„გიორგი შარაშიძის შეხედულებები გიორგი ბრწყინვალის რეფორმებსა და მათი მნიშვნელობის შესახებ“

თარიღი: 2023-05-24 19:06:23

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში ყოველკვირეული სიმპოზიუმი – დისკუსიები სამართლისა და სამართალმცოდნეობის აქტუალურ საკითხებზე დაიწყო. მაისის თვის პირველი სიმპოზიუმი მიეძღვნა პირველი ქართული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების ერთ-ერთი წევრის შვილის, საფრანგეთში დაბადებული გიორგი შარაშიძის ნაშრომს „შესავალი ქართული ფეოდალიზმის კვლევაში (გიორგი ბრწყინვალის ძეგლის დადება)“. ეს ერთ-ერთი პირველი ინტერდისციპლინური კვლევაა ქართული სამართლის მიმართულებით, რომელიც ფრანგულ ენაზე 1971 წელს საფრანგეთში გამოქვეყნდა, ქართულ ენაზე კი 2011 წელს დაბეჭდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა. სიმპოზიუმზე ნაშრომის შესახებ მოხსენება – „გიორგი შარაშიძის შეხედულებები გიორგი ბრწყინვალის რეფორმებსა და მათი მნიშვნელობის შესახებ“ – თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, დოქტორმა ლია ადეიშვილმა წარადგინა.   

„გიორგი შარაშიძე გიორგი ბრწყინვალის „ძეგლის დადების“ მეცნიერული ანალიზით უფრო შორს წავიდა, ვიდრე სხვა გამოჩენილი მეცნიერები. მან გიორგი ბრწყინვალის ეპოქა პოლიტიკურ-ისტორიული თვალსაზრისით გამოიკვლია, კერძოდ:  დაადგინა, თუ რატომ შეიმუშავა მეფემ ახალი კოდექსი, რომლის მეშვეობით შეცვალა მთიულეთში არსებული სოციალურ-პოლიტიკური რეალობა და მიაღწია თავის პოლიტიკურ მიზანს – დაემორჩილებინა მისი იურისდიქციიდან გასული არაგვის ხეობა. შარაშიძეს მიაჩნია, რომ მეფე გიორგი V-მ თავისი მიზნის მისაღწევად განიზრახა მისი წინამორბედი მეფეების პოლიტიკა შეეცვალა, რაც არაგვის საერისთავოს სამოხელეო სისტემის უმოქმედობაში გამოიხატებოდა და შედეგად ამ კუთხეში სამოხელეო სისტემის ნორმალური ფუნქციონირება უზრუნველყო. ამ ჩანაფიქრით ასრულდებოდა გიორგი ბრწყინვალის მიზანი – გაეკონტროლებინა შიგნიდან საერისთავო და ამით დაემორჩილებინა.

მეფემ „ძეგლის დადების“  მეშვეობით გაატარა რეფორმა – მთიულეთსა და გუდამაყარში აღადგინა ვასალური ურთიერთობები, რაც ფეოდალიზმის და მეფობის საყრდენი იყო. ამ კანონმდებლობის მეშვეობით მან შექმნა არაგვის საერისთავოში პოლიტიკური სტრუქტურა – ადგილობრივი მმართველობა, განსაკუთრებით „ხევისბერობის“ ინსტიტუტის ავტორიტეტი და ეფექტურობა გააძლიერა (რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობის საბრძოლო მობილიზაციისთვის), ოღონდ ისე, რომ ამ ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეებს, თავის მხრივ, მეფის მოხელეები აკონტროლებდნენ. ამ გზით  გიორგი ბრწყინვალემ მიაღწია პოლიტიკურ მიზანს – გაეკონტროლებინა შიგნიდან საერისთავო, დაემორჩილებინა იგი და საბოლოოდ გაეერთიანებინა მთელი სამეფო თავისი სკიპტრის ქვეშ.

შარაშიძე თვლის, რომ „ძეგლისდება“, მიუხედავად მისი სამართლებრივი ხასიათისა, უფრო პოლიტიკურ-იდეოლოგიური მნიშვნელობის ძეგლია. გიორგი ბრწყინვალის „ძეგლის დადების“ ასეთი კუთხით დანახვა სრულიად უცხოა და სიახლეს წარმოადგენს. ამდენად, ეს მონოგრაფია მნიშვნელოვანი შენაძენია ქართული საზოგადოებისა და მეცნიერებისთვის“, – აცხადებს ლია ადეიშვილი.

„გიორგი შარაშიძის ნაშრომში ვერ ნახავთ მხოლოდ იურიდიული დოგმატიკისთვის დამახასიათებელ ნორმატიულ მსჯელობებს, აქ არის ავტორის სოციოლოგიური, ლინგვისტური, ფილოსოფიური, ანთროპოლოგიური და ფსიქოლოგიური ნააზრევი გადმოცემული, რომელიც იურისტებს ძალიან ბევრ ღირებულ ცოდნას გვაწვდის.

ჩვენს ინსტიტუტში სიმპოზიუმები ყოველკვირეულად ტარდება და სამართალმცოდნეობის მიმართულებით აქტუალურ საკითხებს ეძღვნება. დისკუსიაში მეცნიერ თანამშრომლებთან ერთად აქტიურად მონაწილეობენ დოქტორანტებიც. ამ ეტაპზე ინსტიტუტში დასაქმებულია ოთხი დოქტორანტი, ოთხი მეცნიერ-თანამშრომელი მუშაობს დისერტაციაზე“, – აღნიშნავს  თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ლაშა ბრეგვაძე.

თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში მომდევნო სიმპოზიუმი იურიდიული ტერმინოლოგიის თარგმნის საკითხებს მიეძღვნება. სიმპოზიუმის ფარგლებში მოხსენებას თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მარინა გარიშვილი წარადგენს.

Facebook
Twitter
LinkedIn