როგორ უნდა მოემზადოს საქართველო გლობალიზაციის ახალ ეტაპზე?

თარიღი: 2025-11-12 19:18:23

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა უმასპინძლა მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას – „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“, რომელმაც არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებაშიც დიდი ინტერესი გამოიწვია.

დასაწყისშივე იგრძნობოდა ღონისძიების მასშტაბი: ფაკულტეტის აუდიტორიებში და ონლაინ სივრცეში გაერთიანდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 70-ზე მეტი პროფესორი, მკვლევარი და ახალგაზრდა მეცნიერი. ათწლიანი ტრადიციის მქონე ფორუმი დღეს უკვე იქცა ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სამეცნიერო პლატფორმად რეგიონში, სადაც თანამედროვე ეკონომიკური აზრი და გამოცდილება ერთიანდება.

პლენარულ სხდომაზე მონაწილეებს თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია მიესალმა. მისი სიტყვა მეცნიერების ძალისა და ეკონომიკური აზროვნების მნიშვნელობაზე იყო აგებული. „ნებისმიერ საქმეში აუცილებელია მოვუსმინოთ მეცნიერებსა და სპეციალისტებს. ინტელექტუალური და პოლიტიკური ელიტის შორის დიალოგის გარეშე ქვეყნის განვითარება შეფერხდება. ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვართ როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა რექტორმა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმის ეკონომიკურ ასპექტებზე და წამოაყენა ინიციატივა ეკონომისტთა სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც შეისწავლის შრომის ბაზრის საჭიროებებს და განავითარებს განათლების რეფორმის ეკონომიკურ ანალიზს. „უნდა ვიცოდეთ – რამდენი სპეციალისტია საჭირო თითოეულ დარგში. ეს არის მეცნიერებისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი“, – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

კონფერენციის ერთ-ერთი განსაკუთრებული მომენტი იყო ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორისა და თსუ-ს საპატიო დოქტორის, ჯეფრი დევიდ საქსის ჩართვა ნიუ-იორკიდან. პროფესორმა საქსმა გააანალიზა მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციები, აშშ-სა და ჩინეთის გავლენა გლობალურ ბაზარზე და საქართველოს გეოეკონომიკური როლი თანამედროვე სამყაროში. მისი თქმით, „საქართველო მცირე ქვეყანაა, მაგრამ დგას იმ გეოპოლიტიკურ წერტილში, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს ხვდება – ეს ქმნის როგორც რისკებს, ასევე უდიდეს შესაძლებლობებს“. მისი გამოსვლა მონაწილეებისთვის ერთგვარი გზამკვლევი იყო იმის აღსაქმელად, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს საქართველოს გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში.

ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ მონაწილეებს კონფერენციის განვითარების ისტორია გააცნო.

„2016 წელს ყველაფერი მაღლივ კორპუსში დაიწყო. ყოველ წელს იზრდებოდა მონაწილეთა რაოდენობა და საერთაშორისო ჩართულობა. პანდემიის პერიოდშიც კი არ შეგვიწყვეტია მუშაობა – ეს იყო ერთგულება მეცნიერებისადმი“, – აღნიშნა გიორგი ღაღანიძემ.
საიუბილეო შეხვედრამ არა მხოლოდ კვლევითი საქმიანობის ტრადიციას გაუსვა ხაზი, არამედ ფაკულტეტის როლს ქვეყნის ეკონომიკური აზრის ფორმირებაში.

კონფერენციის მუშაობა სექციებად გაგრძელდა. 12 თემატურ სექციაში წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი მოხსენება, რომლებიც ეკონომიკისა და ბიზნესის მრავალფეროვან სფეროებს მოიცავდა.

სექციებში გაერთიანდა ისეთი თემები, როგორებიცაა:

  • ხელოვნური ინტელექტის გავლენა ეკონომეტრიკასა და შრომის ბაზარზე (ნინო მიქიაშვილი, ნინო კულატამიშვილი);
  • ეკონომიკური დიპლომატია და ეროვნული უსაფრთხოება (გულნაზ ერქომაიშვილი);
  • ევროკავშირის ეკონომიკური სტრატეგიები (ეკა ლუკაშვილი, თეიმურაზ შენგელია);
  • აგროსექტორის მდგრადი განვითარება და გლობალური ფასების დინამიკა (ეთერ ხარაიშვილი, ლელა ადუაშვილი);
  • ინვესტიციების, ფინანსური ანგარიშგებისა და კორპორაციული მდგრადობის თანამედროვე მიდგომები (მარინა მაისურაძე, ნანა სრესელი, ლევან საბაური)
    და მრავალი სხვა, რომელიც აჩვენებს ეკონომიკური მეცნიერების მრავალფეროვან და ცვალებად ხასიათს

თითოეული მოხსენება პასუხობდა ერთ მთავარ კითხვას – როგორ უნდა მოემზადოს საქართველო გლობალიზაციის ახალ ეტაპზე? პროფესორთა მოსაზრებები და კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ ქვეყნის ეკონომიკური აზრის ფორმირების ცენტრად რჩება.

დღის ბოლოს გამართულ შემაჯამებელ სხდომაზე მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ თსუ-ს მიერ ორგანიზებული ფორუმი არ არის მხოლოდ აკადემიური ღონისძიება – ეს არის პლატფორმა, სადაც მეცნიერება, განათლება და სახელმწიფო პოლიტიკა ერთმანეთს ხვდება. როგორც პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ აღნიშნა, „ეს კონფერენცია არა მხოლოდ ტრადიციაა, არამედ მუდმივი ძიება პასუხებისა იმ რთულ გამოწვევებზე, რასაც თანამედროვე გლობალიზებული სამყარო გვთავაზობს“.

მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ კიდევ ერთხელ გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის, აკადემიური კულტურისა და ინტელექტუალური პასუხისმგებლობის დადასტურება. მისი მნიშვნელობა სცდება უნივერსიტეტის კედლებს – ეს არის დიალოგი ცოდნის, გამოცდილებისა და მომავლის შესახებ, რომელსაც საფუძვლად უდევს ერთი საერთო რწმენა: ეკონომიკის განვითარება იწყება განათლებით და მეცნიერებით.

Facebook
Twitter
LinkedIn