გიგი გარაყანიძისადმი მიძღვნილი მაგისტრანტთა II სამეცნიერო კონფერენცია – „ფოლკლორის ინტერდისციპლინური კვლევები“

თარიღი: 2023-05-04 15:05:49

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ფოლკლორისტიკის კათედრამ 3 მაისს გამართა გიგი გარაყანიძისადმი მიძღვნილი მაგისტრანტთა II სამეცნიერო კონფერენცია „ფოლკლორის ინტერდისციპლინური კვლევები“.

თანამედროვე მეცნიერებაში ხალხურ კულტურის ფორმებს არა მხოლოდ მათი ისტორიისა და ფუნქციის მიხედვით სწავლობენ, არამედ საკვლევი ობიექტი  გააზრებულია ყოველდღიური ყოფის, ტექნოლოგიური პროგრესის, კომუნიკაციის პროცესების ნაწილად. მაგისტრანტთა ინტერდისციპლინური კონფერენცია ხელს უწყობს ფოლკლორის საკითხების შესწავლის არეალის გაფართოებასა და გაღრმავებას მომიჯნავე დარგებთან ურთიერთთანამშრომლობით.

ფოლკლორისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორის ელენე გოგიაშვილის ინიციატივით, მაგისტრანტთა კონფერენციას გიგი გარაყანიძის სახელი ეწოდა.  გიგი გარაყანიძის (1982-2012) სამეცნიერო და პრაქტიკული მუშაობა დაკავშირებული იყო ეთნომუსიკოლოგიურ და ფოლკლორისტულ კვლევებთან, იყო თსუ-ს კურსდამთავრებული, ისტორიის მეცნიერებათა მაგისტრი. აღსანიშნავია მისი ექსპედიციები საქართველოს რეგიონებსა და ისტორიულ მხარეებში, ეთნომუსიკის თეატრ „მთიებისა“ და ბავშვთა სტუდია „ამერ-იმერის“ ხელმძღვანელობა, სამეცნიერო პუბლიკაციები. მისი თეორიული ნაშრომი ქართული ეთნომუსიკის თეატრის შესახებ ქართულ ხალხურ შემოქმედებას ერთ მთლიანობად მოიაზრებს (არქაული ნიშნებისა და თანამედროვე ფუნქციების ურთიერთკავშირში).

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორისტიკის, ეთნოლოგიის, კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის, კულტურის კვლევების მიმართულების მაგისტრანტებმა, რომელთა კვლევის ობიექტია ზეპირსიტყვიერების, ეთნოგრაფიის, მუსიკალური ფოლკლორისა და თანამედროვე ყოფის საკითხები.

წლევანდელი კონფერენცია შეეხო ზეპირსიტყვიერების, ეთნოგრაფიის, ლინგვისტიკის, თანამედროვე ყოფის საკითხებს.

ქართული ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამის ზეპირსიტყვიერების მოდულის მაგისტრანტებმა მეგი მიქაბერიძემ, მარიამ ქვლივიძემ და ივეტა ცერცვაძემ წარმოადგინეს მოხსენებები შედარებითი მითოლოგიისა და ფოლკლორულ ჟანრთა ურთიერთმიმართების შესახებ; განიხილეს ზებუნებრივ არსებასთან ქორწინების, საკრალური ქორწინების და ინიციაციის მოტივები ზღაპარსა და მითოსში.

ქართველური ენათმეცნიერების პროგრამის მაგისტრანტების მარიამ ხუბუნაიასა და ნანა შოშიაშვილის მოხსენებებში მრავალფეროვნად წარმოჩნდა მათ მიერ დამუშავებული ემპირიული მასალა ლინგვისტურ, ეთნოგრაფიულ და ფოლკლორულ მონაცემთა შუქზე.

ქართული ლიტერატურის პროგრამის ზეპირსიტყვიერების მოდულის მაგისტრანტების მარინე ანთიძის მოხსენება ქართულ საბჭოთა ფოლკლორზე და თამაზ კეჭაყმაძის მოხსენება კომპიუტერული თამაშების ნარატიულ სტრუქტურებზე ნათელი დასტურია იმისა, რომ თანამედროვე მეცნიერებაში საკმარისი აღარ არის ხალხური კულტურის ფორმების მხოლოდ მათი ისტორიის მიხედვით კვლევა და საჭიროა ფოლკლორისტული დაკვირვების ობიექტების თანამედროვე კომუნიკაციების კონტექსტში გააზრება.

კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის პროგრამის მაგისტრანტმა გიორგი ლაღიძემ წარადგინა პრეზენტაცია კერამიკის ეთნოგრაფიული კოლექციის შესახებ, რომელიც დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

კულტურის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტმა ნინო ზანდუკელმა დასვა მითის ტრანსფორმაციის, ტერმინისა და ფუნქციის ცვლილებების, კულტურის პოლიტიკაზე ზეგავლენის საკითხი.

Facebook
Twitter
LinkedIn