„უჩვეულო სკოლა“

თარიღი: 2026-05-14 18:55:56

8 მაისს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „ლიტერატურული კონცეპტები და სხვა…“, რომელიც ცნობილი ქართველი მეცნიერების: ლაურა გრიგოლაშვილის, რევაზ სირაძისა და გრივერ ფარულავას დაბადებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონფერენცია გაიხსნა გამოფენით, რომელზეც წარმოდგენილი იყო ლაურა გრიგოლაშვილის, რევაზ სირაძისა და გრივერ ფარულავას პირადი ნივთები, ხელნაწერები, ფოტოები, სამეცნიერო მასალები და მათ ცხოვრებასთან დაკავშირებული უნიკალური ექსპონატები.

ღონისძიების მონაწილეებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე მიესალმა. მისი თქმით, ლაურა გრიგოლაშვილი, რევაზ სირაძე და გრივერ ფარულავა უნივერსიტეტში ყოველთვის ერთ მთლიანობად აღიქმებოდნენ: „ეს სამი ადამიანი ყოველთვის ერთად განიხილებოდნენ საუნივერსიტეტო საზოგადოებაში. ისინი კურსელები იყვნენ და უნივერსიტეტში ჩარიცხვის დღიდან განუყრელ სამეულად დარჩნენ“, – აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ. მან მადლობა გადაუხადა გამოფენის ორგანიზატორებს, განსაკუთრებით კი კოორდინატორს, თსუ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებისა და დროებითი გამოფენების კურატორს მანანა ლილუაშვილს.

გამოფენაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო გრივერ ფარულავასა და რევაზ სირაძის მოგზაურობებს. ექსპოზიციაში წარმოდგენილი ფოტომასალა ასახავდა მათ ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის, ტაო-კლარჯეთში, სადაც ისინი ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას იკვლევდნენ.

„ეს გამოფენა კიდევ ერთელ გვახსენებს, რომ ჩვენ გვერდით დადიოდნენ და ცხოვრობდნენ ადამიანები და დღესაც ცხოვრობს ქალბატონი ლაურა, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებდნენ და განსაკუთრებულ ხიბლს სძენდნენ“, – აღნიშნა დასასრულ დარეჯან თვალთვაძემ.

* * *

სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ლაურა გრიგოლაშვილის, რევაზ სირაძისა და გრივერ ფარულავას დაბადებიდან  90 წლის იუბილეს მიეძღვნა, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა. სხდომა გახსნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ კონფერენციით უნივერსიტეტს და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს შესაძლებლობა მიეცა – მადლიერება გამოეხატა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც არაერთი თაობის პროფესიულ და პირად ცხოვრებაზე წარუშლელი კვალი დატოვეს. „არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი სიცოცხლითა და საქმიანობით გამორჩეულები არიან. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც სხვებსაც ანათებენ, საკუთარ ნათელს უზიარებენ. ჩვენთვის ასეთი ბრწყინვალე სამეულია ლაურა, რეზო და გრივერი. სანამ ჩვენ გვერდით იყვნენ – უნივერსიტეტის დერეფნებში, აუდიტორიებში, ქუჩაში, მეგობრებთან თუ სუფრის თამადად – გვასწავლიდნენ და გვმოძღვრავდნენ, როგორი უნდა იყოს მეცნიერი, პედაგოგი და ადამიანი“, –  თქვა მან.

კონფერენციის მონაწილეებს მიმართა აკადემიკოსმა ელგუჯა ხინთიბიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ სამეულმა ქართულ მეცნიერებაში სრულიად ახალი ხედვა დაამკვიდრა. „არ შეიძლება განსაკუთრებული სითბოთი არ გაიხსენო ეს ადამიანები და ამავე დროს არ გრძნობდე, რა სიდიადე მოიტანეს მათ ჩვენს უნივერსიტეტსა და მეცნიერებაში“, – აღნიშნა მან და მოკლედ მიმოიხილა ის სამეცნიერო მემკვიდრეობა, რომელიც ლაურა გრიგოლაშვილმა, გრივერ ფარულავამ და რევაზ სირაძემ დაუტოვეს მომავალ თაობას. მისი თქმით, ლაურა გრიგოლაშვილის ბოლო წიგნი – „ლიტერატურული კონცეპტები და სხვა…“, რომელიც გადმოტანილია სამეცნიერო კონფერენციის სათაურში, მთლიანად ასახავს იმ ინტელექტუალურ სამყაროს, რომელსაც მეცნიერი ქმნიდა. მან განსაკუთრებით გამოყო ნაშრომი „დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი“, რომელსაც „მცირე მოცულობის, მაგრამ მეცნიერულად ყოვლისმომცველი კვლევა“ უწოდა. აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე ასევე შეეხო გრივერ ფარულავას როლს ქართული აგიოგრაფიის ახლებური გააზრების პროცესში. მისი თქმით,  ერთ-ერთმა პირველმა სწორედ გრივერ ფარულავამ დაამკვიდრა მოსაზრება, რომ ქართული აგიოგრაფია არა მხოლოდ ისტორიული, არამედ მაღალმხატვრული ლიტერატურაა. რევაზ სირაძის შესახებ მან აღნიშნა, რომ მისმა კვლევებმა  ქართული აგიოგრაფიის შესწავლა ახალ ეტაპზე აიყვანა: „რეზო სირაძემ შექმნა ხედვა, როგორ უნდა დაინახო ეს ლიტერატურა. მან ქართულ სამეცნიერო სივრცეში დაამკვიდრა ტერმინი „სახისმეტყველება“ და სრულიად ახალი მეთოდოლოგია მოიტანა“.

