გუგული მაღრაძის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თსუ-ში
ნაკლებად მოიძებნება საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანი, რომელიც არ იცნობს გუგული მაღრაძეს -მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ფსიქოლოგიის ქართული სკოლის ღირსეულ წარმომადგენელს, რომლის მრავალმხრივმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც აკადემიურ სივრცეში, ასევე ქართულ პოლიტიკურ რეალობაში.
მისი პროფესიული გზა მჭიდროდ უკავშირდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც მან, მრავალმხრივი განათლებისა და სისტემური მეცნიერული ინტერესების საფუძველზე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება 1976 წელს მოიპოვა, ხოლო დოქტორის ხარისხი 1993 წელს დაიცვა.
გუგული მაღრაძის სამეცნიერო მოღვაწეობა განსაკუთრებით გამოირჩევა სოციალური ფსიქოლოგიის სფეროში. მისი პირველი და ერთ-ერთი ცენტრალური კვლევითი თემა – კონფორმიზმის ფსიქოლოგია – ეყრდნობა დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიას. გუგული მაღრაძემ ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ კონფორმიზმი არ არის მხოლოდ ჯგუფის ზეწოლაზე ბრმა მორგება, არამედ ობიექტურ რეალობასთან ადაპტაციის ფორმაა. ამავე კონტექსტში მან, სოციალური გავლენის შესახებ დომინანტური წარმოდგენების გაანალიზების შემდგომ, დაასაბუთა, რომ გავლენის წყარო შეიძლება იყოს არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ უმცირესობაც, რაც მნიშვნელოვან თეორიულ გარდატეხას წარმოადგენს სოციალურ ფსიქოლოგიაში.
გუგული მაღრაძის კვლევების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია სოციალური სტერეოტიპების, ე.წ. სოციალური აქსიომების ეთნოკულტურული თავისებურებების შესწავლა. ამ მიმართულებით მან მონაწილეობა მიიღო 41-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებულ საერთაშორისო კვლევაში, რომლის შედეგებიც ფართოდ ციტირებულია მეცნიერებაში და ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ ითვლება კულტურათშორისი კომუნიკაციის საკითხებში.
1990-იანი წლებიდან გუგული მაღრაძე ინტენსიურად ჩაერთო კონფლიქტოლოგიის სფეროში. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ამ მიმართულებით აკადემიური სწავლების სტრუქტურას – შექმნა კონფლიქტების ანალიზისა და მართვის სასწავლო კურსი, მონაწილეობდა სახელმძღვანელოების შედგენასა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში. მისი ხელმძღვანელობით 2006 წლიდან დღემდე მოქმედებს თსუ-ს კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც ამ სფეროს კვლევისა და სწავლების წამყვან კერად ჩამოყალიბდა.
გუგული მაღრაძის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა ფართოდ გასცდა საქართველოს ფარგლებსაც. იგი იყო მოწვეული პროფესორი აშშ-ის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში, თანამშრომლობდა არაერთ უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებასთან.
თავისი მრავალმხრივი საქმიანობით, იგი არა მხოლოდ აკადემიურ და პოლიტიკურ სფეროში დამკვიდრებული ფიგურაა, არამედ ერთ-ერთი გამორჩეული ქალია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალთა უფლებების დაცვისა და გაძლიერების საქმეშიც. გუგული მაღრაძის ჩართულობას კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის კვლევის სფეროში მკაფიოდ აჩენს 2005 წელს გაეროს ქალთა ფონდის მხარდაჭერით გამოცემული წიგნი: „კონფლიქტი, გენდერი და მშვიდობის მშენებლობა“, რომელიც მის მნიშვნელოვან ნაშრომთა შორის არის მოხსენიებული.
გარდა აკადემიური წვლილისა, გუგული მაღრაძე, როგორც სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, მუშაობდა განათლებისა და კულტურის, გარემოს დაცვისა და ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე, რომლებშიც გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ინტეგრირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მისი მონაწილეობით შემუშავდა რამდენიმე კანონპროექტი, რომელიც ხელს უწყობდა ქალთა განათლებასა და მათ სამოქალაქო გააქტიურებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მცდელობა, გააერთიანოს კვლევა, განათლება და პოლიტიკური ინიციატივა ისე, რომ გაძლიერდეს ქალთა ხმა პოლიტიკასა და მეცნიერებაში.
გუგული მაღრაძის სახელი არაერთ მნიშვნელოვან წამოწყებას უკავშირდება, მათ შორის, თამბაქოს მოხმარების რეგულაციის გამკაცრებას. მისი უშუალო ჩართულობით და აქტიური მხარდაჭერით მოამზადეს და მიიღეს თამბაქოს კონტროლის კანონპროექტი, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა საქართველოს მიდგომა თამბაქოსთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე.
* * *
მიმდინარე წელი პროფესორ გუგული მაღრაძის საიუბილეო წელია და ამასთან დაკავშირებით თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტში არაერთი ღონისძიება ჩატარდა.
