იურიდიული ფაკულტეტის პროექტები: „შედარებითი სამართლის ჟურნალი“ და „სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“
- გიორგი რუსიაშვილი – თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
- აქვს სამოქალაქო სამართლის მიმართულებით 12 წლიანი აკადემიური გამოცდილება, აქედან 4 წელი – ზაარლანდის უნივერსიტეტის რომის სამართლისა და შედარებითი ევროპული სამართლის კათედრის მეცნიერ თანამშრომლად მუშაობის გამოცდილება.
- სპეციალიზაცია – ზოგადი სამოქალაქო სამართალი, საოჯახო სამართალი, საბანკო სამართალი, რომის სამართალი და ევროპული შედარებითი სამართალი.
გიორგი რუსიაშვილი ამ დროისთვის „შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალის“ მთავარი რედაქტორი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ახალი გამოცემის თანაავტორია. ორივე მიმართულება საქართველოს სამოქალაქო სამართლის განვითარება-ფორმირების პროცესში ერთ-ერთი მთავარი ფუნქციის მატარებელია. „შედარებითი სამართლის ჟურნალი“ ქართველი და გერმანელი იურისტების მიერ მომზადებული პერიოდული გამოცემაა, რომლის მიზანია შედარებით-სამართლებრივ ჭრილში ქართული სამართლის აქტუალური პრობლემების მიმოხილვა. გამოცემის მთავარი რედაქტორია, ასევე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია. „შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი“ სასწავლო-სამეცნიერო ხასიათისაა და ტრადიციული ტიპის სტატიების გარდა მასში წარმოდგენილია რუბრიკები: „კაზუსის ამოხსნა“, „საბაზისო კაზუსები“, „სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზი“ და ა.შ. ძირითადი ავტორები ქართველი და გერმანელი იურისტები არიან – მკვლევრები, მოსამართლეები და ადვოკატები. ჟურნალი, ცალ-ცალკე გამოცემის სახით, როგორც ქართულ, ისე გერმანულ ენებზე ყოველთვიურად გამოიცემა.
ჟურნალის გამოცემისა და სამოქალაქო კოდექსის ახალი კომენტარის შემუშავების მნიშველობას გიორგი რუსიაშვილი აფასებს.
რას გულისხმობს შედარებით-სამართლებრივი დისკურსი
გიორგი რუსიაშვილი: „თანამედროვე ქართული სამართალი, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართალი და საჯარო სამართალი, გერმანული სამართლის რეცეფციის ნაყოფია. გერმანული სამართლის გადმოღება და, ზოგადად, ნებისმიერი სამართლის სისტემის რეცეფცია არ არის პროცესი, რომელიც კანონში იდენტური ნორმების გაწერით სრულდება. პირიქით, ეს წარმოადგენს მხოლოდ მის დასაწყისს, ხოლო დასასრული არის თვითმყოფადი და თვითკმარი სამართლის სისტემის შექმნა, რომელსაც ძალუძს უკვე საკუთარი წიაღიდან იმ წესებისა და სამართლებრივი ინსტიტუტების გენერირება, რომლებიც მხოლოდ მისთვის არის დამახასიათებელი. ქართული სამოქალაქო სამართალი ამ მიზნისაგან ჯერ, სამწუხაროდ, ძალზე შორსაა. როგორც უკანასკნელი საკანონმდებლო ცვლილებები ცხადყოფენ, ქართველი კანონმდებელი ყოველთვის ეძებს რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტას უცხო ქვეყნის მართლწესრიგში, რომლის კალკირებასაც ახდენს. ხშირად ნიმუშად ირჩევს არა მხოლოდ გერმანული სამართლის ოჯახის მართლწესრიგებს, არამედ ანგლო-ამერიკულს, რაც, ჩვეულებრივ, წარუმატებლად სრულდება. ეს სამართლის სისტემებისა თუ სისტემების ცალკეული ელემენტების მიქსი, როგორც წესი, შეუძლებელია და შედეგად მხოლოდ „უცხო სხეულების“ წარმოშობას იწვევს, რომლებიც სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან ვერ თანაარსებობს და შეუძლებელს ხდის მწყობრი სამართლებრივი სისტემის შექმნას. ამის საპირისპიროდ, აუცილებელია არა კონკრეტული წესებისა და სამართლებრივი ფიგურების გადმოღება, არამედ იმ ფუნდამენტური დოგმების გასიგრძეგანება, რომლებიც მათ უკან დგას და რომელთა გამოაშკარავებაც მხოლოდ შედარებით-სამართლებრივი დისკურსის ფარგლებშია შესაძლებელი. ქართული სამართლის განვითარება შესაძლებელია არა მექანიკური კოპირებით, არამედ მართლწესრიგთა შეპირისპირებით, რადგან მხოლოდ ამ დროს იკვეთება კონკრეტული მართლწესრიგის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, რაც საწინდარია არა მხოლოდ უცხო, არამედ, პირველ რიგში, საკუთარი სამართლის უკეთ გაგებისა. აქ გადამწყვეტი როლი სამართლის მეცნიერებამ უნდა ითამაშოს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია სამართლის სისტემის იმ ძირითადი ჩონჩხის შექმნა, რომელიც შემდეგში იურიდიული პროფესიის ყველა წარმომადგენელს მისცემს საშუალებას – თავისი წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში. ჟურნალი ქმნის პლატფორმას სწორედ ამ ტიპის დისკუსიისათვის“.
