საქართველოს პრეზიდენტმა თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ასევე, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
გიორგი შარვაშიძეს სახელმწიფო ჯილდო მიენიჭა ევროკავშირის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში საქართველოს ინტეგრაციისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისათვის, გამორჩეული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის, მსოფლიო სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი კავშირის გაღრმავებისა და ქართულ და უცხოელ მეცნიერთა შორის სამეცნიერო ურთიერთობის ხელშეწყობისათვის, ქართული კულტურის ინტერდისციპლინარული კვლევების მხარდაჭერით ჩვენი საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
პრეზიდენტმა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს გარდაცვალების შემდეგ ბრწყინვალების ორდენი მიანიჭა ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისა და საზღვარგარეთ ქართული მეცნიერების წარმოჩენისათვის.
დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 6 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
,,ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მთავრობის წარდგენით მაქვს პატივი დღეს ბრწყინვალების ორდენით დავაჯილდოვო გიორგი შარვაშიძე.
ჩვენი უნივერსიტეტის რექტორობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, იმ უნივერსიტეტისა, რომლის ისტორიაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განუყოფელი ნაწილია და რომელიც ჩვენს სახელმწიფოში ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი დამოუკიდებლობის ხერხემალი, კერა, სადაც მომავალი თაობები იზრდება და რომელიც ჩვენს ქვეყანას თავის მნიშვნელობას სძენს აქაც და ქვეყნის გარეთაც.
თქვენ ძალიან ბევრი იზრუნეთ, რათა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰქონოდა ძალიან ღია და ფართო ურთიერთობები ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებთან.
ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები ,,ერასმუსის“ პროგრამაში სრულყოფილად არიან ჩართულნი, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვუახლოვდებით ევროპას, არამედ გავდივართ რეალური ევროინტეგრაციის გზას, რომელიც ძალიან შედეგიანია, რადგან სხვადასხვა ევროპის უნივერსიტეტებში ნასწავლი სტუდენტები გვიბრუნდებიან, როგორც სრულყოფილი ევროპელები.
თსუ რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი უნივერსიტეტია და მსოფლიოს რეიტინგებში ასევე ძალიან კარგი მაჩვენებელი აქვს. ჩვენ ყველას შეგვიძლია ამიტომ ვიამაყოთ ჩვენი უნივერსიტეტით.
თქვენ დააარსეთ, ასევე, რექტორთა საბჭო, რომელიც ყველა უნივერსიტეტის რექტორებს აერთიანებს და ეს საბჭო, ასევე, რექტორთა ევროპული ასოციაციის სრულყოფილი წევრია, რაც ევროპისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
ასევე, დაარსდა კვლევითი ცენტრები, მათ შორის, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის და დღევანდელი სახელმწიფოს მშენებლობის საწყისს წარმოადგენს.
არანაკლებად მნიშვნელოვანია დიასპორის შემსწავლელი ცენტრი, რადგან დიასპორა ჩვენი ძალიან დიდი საგანძურია. ვისურვებდი, რომ დიასპორასთან ჩვენი კავშირი უფრო მჭიდრო გახდეს და მათი დიდი ნაწილი კი დაბრუნდეს სამშობლოში.
დიდი ყურადღება ექცევა, ასევე, კავკასიური ენების სწავლებას და ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზური ენის სწავლების მხარდაჭერა. ჩვენ გვევალება აფხაზური ენის დაცვა და არა მხოლოდ დაცვა… – მე ამას ვამბობ, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ქვეყნის კონსტიტუციის დამცველი. უნდა გავაცოცხლოთ აფხაზური ენა, დღეს ჩვენ ვართ მისი ერთადერთი რეალური დამცველები და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა!
მე მინდა ამ ყველაფრისათვის ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გითხრათ, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ჩვენი მომავალია, ეს ჯილდო კი თქვენი რეალური დაფასების ნიშანია!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე, დააჯილდოვა ფილოსოფიის დოქტორი თამარა დრაგაძე, შუმეროლოგი ნინო სამსონია და საერთაშორისო რანგის ხეთოლოგი ირინე ტატიშვილი.
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური