გოჩა ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება

თარიღი: 2023-03-27 20:37:31

ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელის, მეცნიერის, აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსის, არაბისტის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის  გოჩა ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება და წიგნის – ,,ძიებანი საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში” (ტ.2)  პრეზენტაცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

წიგნში განხილულია საქართველოსა და ისლამური სამყაროს პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორიის საკითხები ქართული და აღმოსავლური ნარატიული, ეპიგრაფიკული, დოკუმენტური და ნუმიზმატიკური წყაროების საფუძველზე. აქ წარმოდგენილი კვლევები, რომლებზეც ავტორი მრავალი წელი მუშაობდა, ერთი ხაზითაა გაერთიანებული და თემატურად დაჯგუფებული: არაბობა საქართველოში, ეგვიპტის მამლუქები და საქართველო, ქართველები წმინდა მიწაზე, ისლამური და ქართული ნუმიზმატიკა და მეტროლოგია, რეცენზიები.

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, აკადემიური წრის წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.  

პროფესორ  გოჩა ჯაფარიძის სამეცნიერო მოღვაწეობისა და ცხოვრების გზა  საკმაოდ შთამბეჭდავი და მასშტაბურია.  ის იყო   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი,  თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობისა და ჰუმანიტარული ფაკულტეტების დეკანი, 1998-2010 წლებში საქართველოს საელჩოს დესპანი ეგვიპტეში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითსა და სპარსეთის ყურის 5 ქვეყანაში (საუდის არაბეთი, კატარი, ბაჰრეინი, ომანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები), საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტესა და სირიაში.  

მეცნიერის  დიდ სიყვარულსა და პატივისცემას ადასტურებს ის ფაქტი, რომ თსუ-ს მუზეუმი, სადაც ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, გადაჭედილი იყო  კოლეგებითა და მოსწავლეებით, რომლებიც საოცარი გულწრფელობითა და სითბოთი გამოხატავდნენ სიყვარულს და პატივისცემას  დიდი მეცნიერის მიმართ.  ეს ღონისძიება  იყო მაგალითი  მეცნიერის ნაყოფიერი შრომის დაფასებისა და  აღიარებისა, მოსწავლეების გულწრფელი  სიყვარულისა და მადლიერებისა, რომელიც  ორივე მხარის – პედაგოგისა და  შეგირდის  წარმატებული მოღვაწეობის  საუკეთესო  სტიმულატორია. 

„გოჩა ჯაფარიძე იყო ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ფართო მასშტაბის მეცნიერი, საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის საკვანძო პრობლემათა მკვლევარი. დღეს წარმოდგენილი წიგნი მრავალი კუთხით წარმოაჩენს იმ ისტორიას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აღმოსავლეთის ქვეყნებს, საქართველოს მომიჯნავე ქვეყნებს საქართველოსთან აკავშირებდა.  არაბულ წყაროებზე დაყრდნობით, წიგნში წარმოდგენილია მრავალი ახალი მიგნება. ეს არის წიგნი, რომელიც საინტერესოა როგორც მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის, აგრეთვე ძალიან საინტერესო და საჭიროა სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ ისტორიას.  გოჩა ჯაფარიძის სამეცნიერო მემკვიდრეობა კიდევ მრავალი წელი იქნება  აქტუალური და  ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, მკვლევრებისთვის  საფუძველი და  ინსპირაცია შემდგომი ახალი კვლევებისა“, -განაცხადა  თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანმა,   პროფესორმა ნანა  გაფრინდაშვილმა.  

თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა  ჯაბა სამუშიამ  დიდი მეცნიერის მოღვაწეობა ასე შეაფასა და „ძიებანი“-ს მე-3 ტომის  გამოცემაც დააანონსა, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს. „ბრწყინვალე და სამაგალითო მეცნიერმა  გოჩა ჯაფარიძემ შექმნა  ეპოქა ქართულ მეცნიერებაში. მას ჰქონდა და აქვს ისეთი დონის მეცნიერული ნაშრომები, რომლებიც ყველა აღმოსავლეთმცოდნისათვის სამაგიდო წიგნებია.  „ძიებანი“-ს  მე-2 ტომი არის ნაშრომი, რომელიც  ხელს შეუწყობს ახალი ისტორიული პრობლემატიკის გამოკვეთას და ნათელს მოჰფენს მთელ რიგ საკითხებს საქართველოსა და ისლამური სამყაროს ურთიერთობაში, რაც მხოლოდ ზრდის ნაშრომის სამეცნიერო თუ პრაქტიკულ მნიშვნელობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ საოცარი წიგნის გამოცემას და  ვიმედოვნებ, რომ  წიგნის მე-3 ტომსაც გამოვცემთ თსუ-ს მონაწილეობით, ეს ვალდებულება გვაქვს   ბატონი გოჩას წინაშე!“- განაცხადა  თსუ-ს რექტორმა, პროფესორმა  ჯაბა სამუშიამ, რომელმაც  დიდი მადლობა გადაუხადა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს მხარდაჭერისათვის.

მოწაფეები და უფროსი კოლეგები განსაკუთრებით აღნიშნავდნენ პროფესორ გოჩა ჯაფარიძის  ღრმა განსწავლულობასა და მეცნიერული მუშაობის  განსაკუთრებულ ნიჭს. ის  გახლდათ ფართო ერუდიციისა და მასშტაბური აზროვნების მეცნიერი, მეცნიერული კეთილსინდისიერებითა და ეროვნული ფენომენისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამორჩეული ადამიანი.

ღონისძიებაზე მთავარი მოხსენებით გამოვიდა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის პროფესორი  ნანი  გელოვანი:

„გოჩა ჯაფარიძის შრომები ქართველოლოგიაში ემყარება არაბულ წყაროებს, რომლებიც კრიტიკულადაა შეჯერებული ქართული და სხვა აღმოსავლური (სპარსული, სირიული, სომხური) წყაროების მონაცემებთან. არაბულ ქვეყნებში ხანგრძლივმა მივლინებებმა მას საშუალება მისცა გასცნობოდა შუა საუკუნეების არაბული ისტორიული, გეოგრაფიული, ბიოგრაფიული და გენეალოგიური ჟანრის პრაქტიკულად თითქმის ყველა გამოცემულ თხზულებას და ხელნაწერებსაც; მან სამეცნიერო მიმოქცევაში შემოიტანა ქართული ისტორიოგრაფიისთვის უცნობი მრავალი არაბი მემატიანე, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი ცნობები შუა საუკუნეების საქართველოს შესახებ, წარმოაჩინა VIII-XIV სს. თბილისელ და დმანისელ მუსლიმთა როლი არაბულ-ისლამური კულტურის განვითარებაში“, – განაცხადა   პროფესორმა ნანი გელოვანმა, რომელმაც  მკვლევრის რამდენიმე ძირითად მონოგრაფიაზეც ისაუბრა ქართველოლოგიაში და აღნიშნა, რომ „გოჩა ჯაფარიძის  უკლებლივ ყველა ნაშრომში ჩანს სიახლის ძიება, მძლავრი წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული ბაზა, მომიჯნავე დისციპლინების მონაცემთა ღრმა ცოდნა. მას ახასიათებდა მკაცრი აკადემიზმი, სიზუსტე, მეცნიერული სიფრთხილე და თავდაჭერილობა სამეცნიერო კამათსა და დასკვნების გამოტანაში. მას ჰქონდა უნიკალური ლინგვისტური და საარქივო მასალებთან მუშაობის უნარ-ჩვევები და გამოცდილება.“ ნანი გელოვანმა  დიდი მეცნიერის პედაგოგიურ ღვაწლზეც  ისაუბრა:   

 „განსაკუთრებით აღსანიშნავია გოჩა  ჯაფარიძის ღვაწლი ახალგაზრდა თაობების აღზრდაში. ის გამოირჩეოდა გასაოცარი ნიჭით  – აღმოეჩინა ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარები, გაეღვივებინა ახლის შემეცნების სურვილი და  თავისი რჩევებით, კონსულტაციებით თუ კრიტიკული შენიშვნებით მონაწილეობა მიეღო მათ პროფესიულ ზრდაში. პედაგოგის შეფასება სტუდენტის უტყუარი დასკვნაა და რაოდენ სასიხარულოა, რომ თითქმის ყველა სტუდენტი გოჩა ჯაფარიძეს ნამდვილ აღმზრდელს და გზის მაჩვენებელს უწოდებს. თუმცა არა მარტო სტუდენტები – ის უშურველად გადასცემდა თავის ცოდნასა და გამოცდილებას ყველას, ვისაც მისი დახმარება სჭირდებოდა….     