ჟურნალს გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდი (IRZ) აფინანსებს
გიორგი რუსიაშვილი: „გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდი (IRZ) შეიქმნა 1992 წელს და ამ დროიდან გერმანიის იუსტიციის ფედერალური სამინისტროს დაკვეთით დახმარებას უწევს პარტნიორ სახელმწიფოებს სამართლებრივი რეფორმების გატარებაში. ასეთი პროცესების მხარდაჭერა წარმოადგენს IRZ-ის ამოცანას, რომლის ფარგლებშიც ცენტრალური მნიშვნელობა ენიჭება პარტნიორი სახელმწიფოს ინტერესებს. საქართველოსთან IRZ-ის თანამშრომლობა ეფუძნება საქართველოს და გერმანიის იუსტიციის სამინისტროთა 2005 წლის შეთანხმებას, რომლის განხორციელებაც 2006 წლიდან მიმდინარეობს. თანამშრომლობის მთავარი სფეროებია: საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების იმპლემენტაცია ქართულ კანონმდებლობასა და სამართალში, საკონსულტაციო საქმიანობა სისხლის სამართალსა და სასჯელაღსრულების სფეროში და პრაქტიკოსი იურისტების განგრძობითი იურიდიული განათლება.
IRZ ჟურნალს, სრული ფინანსური მხარდაჭერის გარდა, უწევს ასევე საკონსულტაციო და ინტელექტუალურ მხარდაჭერასაც. IRZ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის პროექტების მენეჯერი ხათუნა დიასამიძე აქტიურად არის ჩართული ჟურნალისათვის უცხოელი ავტორების მოძიებით და, ასევე, ჟურნალის პოპულარიზაციით გერმანულ სამეცნიერო და სამოსამართლეო წრეებში. ასევე, IRZ-ის პროექტის კოორდინატორი საქართველოში სულხან გამყრელიძეც აქტიურად ეხმარება ჟურნალს პოპულარიზაციისა და ქართველი ავტორების მოზიდვის კუთხით“.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ახალი კომენტარი სამართლის ამ დარგის მთავარი ტექსტია და იგი თანაბრად მნიშნელოვანია როგორც პრაქტიკოსი და მეცნიერ-მკვლევარი იურისტებისთვის, ისე საუნივერსიტეტო სწავლების კონტექსტში.
გიორგი რუსიაშვილი: „თსუ-ს იურიდიულმა ფაკულტეტმა ეს პროექტი ტენდერის გზით 2019 წელს გადაიბარა და უზრუნველყოფს კომენტარის დასრულებას, უკვე დასრულებული ნაწილების თავდაპირველი სტანდარტის დაცვით გამოცემას, ხოლო მოგვიანებით – ყველა ამ ნაწილის მუდმივ განახლება-გადახალისებასა და სასამართლო პრაქტიკასა თუ სამართლის მეცნიერებაში არსებულ ტენდენციებთან შესაბამისობაში მოყვანას იმგვარად, რომ კომენტარმა სამომავლოდაც შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია ქართულ ბაზარზე არსებული იურიდიული ლიტერატურის ნუსხაში. ამ მიზნით იურიდიული ფაკულტეტი ხანგძლივ პერსპექტივაში გეგმავს ასევე სამოქალაქო კოდექსის დარჩენილი წიგნების კომენტარის ორგანიზებასა და თანმდევ გამოცემას, რათა ამგვარად უზრუნველყოს მისი ერთიან და სრულქმნილ ტექსტობრივ კორპუსად ჩამოყალიბება, რომელიც იქცევა ამ დარგის ქრესტომათიულ ნაშრომად და პრაქტიკული თუ სამეცნიერო დისკურსის განუყოფელ ნაწილად. ამის დასტურია წინა წელს გამოცემული საოჯახო სამართლის კომენტარი (კომენტარის VII ტომი), რომელიც GIZ-ის თავდაპირველი პროექტით არ იყო მოცული.
ამჟამად გამოცემულია კომენტარის 4 ტომი (I, II, III და VII ტომები). უახლოეს მომავალში გამოვა ასევე მეხუთე ტომიც.
