ქართული ჩვეულებითი (სახალხო) სამართლის მეცნიერული კვლევის მებალავრე
მიმდინარე წლის 27 თებერვალს თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე კიდევ ერთხელ გაიხსენებენ და დამსახურებულ პატივს მიაგებენ ღვაწლმოსილ პედაგოგს, იურისტთა არაერთი თაობის აღმზრდელსა და სამშობლოზე, საკუთარ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებულ პიროვნებას, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ მიხეილ (მიხაკო) კეკელიას. ამავე საღამოს მოხდება მრავალტომეულის – „სამართლისა და პოლიტიკური აზროვნების ისტორიის ნარკვევების“ – მეხუთე წიგნის საზოგადოებისთვის წარდგენა. ეს სქელტანიანი გამოცემა (1270 გვერდი), რომელიც ბატონი მიხეილის ნათელ ხსოვნას მიეძღვნა, ბოლო წიგნია ხუთტომეულიდან, რომელზე მუშაობაც მეცნიერთა ჯგუფმა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო იმ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიც გასულ საუკუნეში მოღვაწე 5 დიდი ქართველი იურისტის ღვაწლის წარმოჩენა იყო. კერძოდ, გამოცემები მიეძღვნა: 1947-1983 წლებში იურიდიულ ფაკულტეტზე სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის კათედრის გამგის პროფ. ივანე სურგულაძის, აკადემიკოს ისიდორე დოლიძის, პროფესორების: დავით ფურცელაძის, გიორგი ნადარეიშვილისა და მიხეილ კეკელიას კოლოსალურ შრომასა და ბრწყინვალე შემოქმედებით მემკვიდრეობას. მათ მთელი ცხოვრება ქართველი ხალხის უნიკალური სამართლებრივი მემკვიდრეობის კვლევას, სამართლის ძეგლების მოძიებას, შესწავლასა და წარმოჩენას მიუძღვნეს.
მიხეილ კეკელიასადმი მიძღვნილი წიგნისა და ხუთტომეულის შესახებ გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სამართლის ისტორიისა და თეორიის განყოფილების ხელმძღვანელი გოჩა ფერაძე:
– ბატონო გოჩა, რატომ შეირჩა ხუთტომეულისთვის მიხეილ კეკელიას შემოქმედება და ვის ეკუთვნოდა ამ გამოცემის ინიციატივა?
– სამართლის ისტორიკოსთა ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებულის მეხუთე წიგნის მომზადებისა და გამოცემის ინიციატივა ამჯერადაც, ისევე, როგორც წინა შემთხვევებში, თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტს ეკუთვნის, ცხადია, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის აქტიური მონაწილეობითა და მხარდაჭერით. სიამოვნებით აღვნიშნავთ იმ ფაქტსაც, რომ პროექტში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა, ყოველი ახალი წიგნის გამოსვლასთან ერთად, სულ უფრო იზრდებოდა და ეს ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა. წინამდებარე კრებულის მომზადებასა და გამოცემაში 60-ზე მეტმა ქართველმა მეცნიერმა, პრაქტიკოსმა იურისტმა თუ, უბრალოდ, პროფესორ მიხეილ კეკელიას პიროვნების, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის დამფასებელმა მიიღო მონაწილეობა. პროფესორ მიხეილ კეკელიას ბიოგრაფიასთან, მის შესახებ ოჯახის წევრების, სტუდენტების, კოლეგების სევდანარევ და საინტერესო მოგონებებთან ერთად, წიგნს თან ერთვის ქართველი მეცნიერის მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობის ამსახველი, მაქსიმალურად სრულყოფილი ბიბლიოგრაფია.

– რა განაპირობებდა ბატონი მიხეილისადმი სტუდენტების, კოლეგების განსაკუთრებულ დამოკიდებულებას?
– ჩემთვის და ბევრი ჩემი მეგობრისა და კოლეგისთვის, მართლაც, უდიდესი ბედნიერება იყო, რომ ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში ბედმა ამ რანგის პროფესიონალთან ურთიერთობის სიხარული გვარგუნა, მის სამეცნიერო, პედაგოგიური თუ ადამიანური სითბოს მადლს გვაზიარა. ბატონი მიხეილი იყო პიროვნება, ვისი ცხოვრების გზაც ბევრჯერ ტაძრისკენ სავალი საცალფეხო ბილიკისთვის შემიდარებია, რომლის არსებობასაც „საბჭოთა აღმშენებლობის“ წლებში ბევრი ვერ ამჩნევდა, კომუნისტური იდეალებით „შთაგონებულებს“ არც ახსენდებოდათ. საბედნიეროდ, დრომ ყველას და ყველაფერს კუთვნილი ადგილი მიუჩინა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ღირსების გზით სიარული ნებისმიერ, მათ შორის, საბჭოთა ეპოქაშიც შესაძლებელია. თუმცა, რჩეულთა ხვედრია.
– რით არის საინტერესო იურისტთა ახალი თაობისთვის, როგორც თქვენ მოიხსენიეთ მიხეილ კეკელიასეული „საცალფეხო ბილიკი“?