სადაც არ უნდა ყოფილიყო − სამეცნიერო, პედაგოგიურ, დიპლომატიურ თუ კულტურულ სივრცეში, ყველგან და ყოველთვის გამოირჩეოდა მისთვის დამახასიათებელი აკადემიურობით, საკითხის ღრმა და ამომწურავი ცოდნით, გულისხმიერებით, ადამიანობით. ის ყოველთვის  დედაუნივერსიტეტის განუყრელი მეგობარი და გულშემატკივარი იყო.  გოჩა ჯაფარიძემ შექმნა მთელი ეპოქა; მან მეცნიერულ დონეზე გააცნო ახლო აღმოსავლეთი საქართველოს და საქართველო ახლო აღმოსავლეთს“, – აღნიშნა ნანი გელოვანმა, რომელმაც  დიდი მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ  ჯაბა სამუშიას, რომელსაც  ამ ღონისძიების ჩატარების იდეა  ეკუთვნის,  ასევე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ  ნანა გაფრინდაშვილს და ყველას, ვინც გარკვეული წვლილი შეიტანა ამ ღონისძიების ორგანიზებაში.

ქართველმა აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსმა, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რევაზ გაჩეჩილაძემ გოჩა ჯაფარიძესთან ურთიერთობის რამოდენიმე ეპიზოდი გაიხსენა, სადაც  დიდი მეცნიერის ნიჭიერებას და  განსაკუთრებულ სამეცნიერო უნარებს გაუსვა ხაზი.

 „გოჩა სტუდენტობიდანვე გამოირჩეოდა თავისი ნიჭიერებით, ბუნებით ნამდვილი მეცნიერი იყო.  მისი  სამეცნიერო მემკვიდრეობა კიდევ დიდი ხნის მანძილზე იქნება გამოყენებული მეცნიერების მიერ და აქტუალურიც“, – აღნიშნა  პროფესორმა რევაზ გაჩეჩილაძემ, რომელმაც   დიდი  მეცნიერის მოღვაწეობის პირველი ნაბიჯების შესახებ  უამბო დამსწრე საზოგადოებას.

გოჩა ჯაფარიძის „ძიებანი“-ს მე-2 ტომის  ერთ-ერთმა რედაქტორმა მამუკა წურწუმიამ  ისაუბრა  მეცნიერის გამორჩეულ ადამიანურ თვისებებზე:   „ბატონ გოჩას განსაკუთრებული ადამიანური ხიბლი გააჩნდა, ყველას უხაროდა მასთან ურთიერთობა.  ეს წიგნი  ადამიანური ვალის დაბრუნებაა, ვალის დაბრუნება იმ ადამიანების მიმართ, რომლის წინაშე ასე დავალებულია ქართული ისტორიოგრაფია. „ძიებანი“-ს მე-2 ტომის წაკითხვის შემდეგ  კიდევ ერთხელ დარწმუნდებით  გოჩა ჯაფარიძის, როგორც მკვლევრის, მასშტაბურობასა და მისი სამეცნიერო ინტერესების  მრავალფეროვნებაში. ის ჭეშმარიტად მსოფლიო კლასის მეცნიერია! 

ამ წიგნის გაცნობის შემდეგ  მკითხველს წარმოუდგება  გოჩა ჯაფარიძე, როგორც   არა მხოლოდ საქართველოს ისტორიის  სპეციალისტი,  არამედ მახლობელი  აღმოსავლეთის  ისტორიის სწორუპოვარი მკვლევარი, რომლის მასშტაბები და სამეცნიერო ინტერესები სცდება ჩვენი სამშობლოს  ფარგლებს და რომლის  ნაშრომებსაც  მნიშვნელობა აქვს  აღმოსავლეთის ისტორიის  ყველა  მკვლევრისთვის“, –  განაცხადა მამუკა წურწუმიამ, რომელმაც ღონისძიებაზე წიგნის  თემატიკასა და გამოცემის მომზადების შესახებ ისაუბრა.   

აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის  ხელმძღვანელმა, პროფესორმა  დარეჯან გარდავაძემ   გოჩა ჯაფარიძის მოღვაწეობა გაიხსენა  ინსტიტუტში და  დასძინა, რომ  „მეცნიერის  გრძელი და ძალიან საინტერესო გზა აღმოსავლეთმცოდნეობაში სწორედ თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე დაიწყო და  ისე მოხდა,  რომ მისი მოღვაწეობის ბოლო ადგილიც  აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი  აღმოჩნდა.  თუმცა,  ამ გადასახედიდან  ისეთი გრძნობა მრჩება, რომ დასაწყისი და დასასრული პირობითი ცნებები გახდა, იმიტომ, რომ რაღაცის დასასრული ყოველთვის ხდება რაღაც ახლის დასაწყისი!  მისი წასვლა სწორედ მისი სახელის დარჩენის დასაწყისია მეცნიერებაში, თსუ-ში და იმ სტუდენტებში, რომლებიც კიდევ დიდხანს ისარგებლებენ მისი სამეცნიერო მემკვიდრეობით. სანამ მეცნიერის შრომებს კითხულობენ,  ის  ცოცხალია!“ – აღნიშნა  პროფესორმა დარეჯან გარდავაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა  იმ დიდ სამეცნიერო მემკვიდრეობას, რომელიც  გამორჩეულმა მეცნიერმა  დატოვა.

„გოჩა  ჯაფარიძე ცხოვრობდა მეცნიერებაში,  მეცნიერება ცხოვრობდა მასში…   მეცნიერება მისი ცხოვრების წესი იყო.  ის მეცნიერებით არსებობდა და სუნთქავდა. ღვაწლმოსილი  მეცნიერისა და პედაგოგის სიცოცხლე გაგრძელდება მის სამეცნიერო ნაშრომებსა და აღზრდილთა შემოქმედებაში“, – აღნიშნა ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის  ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზაზა სხირტლაძემ,  რომელმაც  მეცნიერის   ხსოვნის მარადიულობა  მისი მოწაფეების  სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელებაში დაინახა. 

ღირსეული, გულისხმიერი, კეთილშობილი  და კეთილგანწყობილი პიროვნება – ასე დაახასიათეს    ღვაწლმოსილი  მეცნიერის გამორჩეული ადამიანური თვისებები თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორებმა:  მიხეილ ბახტაძემ,  გიორგი ლობჟანიძემ და სხვებმა,    რომლებმაც  დიდი  პატივისცემით და  სიყვარულით ისაუბრეს  მეცნიერის  ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

გოჩა ჯაფარიძე სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომელი, თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის პრორექტორი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ახალი და უახლესი და შუა საუკუნეების განყოფილებების გამგეივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და ჰუმანიტარული ფაკულტეტების დეკანი და პროფესორი; კულტურის ცენტრის დირექტორი დამასკოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითსა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში, ასევე, ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში.

გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი: მონოგრაფიები და სტატიები აკადემიურ გამოცემებშიქართულ, ევროპულსა და არაბულ ენებზე, რომელთა თემატიკაა: საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორიის საკითხები, ისლამი და მისი გავრცელება საქართველოში, საქართველოსა და ისლამური სამყაროს ისტორიული კონტაქტები, დიპლომატია და სხვ. ბოლო პერიოდში მის სამეცნიერო მუშაობაში გამოიყოფა ორი ძირითადი მიმართულება: ,,ქართველები წმინდა მიწაზე (XI-XVII სს.)” და ,,ქართველი მამლუქები ეგვიპტეში“.  არის მრავალი ეროვნული და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე. მისი სცენარებით გადაიღეს ორი სამეცნიეროდოკუმენტური ფილმი: ,,სირია ქართველების თვალითდა ,,ქართველი მამლუქები ეგვიპტეში“. დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით და ბრწყინვალების ორდენით.

Facebook
Twitter
LinkedIn