ვინ არიან სამოქალაქო კოდექსის ახალი კომენტარის ავტორები და რედაქტორები
გიორგი რუსიაშვილი: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ფლობს მოცემული პროექტის დასრულების, შემდგომი მართვისა და მუდმივი აქტუალობის შენარჩუნებისათვის ყველა აუცილებელ ფინანსურ, ადამიანურ თუ ორგანიზაციულ რესურსს. თავიდანვე, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილი პროექტის სამეცნიერო ნაწილში და კომენტარის ტექსტის უმთავრესი ნაწილიც მათი შესრულებულია. ეს წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ეს გუნდი მომავალშიც შეძლებს შეინარჩუნოს ის მაღალი სამეცნიერო სტანდარტი, რაც გამოარჩევს მოცემულ კომენტარს ქართულ ბაზარზე არსებული ყველა სხვა მსგავსი ტიპის ლიტერატურისაგან და მუდმივად იზრუნებს მის სრულყოფაზე.
ზემოხსენებულ ავტორთა ნაწილი, კომენტარის ტექსტის შექმნის გარდა, ჩართული იყო, ასევე, მის ორგანიზაციულ ნაწილშიც (სხვა ავტორების ტექსტების შეგროვება, მათი რედაქტირება და ა.შ.) და ფლობს გამოცდილებას ამ კუთხითაც, რაც იძლევა ზემოთხსენებული პროცესის უწყვეტობისა და არსებული სტანდარტის დაცვის გარანტიას.
პროექტის მთავარი რედაქტორია პროფესორი ლადო ჭანტურია. ცალკეული ტომების თანარედაქტორები არიან, ასევე, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია და ასოცირებული პროფესორი გიორგი რუსიაშვილი.
გარდა მაღალკვალიფიციური კადრებისა, იურიდიული ფაკულტეტი ფლობს კომენტარის სამომავლო ნაწილების შექმნისათვის და არსებული ნაწილების მუდმივი განახლებისათვის აუცილებელ ტექნიკურ-ორგანიზაციულ ბაზას: რამდენიმე სამეცნიერო ბიბლიოთეკას – აღჭურვილს უახლესი ქართული და უცხოენოვანი ლიტერატურით, წვდომას სხვადასხვა უცხოურ იურიდიულ ბაზებზე (Beck-Online, LexisNexis, HeinOnline და ა. შ.). უნივერსიტეტის კომპიუტერული უზრუნველყოფის დეპარტამენტმა გადაიბარა ონლაინ კომენტარის ვებ-გვერდი და უწევს მას შესაბამის პროგრამულ მომსახურებას კომენტარის კოორდინატორების მითითებების საფუძველზე“.
რაში მდგომარეობს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის კონცეფცია და რით განსხვავდება ის სხვა იურიდიული ლიტერატურისაგან
გიორგი რუსიაშვილი: „ზოგადად, კანონის კომენტარი – ეს არის, განსაკუთრებით, გერმანული სამართლის ოჯახის ქვეყნებში გავრცელებული იურიდიული ლიტერატურის ფორმა, რომლის მიზანიცაა მაქსიმალურად კომპრიმირებული/შეკუმშული ფორმით მიაწოდოს მკითხველს ამომწურავი ინფორმაცია კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე და მოიცვას სასამართლო გადაწყვეტილებების მთლიანი პალიტრა. კომენტარი სტრუქტურირდება მუხლობრივად.
რაც შეეხება კონცეპტუალურ მხარეს, მოცემული პროექტის გადაბარების შემდეგ რედაქტორები და კონკრეტული ნაწილების ავტორები რჩებიან ორგანიზატორთა ხედვისა და კონცეფციის ერთგული და მუდმივად ცდილობენ შეუსაბამონ კომენტარი ქართულ სასამართლო პრაქტიკაში არსებულ დოგმატურ პრობლემებს და დარჩენილი კომენტირებისას ფართოდ ითვალისწინებენ ამ სასამართლო პრაქტიკას. მუდმივად მუშავდება თეორიული ბაზისი გერმანული დოქტრინის წიაღში შექმნილი სამართლებრივი ფიგურების გადმოღებისათვის, რომლებიც, მართალია, საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებულია, თუმცა, ჯერჯერობით, მან ვერ მიაღწია სასამართლო პრაქტიკამდე. მოცემული კომენტარის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამსახურებას წარმოადგენს სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის სისტემური ურთიერთკავშირის გამოკვეთა, რაც მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საუნივერსიტეტო სწავლების ფარგლებში. კომენტარი უკვე იქცა საუნივერსიტეტო კურიკულუმის განუყოფელ ნაწილად. ფაკულტეტი შეინარჩუნებს ამ მონაპოვარს და შეეცდება კომენტარის მუდმივ პოპულარიზაციას პრაქტიკოს იურისტთა, სტუდენტურ თუ სამეცნიერო წრეებში“.