– არაერთი თვალსაზრისით, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, გამორჩეულია როგორც საქართველოს პატრიოტი, როგორც პრაქტიკოსი იურისტი და როგორც მეცნიერი. 1951 წელს დაამთავრა რა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, საკუთარი მომავალი საპატიო, თუმცა, იმავდროულად, ურთულეს საპროკურორო საქმიანობას დაუკავშირა. მან ღირსეულად გაიარა გზა სახალხო გამომძიებლიდან რაიონის პროკურორამდე და რესპუბლიკის პროკურორის თანაშემწემდე, საგანგებო დავალებების ხაზით. თუმცა, უნივერსიტეტთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია. საგულისხმოა, რომ პროკურორმა კეკელიამ კვლევის საგნად აირჩია არა სისხლის სამართლის რომელიმე ნაკლებად დამუშავებული საკითხი, არამედ ქართული სამართლის ისტორია. დარგი, რომელიც, კიდევ ერთი დიდი მოძღვრის, პროფესორ გიორგი ნადარეიშვილის შეფასებით, სტალინურ ეპოქაში „ნახევრად ლეგალურ მდგომარეობაში იყო, რადგან „ისტორიზმით“ გატაცება ცოდვად ითვლებოდა“. მისი ეს გადაწყვეტილება ერთი მთლიანის განუყოფელ ნაწილად წარმოგიდგებათ, როდესაც შეიტყობთ, რომ 1965 წელს წარმატებით დაიცვა რა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ქართლ-კახეთის სამეფოს სასამართლო ორგანიზაცია XVIII საუკუნის მეორე ნახევარში“, სამოხელეო კარიერის მწვერვალზე მყოფმა, გადადგა ბევრი მისი კოლეგისთვის მოულოდნელი ნაბიჯი – წამოვიდა პროკურატურიდან და ცხოვრების დარჩენილი ნაწილი მთლიანად სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას მიუძღვნა.
– რამდენად წარმატებული იყო მისი მოღვაწეობა სამეცნიერო ასპარეზზე?
– პირველ რიგში გამოვყოფდი მის დაინტერესებას ქართული სამართლის ძეგლებით. ბატონმა მიხეილმა წერილების მთელი სერია მიუძღვნა ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულს (შემადგენლობის, ცალკეული მუხლების თავდაპირველობის, დაკარგული მუხლების აღდგენის საკითხებს და ა.შ), ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნისა და გიორგი ბრწყინვალის „ძეგლის დადების“ ცალკეულ მუხლებს, ადიშისა და მესტიის ოთხთავის მინაწერებს და სხვა. ცალკე უნდა აღინიშნოს ბატონი მიხეილის მრავალწლიანი თანამშრომლობა საბჭოთა ენციკლოპედიის რედაქციასთან, რომლის შედეგია ამ ისტორიულ გამოცემაში შემონახული პროფესორ მიხეილ კეკელიას 20-ზე მეტი წერილი, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ ტერმინებზე, როგორიცაა: ბჭე, განმგებელი, გერში, მონაცვლე კაცი, მსაჯულთშეკრებულება, ნაზირი, ნაცვალი, საჭირნახულო და სხვა.
სამწუხაროდ, დღემდე არ არის შესწავლილი და შეფასებული პროფესორ მიხეილ კეკელიას პუბლიცისტიკა. მის მიერ როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ (სამტრედია, ზუგდიდი, მესტია და სხვ.) ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულია ათეულობით უაღრესად საინტერესო წერილი – დაწყებული იმერეთის სამეფოში სოლომონ I-ის „ფიცის კაცის“ ინსტიტუტით, გაგრძელებული საუნივერსიტეტო ავტონომიის სრულყოფის საკითხითა და დამთავრებული გასული საუკუნის მიწურულს ქვეყანაში არსებული უმწვავესი სოციალურ-პოლიტიკური ხასიათის პრობლემებით. აღარაფერს ვამბობთ ჩვეულებით (სახალხო) სამართალზე, სასამართლო ორგანიზაციისა და პროცესის საკითხებზე, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პატივისა და ღირსების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, დანაშაულისა და სასჯელის ცნებების გამომხატველ ტერმინებზე და სხვა იმ საკითხებზე, რომელზეც ბატონ მიხეილს მონოგრაფიები აქვს გამოქვეყნებული. სულ კი, როგორც ეს ჩვენ მიერ მე-V წიგნისთვის თანდართულ ბიბლიოგრაფიაშია ასახული, ბატონი მიხეილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა 160-ზე მეტ პირველხარისხოვან სამეცნიერო ნაშრომს, მონოგრაფიას, სახელმძღვანელოსა თუ საგაზეთო წერილს მოიცავს.
– ამ დიდი შემოქმედებითი მემკვიდრეობიდან რომელ შრომებზე გაამახვილებდით ყურადღებას?
– პირველი აღიარება ქართველ მეცნიერს 1970 წელს გამოცემულმა წიგნმა-შედევრმა – „სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოში რუსეთთან შეერთების წინ“ (წიგნი I (ქართლ-კახეთის სამეფო)) – მოუტანა. მეათე წლისთავზე კი ეს წარმატება 1981 წელს გამოსულმა ასევე სასამართლო ორგანიზაციისა და სასამართლო პროცესის საკითხებისადმი (ოღონდ დასავლეთ საქართველოში) მიძღვნილმა მე-II წიგნმა გაამყარა. შესანიშნავმა გამოცემებმა უკვე გაუძლეს დროის გამოცდას და, ქართველ იურისტთა შეფასებით, სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი ქართული სამართლის ისტორიის საგანძურში.
– თქვენს ბიოგრაფიულ წერილში ბატონ მიხეილს ქართული ჩვეულებითი (სახალხო) სამართლის მეცნიერული კვლევის მებალავრედ მოიხსენიებთ, რატომ?
– კარგი შეკითხვაა და პასუხი ერთ უნიკალურ მოვლენას მინდა დავუკავშირო. საქმე ის გახლავთ, რომ 1986 წელს, უამრავი ბიუროკრატიული თუ პოლიტიკური დაბრკოლების მიუხედავად, აკადემიკოსების – ალექსი რობაქიძისა და გიორგი ჩიტაიას მხარდაჭერით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში სწორედ პროფესორ მიხეილ კეკელიას წარმოუდგენელი ძალისხმევის შედეგად შეიქმნა (ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და, შესაძლოა, მთელ ევროპაში) ერთადერთი ჩვეულებითი სამართლის შემსწავლელი ლაბორატორია. ცნობილია, რომ ბატონი მიხეილი ჩვეულებითი სამართლის შესასწავლად მოწყობილ ექსპედიციებში ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან მონაწილეობდა. თუმცა, ლაბორატორიის ამოქმედებასთან ერთად, მის ცხოვრებაში (მართალია, გვიან – ბატონი მიხეილი გარდაიცვალა 1993 წელს, მაგრამ მაინც) დგება დიდი ხნის ნანატრი შემოქმედებითი, მეცნიერული ოცნებების ასრულების ხანა. მონდომებამ, თავდაუზოგავმა შრომამ გასაოცარი შედეგები გამოიღო. თავის აღზრდილებთან და თანამოაზრეებთან, დღეს უკვე ცნობილ მეცნიერებთან თუ პრაქტიკოს იურისტებთან: გიორგი დავითაშვილთან, დავით ელისაშვილთან, ოთარ ზოიძესთან, ჯამლეთ მერებაშვილთან, დავით ჯალაბაძესთან ერთად, მან მთელი საქართველო ფეხდაფეხ შემოიარა. სწორედ ამ ექსპედიციების დროს მოძიებული და საქართველოს მთასა თუ ბარში, მთელ ერში მიმოფანტული „ჩვეულებითი სამართლის მარგალიტების“ შეგროვების გზით შეიქმნა ის უძვირფასესი საგანძური, რომელსაც დღეს ქართული ჩვეულებითი სამართლის ოთხტომეული ჰქვია. პირველი სამი ტომის რედაქტორი ბატონი მიხეილი თავადვე იყო, ხოლო მეოთხე ტომი კვლავ მისი რედაქტორობით, მაგრამ, უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ, 1993 წელს მისმა მოსწავლეებმა გამოსცეს.
ერთადერთი, რაც აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა დავძინოთ, არის ის, რომ ახლოვდება ბატონი მიხეილის დაბადებიდან საიუბილეო 100 წლისთავი (21.09.2027წ.) და საჭიროა ძალისხმევა არ დავიშუროთ, რათა ექსპედიციის დღეებში მოძიებულმა (როგორც თავად ბატონი მიხეილის არქივში დავანებულმა, ისე ექსპედიციის სხვა წევრებთან შემორჩენილმა) დღემდე გამოუქვეყნებელმა მასალებმა ქართული ჩვეულებითი სამართლის მეხუთე ტომის სახით აუცილებლად იხილოს დღის სინათლე.
– დაბოლოს, რას გვეტყოდით ბატონი მიხეილის პედაგოგიურ საქმიანობაზე?
– ეს პროფესორ მიხეილ კეკელიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის განუყოფელი ნაწილია. როგორც მისმა სტუდენტმა, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ აღგვზარდა რა ქართველ იურისტთა არაერთი თაობა, ათწლეულების განმავლობაში, სამართლის ისტორიასთან ერთად, იმ „პატრიოტული ნაღვერდლის“ სითბოსაც გვიზიარებდა, რომლის მნიშვნელობაც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში დღესაც და მომავალშიც განუსაზღვრელად დიდია. ის გვასწავლიდა არა მარტო საგანს, არამედ სამშობლოს სიყვარულს, ერთმანეთის სიყვარულს, მშობლების სიყვარულს და, უნდა ითქვას, ეს არაჩვეულებრივად გამოსდიოდა, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ გულწრფელი იყო ყველასთან, როგორც შვილი, როგორც ოჯახის მამა, როგორც პედაგოგი და კოლეგა.