დიდი მეცნიერების შესახებ ისაუბრეს ასევე ფილოლოგიის დოქტორებმა: ივანე ამირხანაშვილმა, ლია კარიჭაშვილმა, ნანა ქირიამ, ნანა გონჯილაშვილმა და ქეთევან გვაზავამ.

გრივერ ფარულავას ქალიშვილმა, თამთა ფარულავამ სხდომაზე გამოსვლისას ერთგვარი მხატვრული ტილო დახატა, რომელშიც მამის და მის მეგობართა სახეები აირეკლა. მათ ერთობას ქალბატონმა თამთამ „უჩვეულო სკოლა“ უწოდა:

სუფრა, რომელზეც განათლების, სულიერებისა და ზნეობის პურიც რიგდებოდა

“უპირველესად, მადლობას მოგახსენებთ მამაჩემისა და მისი კოლეგების ნაშრომ-ნაღვაწის გახსენებისა და დაფასებისათვის! მადლობა ჰუმანიტარულ ფაკულტეტს, უკლებლივ ყველას, ვინც იზრუნა და იშრომა კონფერენციისა და გამოფენის  ორგანიზებისათვის!

მე იმ თაობის უნივერსიტეტელთა შვილი ვარ,  სასწავლებლის დამაარსებელთა მემკვიდრეებად რომ მოვიდნენ ამ კედლებში. ეს საპასუხისმგებლო განცდა მემკვიდრეობისა უბრალო დეტალებშიც იგრძნობოდა: ჩვენთან,  წიგნის თაროზე, ბაბუაჩემის პორტრეტის გვერდით კორნელი კეკელიძის ფოტო იდო, მამაჩემის საწერი მაგიდის უჯრაში კი საგულდაგულოდ  იყო შენახული  მისი სტუდენტური ნაშრომები, რომელთაც კორნელი კეკელიძის,  გრიგოლ კიკნაძისა თუ სხვათა ძვირფასი მინაწერები შერჩენოდათ; ზოგადად, მამები ცდილობდნენ, ეპატრონათ და ახალი, მკვიდრი სართული დაეშენებინათ დანატოვარისთვის, ცდილობდნენ, წინაპრების საგანმანათლებლო კერებზე დანთებულ ცეცხლის ალს ჩვენამდეც მოეღწია.

ალბათ ამიტომაც არსებობდა ჩვენს ყოფაში ერთი უცნაური სკოლა, რომლის სასწავლო პროცესი, ძირითადად, ჩვენი სახლების სასადილო ოთახებში იმართებოდა. მამებს სჯეროდათ, რომ პურობის ქართული ტრადიცია, თავისი უმაღლესი მისიით, ღვთისმსახურებას უნდა მიმსგავსებოდა და ამიტომაც იყო, რომ ამგვარ სუფრებზე  ჩვეულებრივი კერძების გვერდით ყოველთვის  განათლების, სულიერების, ზნეობის პური რიგდებოდა – ქართული ცოცხალი მრავალხმიანობით გაჯერებულ-გამტკიცული.   ჯერ კიდევ მესმის  ნათლიაჩემის, ბაჩანა ბრეგვაძის,  ხმადაბალი განსჯანი, რომელიც კარგა ხანს გვიტოვებდა საფიქრალს;  მახსოვს, ამ საუბარს მეხსიერებაში ასე ულევად  შენახულ  ანეკდოტებსაც  გაურევდა ხოლმე; მახსოვს რეზო სირაძისეული უნიკალური ნაზავი ამაღლებულისა და იუმორისტულისა, რომელიც მისივე სიმღერასთან ერთად  სულ უფრო მშობლიური ხდებოდა ჩემთვის; მახსოვს იურა ჯაფარიძის შაირივით სხარტი და უბრალო სიტყვა, ლაურა გრიგოლაშვილის ღიმილიანი, მსუბუქი რეპლიკები. მათი საუბარი ხშირად ხმამაღლა ფიქრს წააგავდა, უპასუხო კითხვებს აჩენდა. მამაჩემს უყვარდა გალაკტიონისა თუ ნიკო სამადაშვილის, გურამიშვილისა თუ ანას ლექსების წაკითხვა სუფრასთან. კავთისხევის ჩვენეულ ეზოში, კაკლის ხის ძირას, ჭიქა ღვინოსთან, ქართულ ფოლკლორს გვიცოცხლებდა ვახუშტი კოტეტიშვილი, ლექსს წერდა თამაზ ჩხენკელი.  ამ სუფრებზე სვამდნენ რუსთველის დედისა თუ არაბი ავთანდილის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა თუ ოთარაანთ ქვრივის სადღეგრძელოებს; განიხილებოდა იმ დროისათვის არცთუ უსაფრთხო საკითხები ბიბლიის, საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობისა თუ 30-იანი წლების რეპრესიების შესახებ.

შვილებს გვეგონა, რომ პურობის ეს საღამოები, უკეთესი საქართველოს იმედს რომ ატარებდა,  ყველა ლხინის ჩვეულებრივი, აუცილებელი ნაწილი უნდა ყოფილიყო, თანაც – სამუდამოდ.

ახლაღა ვხედავ, რომ პურობა კი არა, ეს იყო ღირსეულ ადამიანად ყოფნის სკოლა, რომელშიც, მშობლების წყალობით,   ყველა დროის უსაჩინოესი  პედაგოგები გვასწავლიდნენ: პლატონი თუ რუსთაველი, იაკობ ხუცესი თუ ნეტარი ავგუსტინე, ვაჟა თუ ფრანსუა ვიიონი.  ამ სკოლის „ტრაპეზი“, უპირველესად, სულიერი სიჯანსაღისა და მხნეობისათვის  გვაძლევდა საზრდოს, ცხოვრებისეული ქარტეხილებისათვის გვამზადებდა.

ეს უჩვეულო სკოლა იმ ადამიანებს გაჰყვა, ნელ-ნელა რომ გაიკრიფნენ  სუფრიდან, ვფიქრობ, რომ მათ შეძლეს, უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მიერ ანთებული სინათლე  ჩვენამდე მოეტანათ.

მადლობა მათ ამ სიკეთისათვის!”- აღნიშნა თავის გამოსვლაში თამთა ფარულავამ.

კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებათა დედააზრი

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, კავკასიის უნივერსიტეტის, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მეცნიერ-მკვლევრები. წარმოდგენული იყო 14 მოხსენება. ჩვენ გამოვყოფთ იმ ნაშრომებს, რომლებიც ლაურა გრიგოლაშვილის, რევაზ სირაძისა და გრივერ ფარულავას მოღვაწეობასუკავშირდება.

ნანა გონჯილაშვილმა წარმოადგინა ლაურა გრიგოლაშვილის მონოგრაფიის – „ლიტერატურული კონცეპტები და სხვა“ – მიმოხილვა. მან აღნიშნა, რომ ლაურა გრიგოლაშვილის მონოგრაფია აერთიანებს ავტორის მრავალწლიან სამეცნიერო და პედაგოგიურ გამოცდილებას და მოიცავს ქართული ლიტერატურისა და კულტურის მნიშვნელოვან საკითხებს სხვადასხვა ეპოქისა და მიმართულების მიხედვით. ნაშრომში განხილულია როგორც ძველი და ახალი ქართული მწერლობის ესთეტიკური და მსოფლმხედველობრივი პრობლემები, ისე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ,,მონოგრაფია წარმოაჩენს ავტორის ჰუმანისტურ და ქრისტიანულ ღირებულებებს, მეცნიერებისადმი ერთგულებას და მომავალ თაობებზე ზრუნვას“, – ასკვნის ნანა გონჯილაშვილი.

