენებელმა ღრმა წუხილით გაიხსენა პროფესორი რამაზ აბესაძე, რომლის გარდაცვალებაც სამეცნიერო საზოგადოებისთვის უდიდესი დანაკლისია. მან ასევე ყურადღება გაამახვილა გლობალური ეკონომიკური ურთიერთობების ტრანსფორმაციაზე, ციფრულ ეკონომიკაზე, კლიმატურ ცვლილებებსა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე და დასძინა, რომ „თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკა თვისებრივად ახალი გამოწვევების წინაშე დგას“, რაც თეორიულ და სიღრმისეულ გააზრებას მოითხოვს. ინსტიტუტის დირექტორმა მიულოცა აკადემიკოს ვლადიმერ პაპავასა და რევაზ ჯავახიშვილს თბილისის საპატიო მოქალაქეებად არჩევა და მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას.

საზეიმო განწყობა და საქმიანი დისკუსია თსუ-ის რექტორის მოადგილემ საგარეო ურთიერთობების მიმართულებით, ერეკლე ასტახიშვილმა გააგრძელა. მან აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ამ მასშტაბურ ფორუმში მონაწილეობა, განსაკუთრებით აკადემიის 85 წლის იუბილეს ფონზე. ერეკლე ასტახიშვილმა ყურადღება მსოფლიოში მიმდინარე რთულ ეკონომიკურ პროცესებსა და გლობალურ გამოწვევებზე გაამახვილა და აღნიშნა: „თითოეული ექსპერტისა და მეცნიერის წვლილი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნის დონეზე, არამედ გლობალური გამოწვევების გადაჭრის პროცესში“. მან ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ დინამიკასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებებზე, რითაც ხაზი გაუსვა სწორი სტრატეგიული დაგეგმვის აუცილებლობას.

გლობალური გამოწვევების თემატიკა სიღრმისეულად განავითარა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ. მან აღნიშნა, რომ ეს კონფერენცია უკვე ათ წელზე მეტია ტრადიციულად იმართება და ყოველთვის ეხმიანება ყველაზე მწვავე პრობლემებს. თავის გამოსვლაში აკადემიკოსმა  ვლადიმერ პაპავამ გააანალიზა თანამედროვე ეკონომიკური რეალობა, „ჰიპერგლობალიზაციის“ტენდენციები, პანდემიის შედეგები, მიწოდების ჯაჭვების რღვევა და ინფლაციური პროცესები. „მიუხედავად მაღალი ეკონომიკური ზრდისა, ქვეყნის წინაშე დგას სერიოზული სტრუქტურული და ეკონომიკური გამოწვევები, რომელთა დასაძლევადაც აუცილებელია სტრატეგიული და ტაქტიკური ნაბიჯების გადადგმა“, – აღნიშნა აკადემიკოსმა.  კონფერენციის მისასალმებელი ნაწილი დააგვირგვინა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხოხობაიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა წარმოდგენილი კვლევების მაღალ აკადემიურ დონეს და აღნიშნა: „წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები მაღალი თეორიული ღირებულებით გამოირჩევა და მათ პრაქტიკული დატვირთვაც ექნებათ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისთვის“. მონაწილეებს ასევე მიესალმა ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, პროფესორი მურმან კვარაცხელია.

აკადემიური მისალმებების შემდეგ მუშაობა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდა, სადაც ფუნდამენტური მოხსენებები წარადგინეს წამყვანმა მკვლევრებმა. ეკონომიკის დოქტორმა იოსებ არჩვაძემ წარმოადგინა ავთანდილ სულაბერიძესთან და ვლადიმერ სულაბერიძესთან თანაავტორობით მომზადებული ნაშრომი „დემოგრაფიული პროცესების კანონზომიერებანი და თავისებურებები პოსტ–საბჭოთა ქვეყნებში“. კვლევამ აჩვენა, რომ საერთო ისტორიული წარსულის მიუხედავად, რეგიონში განსხვავებული დემოგრაფიული მოდელები ჩამოყალიბდა – ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში დეპოპულაცია ჭარბობს, ცენტრალურ აზიაში ბუნებრივი ზრდა ნარჩუნდება, ხოლო სამხრეთ კავკასიაში რთული გარდაქმნის პროცესია. ავტორთა მთავარი დასკვნით, დემოგრაფიული პოლიტიკა ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია. იქვე, პროფესორმა რევაზ ჯავახიშვილმა ყურადღება საქართველოს საგარეო ვაჭრობის დინამიკასა და მაღალ იმპორტდამოკიდებულებაზე გაამახვილა. როგორც მან მოხსენებაში: „საქართველოს საგარეო ვაჭრობის განვითარების ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპზე“ აღნიშნა, აუცილებელია ადგილობრივი წარმოების გაძლიერება, ექსპორტის დივერსიფიკაცია და ნედლეულიდან მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქციის წარმოებაზე გადასვლა.

