სტატია ევროკავშირში წევრობის გზაზე მყოფი ქვეყნების შესახებ
სულ ცოტა ხნის წინ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში TEM JOURNAL – Technology, Education, Management, Informatics (https://www.temjournal.com) გამოქვეყნდა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის გივი ბედიანაშვილის და ამავე ფაკულტეტის დოქტორანტ გიორგი კოხრეიძის ერთობლივი სტატია: „ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნების გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობა“. ჟურნალი წარმოდგენილია SCOPUS-ის და Web of Science-ის ბაზებში.
„სტატიაში გამოკვლეულია კონკურენტუნარიანობის პრობლემა ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ სისტემებში კონფრონტაციული გლობალიზაციის გავლენის გათვალისწინებით (აღსანიშნავია, რომ თანამედროვე პირობებში კონფრონტაციულ გლობლიზაციის თავისებურებების შესახებ პირველი პუბლიკაციები ეკუთვნის ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორს, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას). როგორც აღნიშნავენ ავტორები, გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის კონცეფცია, მის შესაბამის მოდელთან ერთად, უნდა განიხილებოდეს დღევანდელი გამოწვევების ადეკვატურ პასუხად. კვლევა ეფუძნება ისეთ ემპირიულ მეთოდებს, როგორიცაა პანელური რეგრესია და სტრუქტურული განტოლების მოდელირება. თანამედროვე პირობებში მზარდი გაურკვევლობით გამოწვეული პრობლემები იწვევს ქვეყნების კონკურენტუნარიანობაზე ახალი კონცეპტუალური შეხედულებების ჩამოყალიბებას და მათი პრაქტიკული გამოყენების აუცილებლობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნებისთვის“, – აღნიშნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გივი ბედიანაშვილმა, რომელმაც საუბრის დროს ხაზი გაუსვა ფაკულტეტის ადმინისტრაციის მზაობას პროფესორ-მასწავლებლების სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის კუთხით.
კვლევაში გამოყენებულია მრავალფეროვანი მონაცემები სვადასხვა საერთაშორისო წყაროდან. მონაცემები შეიცავს 20 ცვლადს, რომლებიც აღწერს 36 ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და გარემოსდაცვით მახასიათებლებს (ევროკავშირის წევრი – 27 და ევროკავშირის კანდიდატი – 9).
განსაკუთრებით საინტერესოა ნაშრომში სტრუქტურული განტოლების მოდელირების ტექნიკის გამოყენებით განხორციელებული კვლევა, რომელიც მოიცავდა ეკონომიკურ და სოციალურ ფარულ ცვლადებს, როგორიცაა კორუფციის კონტროლი, მთავრობის ეფექტიანობა, რესურსების ინტენსივობა, ადამიანისეული განვითარების ინდექსი, ინტელექტუალური კაპიტალი და სოციალური სფეროს კომპონენტები. კვლევამ აჩვენა, რომ ეკონომიკური პირობების განმსაზღვრელი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლადია რესურს ინტენსიურობის დონე, ხოლო სოციალური პირობების შემთხვევაში ინტელექტუალური კაპიტალი. გარდა ამისა, აღნიშნულმა მოდელურმა კვლევამ გამოავლინა, რომ ქვეყნებში სოციალური პირობების მასშტაბი უფრო დიდია, ვიდრე ეკონომიკური პირობების, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ სოციალური ინსტიტუტები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით გლობალური გაურკვევლობისა და კონკურენციის სამყაროში.
კვლევის შედეგები საინტერესოა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მყოფი ქვეყნების მდგრადი კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის მექანიზმების ფორმირებისთვის კონტექსტით.
საინტერესო ისტორია აქვს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის გივი ბედიანაშვილის და დოქტორანტ გიორგი კოხრეიძეს თანამშრომლობას. ბატონი გივი იყო გიორგის ლექტორი ჯერ კიდევ მაგისტარატურაში, სადაც პედაგოგმა მაგისტრანტი კვლევებით დააინტერესა, რაც მათ საკმაოდ კარგად გამოუვიდათ შემდგომ კვლევებზე ერთად მუშაობისთვის. ზემოთ აღნიშნული სტატია მათი უკვე მესამე ერთობლივი ნამუშევარია. გიორგი ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერი მკვლევარია. ამჟამად დოქტორანტურაში სწავლის პარალელურად იგი პრაქტიკულ საქმიანობას ეწევა ეროვნულ ბანკში.