ქეთევან სირაძის მოხსენება – „წმინდა ნინოს ცხოვრება“, როგორც უძველესი ქართული ნაწარმოები“ – განიხილავს რევაზ სირაძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ქართული მწერლობის დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ „წმინდა ნინოს ცხოვრება“, რაც მომხსენებლის აზრით, ქართული კულტურის ბიბლიურ და სამოციქულო საფუძვლებს უსვამს ხაზს. არგუმენტებად მოყვანილია ისტორიული ცნობები, ლიტურგიკული ტრადიციები, ადრეული ტექსტური ფენები და „წმინდა ნინოს ცხოვრების“ რედაქციებში დაცული მთხრობელთა სანდოობა, რაც ნაწარმოების ადრეულ წარმოშობაზე მიუთითებს. დასასრულ, ნაშრომი ამტკიცებს, რომ ამ ხედვის მიღება მნიშვნელოვანია ქართული მწერლობის დასათარიღებლად და მისი სულიერი-კულტურული მნიშვნელობის გასააზრებლად.

ეკა ჩიკვაიძემ მოსხენებაში – „გრივერ ფარულავა და ძველი ქართული პროზის ესთეტიკური რეაბილიტაცია“ – აღნიშნა, რომ გრივერ ფარულავას ნაშრომმა „მხატვრული სახის ბუნებისათვის ძველ ქართულ პროზაში“ ახალი ეტაპი შექმნა ქართული ჰაგიოგრაფიისა და ძველი პროზის კვლევაში, სადაც ტექსტი განიხილება როგორც ესთეტიკური და ფილოსოფიური სისტემა და არა მხოლოდ ისტორიული წყარო. ავტორი აჩვენებს, რომ ძველ ქართულ მწერლობაში მხატვრული სახე არის სულიერი რეალობის სიმბოლო, ხოლო ისტორიული ფაქტი გარდაიქმნება ესთეტიკურ სიმართლედ და ინტერპრეტაციად. ფარულავას კვლევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შინაგან ხილვას, პერსონაჟის სულიერ ტრანსფორმაციასა და იერარქიულ მხატვრულ სტრუქტურებს, რითაც საფუძველი ჩაუყარა ტექსტის თანამედროვე, ფილოსოფიურ ანალიზს.

ლელა ხაჩიძის მოხსენება – „საეტაპო ნაშრომი დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანის“ კვლევაში“ – განიხილავს დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანს“, როგორც მეფისა და წმინდანის სულიერ აღსარებასა და ქართული ჰიმნოგრაფიის უმნიშვნელოვანეს ნიმუშს. ლაურა გრიგოლაშვილის კვლევაზე დაყრდნობით ნაჩვენებია ტექსტის ხელნაწერული ტრადიცია, სახისმეტყველებითი ანალიზი და მისი მსოფლმხედველობრივი კავშირები ეკლესიის მამათა მოძღვრებასთან. მისი აზრით, ლაურა გრიგოლაშვილის ნაშრომი ხაზს უსვამს „გალობანის“ ფილოსოფიურ-თეოლოგიურ კონტექსტს და მის მნიშვნელობას ქართული სასულიერო მწერლობის კვლევისთვის.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო, ასევე, თამარ ავდალიანის ნაშრომი  – „სინანულის სათნოების გამოვლენა„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით“; ცირა ბარამიძის კვლევა – „კავკასიის სივრცისა და ეთნიკური სამყაროს ლიტერატურული კონცეპტუალიზაცია ქართულ ჰაგიოგრაფიაში“; ია გრიგალაშვილის კვლევა – „ოთხის სიმბოლიკის განმარტებისათვის ქართულ ფოლკლორსა და „წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“; ეკა ვარდოშვილის ნაშრომი – „ილია ჭავჭავაძის წერილი „წმინდა ნინო“;  ნინო პოპიაშვილის ნაშრომი – „პროზელიტი პერსონაჟების პერსონიფიცირების საკითხისათვის უცნობი ავტორის „ევსტათი მცხეთელის მარტვილობისა“ და იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამების“მიხედვით“; თამარ შარაბიძის ნაშრომი – „მიტევებისა და მტრის სიყვარულის მოტივი ქართულ ლიტერატურაში“; ქეთევან მამასახლისის მოხსენება – „კლდის ძეგლები საქართველოში და ვაჰანის ქვაბთა განგება“; ხათუნა ნიშნიანიძის ნაშრომი „ერთი ბიბლიური პარადიგმა და ეროვნული იდენტობის საკითხი შუა საუკუნეების ქართულ მწერლობაში: ანა ლეთოდიანის ნაშრომი „ლიმინალობის თეორია და პერსონაჟის ტრანსფორმაცია (ვაჟა-ფშაველას პოემების მიხედვით)“კოლექტიური მეხსიერების კონცეფციის ჭრილში“; ელენე გოგიაშვილის კვლევა: „სმენად მხეცნი მოვიდიან“: შუა საუკუნეების ლიტერატურული ექო ხალხურ ზღაპარში“.

Facebook
Twitter
LinkedIn