საიუბილეო ღონისძიებები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

თარიღი: 2023-02-09 12:54:50

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეს ფარგლებში, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა არაერთი ღონისძიება გამართა, რომელმაც ფაკულტეტის საქმიანობა სრულად და შთამბეჭდავად წარმოაჩინა.      

7 თებერვალს,  აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის საერთო ხელმძღვანელობით თარგმნილი წიგნის – ლარი ნილისა და რონდო კამერონის „მსოფლიოს მოკლე ეკონომიკური ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართა.

ქართულ ენაზე ამ მიმართულებით  გარკვეული ლიტერატურა არსებობს, მაგრამ ისინი ეკონომიკური ისტორიის კომპლექსურად შესწავლისათვის არასაკმარისია.  თსუ-ს საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის აკადემიური   პერსონალი გაეცნო   დღეს არსებულ უცხოურ ლიტერატურას და არჩევანი  მსოფლიოში ცნობილ პოპულარულ სახელმძღვანელოზე შეაჩერა, რომელიც   ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოიცა.  

წიგნის პრეზენტაციას   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე უძღვებოდა. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი. მათ ვრცლად ისაუბრეს აღნიშნული სახელმძღვანელოსა და  მსოფლიოში ცნობილი უცხოელი ავტორების სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის მნიშვნელობაზე. 

„მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ახალგაზრდამ  იმ სახელმძღვანელოებით ისწავლოს, რომლებითაც პრესტიჟულ, მაღალრეიტინგულ უცხოურ უნივერსიტეტებში ასწავლიან. წიგნი „მსოფლიოს მოკლე ეკონომიკური ისტორია“, შეიძლება ითქვას, რომ გამოსვლის დღიდან ჩემი სამაგიდო წიგნია  და ამას მოვუწოდებ ჩემს კოლეგებსაც. წიგნი საშუალებას გვაძლევს უფრო კომპლექსურად დავინახოთ  – თუ რა გზა გაიარა კაცობრიობამ დღემდე და რა პრობლემების წინაშე იდგა.

წიგნის გამოცემაში საკმაოდ დიდი შრომაა ჩადებული, როგორც წიგნის სამეცნიერო და მთავარი რედაქტორის, ისე სარედაქციო კოლეგიის მხრიდან. წიგნი მნიშვნელოვანია  ეკონომიკური ტერმინოლოგიის განვითარების მხრივაც. მართლაც დიდი საქმე გაკეთდა  ჩვენი სტუდენტების  ხარისხიანი სწავლებისთვის!“ – განაცხადა წიგნის რედკოლეგიის წევრმა, პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ, რომლებმაც კოლეგებს მიულოცა და  წარმატებები უსურვა მთარგმნელობითი საქმიანობის მიმართულებით.

პროფესორმა ელგუჯა მექვამიშვილმა კოლეგებს  თსუ-ს საიუბილეო თარიღი მიულოცა და  წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „წიგნი არა მარტო სტუდენტებისთვის, არამედ ყველა ეკონომისტისთვის  საინტერესო და ინფორმატიულია.  მნიშვნელოვანია ასეთი საერთაშორისო სტანდარტის მქონე სახელმძღვანელოს თარგმნა და გამოცემა.   ეს არ არის ეკონომიკური ისტორიის ჩვეულებრივი სახელმძღვანელო, ასე ვთქვათ, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ეს არის ეკონომიკურ-ისტორიული ხასიათის ნაშრომი, ეკონომიკის ისტორიის თეორიის სახელმძღვანელო,  რომელიც არა მარტო ეკონომიკურ, ინსტიტუციურ განვითარებაზეც საუბრობს. წიგნი სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი  და იგი უნივერსალურია თავისი ხასიათით“, – აღნიშნა  პროფესორმა ელგუჯა მექვაბიშვილმა,  რომელმაც ხაზი გაუსვა მთარგმნელების თავდაუზოგავ შრომას და მონდომებას.         