პლენარული ნაწილის დასრულების შემდეგ კონფერენციამ მუშაობა ხუთ ძირითად სექციაში გააგრძელა, სადაც თემატიკა უაღრესად ფართო და მრავალფეროვანი იყო. ეკონომიკური თეორიის, მაკროეკონომიკის, სექტორული განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დემოგრაფიის სექციებში ათეულობით მნიშვნელოვანი მოხსენება მოისმინეს. აკადემიკოსმა ავთანდილ სილაგაძემ გლობალური ეკონომიკის თანამედროვე ტენდენციები მიმოიხილა, ხოლო გიორგი ბერულავამ ციფრული ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა – ხელოვნური ინტელექტით უზრუნველყოფილი სურსათის მიკვლევადობა და ციფრული მარკეტინგი წარადგინა. ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და მომხმარებელთა ქცევას შეეხნენ ნუგზარ თოდუა, ხათუნა ბერიშვილი, თათია ბრეგვაძე და გიორგი ღვალაძე.

ფინანსური სექტორისა და მცირე ბიზნესის გამოწვევები გააანალიზეს ეთერ კაკულიამ, ნანა ბიბილაშვილმა და თამარ თაფლაძემ, ხოლო მურმან კვარაცხელიამ სოციალური უსაფრთხოების სისტემურ პრობლემებზე ისაუბრა. ბიზნესის მართვისა და თეორიული ეკონომიკის ასპექტები წარმოადგინეს ლევან და ანი კიკილაშვილებმა, ქეთევან კიწმარიშვილმა (დროის მენეჯმენტის ისტორია), ილია (აზიკო) სისვაძემ (ცოდნის ეკონომიკა) და ფატი შენგელიამ (ლიდერობა და ემოციური ინტელექტი). მარინე ცუცქირიძემ და ზურაბ წერეთელმა კი ყურადღება მიკროეკონომიკურ სტაბილურობასა და მეწარმეობის როლზე გაამახვილეს. ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ  საინტერესო  მოხსენებებისა, რომელებიც კონფერენციაზე იყო წარმოდგენილი.

კონფერენციას წითელ ზოლად გასდევდა  მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის საკითხები, რომლებიც ქეთევან ჭიაბრიშვილის, შალვა კვეზერელის, რუსუდან დალაქიშვილის, ელენე ჩიქოვანისა და გიორგი ევგენიძის ნაშრომებში აისახა. დასაქმების, შრომის ბაზრისა და სოციალური სექტორის დინამიკა მიმოიხილეს გიორგი ხარშილაძემ, გიორგი ბრეგვაძემ, ლინა დათუნაშვილმა და მაია გოგოხიამ. საერთაშორისო მასშტაბი და გეოეკონომიკური ხედვა კიდევ უფრო განამტკიცეს ნატალია დავლაშერიძემ, შოთა თვაურმა, ლია დვალიშვილმა, სოფიო დავითაშვილმა, ციცინო თეთრაულმა, თეიმურაზ გოგოხიამ, დალი მაგრაქველიძემ, ვაგიფ მამადზადამ (Vagif Mammadzada), ზურაბ ნოზაძემ, ლაშა ტაბატაძემ და მარიამ ქეშელაშვილმა.

რეგიონული ჭრილი, ტურიზმი და ეკოლოგიური გამოწვევები კომპლექსურად გააანალიზეს ვახტანგ ბურდულმა, ვალერი არღუთაშვილმა, თურქან აჰმადოვამ (Turkan Ahmadova), მადონა გელაშვილმა, ასევე ნაზირა კაკულიამ, რევაზ კვატაშიძემ, გელა მაჩაიძემ, სოფიო გიგაურმა, გელა ლობჟანიძემ, მედეა მელაშვილმა, ნუნუ ქისტაურმა და ქეთევან ქველაძემ. კონფერენციის დასკვნით ნაწილში კი განსაკუთრებული ადგილი დაეთმო დემოგრაფიულ პოლიტიკასა და სოციალურ თემებს გვანცა ერისთავის, ლელა მენაბდიშვილის („სამუშაო და დედობა“), ნანა მენაბდიშვილის, მარიამ ოქრუაშვილის, გიორგი მიქელაძის, ანა ვარამაშვილისა და დავით ჭელიძის მოხსენებებში.

საერთაშორისო ფორუმის შეჯამებისას ითქვა, რომ კონფერენციამ უაღრესად ნაყოფიერად იმუშავა. წარმოდგენილი მოხსენებები არ შემოიფარგლა მხოლოდ არსებული რეალობის აკადემიური დიაგნოსტიკით – მეცნიერებმა გამოკვეთეს კონკრეტული, პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც მნიშვნელოვან სახელმძღვანელო ორიენტირად გამოდგება როგორც სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, ისე ბიზნესსექტორისთვის. სამეცნიერო დისკუსიებმა ნათლად აჩვენა, რომ ქართული ეკონომიკური სკოლა მზად არის, ღირსეულად უპასუხოს გლობალურ გამოწვევებს და საკუთარი ინტელექტუალური პოტენციალი ქვეყნის მდგრად განვითარებას მოახმაროს.

Facebook
Twitter
LinkedIn