12 ივნისს გაიმართა PAX IBERIANA სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო ზონების ტრადიციასა და მისი მომავალში იმპლემენტაციის შესაძლებლობებს. ამ კონფერენციის თანაორგანიზატორები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტთან ერთად, იყვნენ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის კარტერის მშვიდობის და კონფლიქტის სკოლა, მაჰათმა განდის საზოგადოება ინდოეთიდან და ტორონტოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები. კონფერენცია გაიხსნა ბატონი რისმაგ გორდეზიანის სიტყვებით, რომელშიც ის საუბრობს „დინამიური შემოქმედების“ როლზე სტაბილური მშვიდობის დამყარებაში, მინოსური ცივილიზაციის პერიოდში.
კონფერენციაზე წაიკითხეს თანამედროვე კონფლიქტოლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის, ინგლისელი მეცნიერის ქრისტოფერ მიტჩელის მისასალმებელი სიტყვა. მან დიდი იმედი გამოთქვა, რომ სამხრეთ კავკასია ნეოლითური ტრადიციის აღდგენას მოახერხებს და იქცევა „პოზიტიური მშვიდობის“ ნამდვილ მაგალითად მთელი მსოფლიოსათვის.
სიტყვები წარმოთქვეს თსუ-ს კონფლიქტოლოგიის ცენტრის წარმომადგენლებმა, პროფესორმა გუგული მაღრაძემ და კონფლიქტოლოგიის დოქტორმა მარეხ დევიძემ.
კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებეით წარდგნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები: ტორონტოს უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ჯილ კარ ჰარისმა აღნიშნა, რომ ქართულ და სომხურ ტრადიციებში მშვიდობიან ცეკვის ფენომენს განსაკუთრებით დიდი როლი უჭირავს; ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ყოფილმა პროვოსტმა და პროფესორ ემერიტუსმა ჯული ქრისტენსენმა ხაზი გაუსვა ქართული კრეატიული ტრადიციის ახლობლობას მსოფლიოს გილანურ და მშვიდობიან კულტურასთან; კარტერის სკოლის წარმომადგენელმა რიჩარდ რუბინშტაინმა აღნიშნა, რომ საქართველოს გააჩნია იმპერიალიზმთან ბრძოლის საკმაოდ მდიდარი ტრადიციები და ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მოღვაწეობისას.
კონფერენციამ, საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, მაღალი სამეცნიერო დონე აჩვენა. გადაწყდა, რომ, რისმაგ გორდეზიანის იდეის მიხედვით, რეგულარულად ჩატარდეს სამშვიდობო სამეცნიერო კონფერენციები ამ თემაზე.
* * *
18 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუგული მაღრაძის იუბილეს კიდევ ერთი კონფერენცია მიეძღვნა. მისასალმებელ გამოსვლაში უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მოკლედ მიმოიხილა პროფესორ გუგული მაღრაძის საქმიანობა აკადემიურ და პოლიტიკურ ასპარეზზე და წარმატებები უსურვა მას. იუბილარს ასევე მიესალმნენ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სალომე დუნდუა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მზია წერეთელი, პროფესორი რევაზ ჯორბენაძე, პროფესორი რევაზ ქვარცხავა, ყოფილი პარლამენტარები ენძელა მაჭავარიანი, ელისო ჩაფიძე და სხვები. დამსწრე საზოგადოებამ მოუსმინა უცხოელი კოლეგების ვრცელ მისალმებებსაც. მათ განსაკუთრებით გამოკვეთეს კოლეგებისა და სტუდენტებისადმი მუდმივი კეთილგანწყობა და ის პოზიტიური ენერგია, რომელიც ქალბატონ გუგული მაღრაძესთან მუშაობის დროს ყოველთვის იგრძნობა.

საიუბილეო კონფერენციის მეორე ნაწილი მიეძღვნა სამეცნიერო მოხსენებებს. კონფერენციის ძირითადი თემა იყო „კონფლიქტები ცვალებად გეოპოლიტიკურ სივრცეში“, რომლის შესახებაც კვლევის შედეგები წარმოადგინეს: პროფესორმა არჩილ გეგეშიძემ („ტრანსფორმირებული კონფლიქტი: თავისებურებები და სარგებელი“); თსსუ-ს ფსიქოლოგიური განწყობის კვლევისა და კორექციის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ საყვარელიძემ („კონფლიქტი, როგორც ცვალებად გარემოში შექმნილი განწყობის შედეგი“); პროფესორმა რევაზ ჯორბენაძემ („გადაწყვეტილებისა და კონსენსუსის მიღწევის შინაგანი რესურსი“); ასოცირებულმა პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ („სამხედრო კონფლიქტების ტრანსფორმაცია პოსტ ბიპოლარული წესრიგის პირობებში“); ასისტენტ-პროფესორმა ლაშა ტუღუშმა („პოპულიზმი კონფლიქტების ახალი წყარო“).
საიუბილეო კონფერენცია დასრულდა შემაჯამებელი ნაწილით, სადაც ითქვა, რომ გუგული მაღრაძე არის მეცნიერი, რომლის აკადემიურმა მიღწევებმა მნიშვნელოვნად გაამდიდრა ქართული ფსიქოლოგიის თეორია და პრაქტიკა. მისი სახელით არის გაჟღერებული არაერთი ინოვაციური იდეა სოციალურ ფსიქოლოგიაში, ხოლო კონფლიქტოლოგიისა და განათლების პოლიტიკის სფეროში განხორციელებული საქმიანობა ღირებული წვლილია როგორც აკადემიური საზოგადოების, ისე ქვეყნის განვითარებისთვის.