წიგნის სამეცნიერო და მთავარმა რედაქტორმა, აკადემიკოსმა ავთანდილ სილაგაძემ  უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღი მიულოცა კოლეგებს და ფართოდ მიმოიხილა წიგნზე მუშაობის პროცესი.   მან დიდი მადლობა გადაუხადა თარგმანსა და რედაქტირებაზე მომუშავე ჯგუფს ასეთი ღირებული და შრომატევადი საქმის წარმატებით დასრულებისთვის. მან დიდი მადლობა გადაუხადა ასევე ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას აქტიური მხარდაჭერისათვის.

 „ეკონომიკური ისტორიის კურსის სწავლებას იმთავითვე დიდ ყურადღებას უთმობდა დიდი ივანე ჯავახიშვილი. ეკონომიკური ისტორიის სწავლება, სამწუხაროდ,  15 წლის მანძილზე შეწყვეტილი იყო ფაკულტეტის ბაკალავრიატში, მაგრამ დღეს იგი უკვე აღდგენილია  და ეს კურსი შეტანილ იქნა აკრედიტებულ ახალ სასწავლო პროგრამაში“, – განაცხადა აკადემიკოსმა ავთანდილ სილაგაძემ, რომელიც კოლეგებთან ერთად სამი წლის მანძილზე მუშაობდა წიგნზე, რომელსაც მაღალკვალიფიციური სარედაქციო კოლეგია ჰყავს. „შევეცადეთ გვერდები ორიგინალს დამთხვეოდა, შეგვენარჩუნებინა ერთიანი ტერმინოლოგიული მიდგომები და სხვ“, – აღნიშნა აკადემიკოსმა  ავთანდილ სილაგაძე.

. . .

პრეზენტაციის პარალელურად, უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, ასევე გაიმართა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე საიუბილეო ალბომის პრეზენტაცია, ფაკულტეტის ისტორიის ამსახველი (ფოტოები, დოკუმენტები და ა.შ.) მუდმივმოქმედი გამოფენის გახსნა და ბოლო 5 წლის განმავლობაში თარგმნილი და გამოცემული სახელმძღვანელოების გამოფენა.

საიუბილეო ალბომი თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის და მისი კათედრების ისტორიასა და საქმიანობაზე მოგვითხრობს, ხოლო მუდმივმოქმედ გამოფენაზე წარმოდგენილია უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დამაარსებლებისა და პროფესორ-მასწავლებლების ფოტოსურათები და საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები.  „ჩვენს მუდმივმოქმედ  ექსპოზიციაში არის  ივანე ჯავახიშვილის მიერ ხელმოწერილი  საეკონომიო დარგის პირველი სასწავლო  გეგმა, სადაც ორი ძალიან მნიშვნელოვანი საგანია: საეკონომიო მოძღვრებათა ისტორია და  საქართველოს ეკონომიკური ისტორია. სასიამოვნო და მისასალმებელია რომ ეს ტრადიცია დღესაც ღირსეულად გრძელდება“, – განაცხადა   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო რამდენიმე ათეული  სახელმძღვანელო: „თანამედროვე შრომის ეკონომიკა (რონალდ ჯ. ერენბერგი, რობერტ ს. სმიტი); „საერთაშორისო ეკონომიკა“ (ლინდა გოლდბერგი, მაიკლ კლეინი და  ჯეი შამბაუფი); „სტრატეგიული მენეჯმენტი“ (ფრედ რ. დევიდი, ფორესტ რ. დევიდი), „მენეჯმენტი“ (რობინსი კოულტერი); „საერთაშორისო ეკონომიკა“ (კრეგმანი, ობსტფელდი, მელიტცი); და სხვა, რომლებიც სტუდენტებისათვის მომზადდა ან ითარგმნა უნივერსიტეტის პროფესორების მიერ.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მომავალშიც გაგრძელდება მსოფლიოში აღიარებული ავტორების სახელმძღვანელოების თარგმნა და გამოცემა.

ღონისძიებებს  ესწრებოდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, ფაკულტეტის პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.  

Facebook
Twitter
LinkedIn