მრავალმხრივი და ემოციური მოგონებები გიორგი პაპავაზე

თარიღი: 2023-05-30 17:17:48

„მან სიცოცხლეშივე შეძლო  ჭეშმარიტი მოძღვრის სახელის მოპოვება“, – ეს შეფასება ეკუთვნის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს გიორგი პაპავას, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ-ს პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი, ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,  საქართველოს ტექნოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი და ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ.

პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა, რომელსაც თსუ-ს პროფესორი-ეკონომისტები, სტუდენტები და გიორგი პაპავას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ  გიორგი პაპავას კოლეგები, ყოფილი სტუდენტები, რომლებიც ერთხმად აღნიშნავდნენ მის ნიჭიერებას, მაღალ სამეცნიერო ალღოს, ახლის ძიების დაუოკებელ სურვილს, ობიექტურობას, კაცთმოყვარეობასა და, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისადმი ყურადღებიან და მზრუნველ დამოკიდებულებას.

პროფესორი გიორგი პაპავა 100-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომის, მათ შორის, 15 მონოგრაფიის ავტორი იყო.

სამეცნიერო სფეროში მიღწეული წარმატებებისათვის ბატონ გიორგის მინიჭებული აქვს აკადემიკოს პაატა გუგუშვილის სახელობითი სამეცნიერო პრემია, ხოლო  მის  სახელმძღვანელოს „სამრეწველო საწარმოს ორგანიზაცია, დაგეგმვა და მართვა“ – საქართველოს განათლების სამინისტროს პრემია. სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდასა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის ბატონი გიორგი დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით. 

ვისაც კი მასთან, როგორც მოწაფესა და თანამშრომელს, შეხება ჰქონია, ყველა ბედს უმადლის და იხსენებს ძვირფას მასწავლებელს, რომელსაც ცხოვრებამ ახალგაზრდობაში დიდი ტრავმა მიაყენა, მაგრამ მაინც ოპტიმისტური განწყობით შექმნა თავისი მრავლისმეტყველი მომავალი.

გიორგი პაპავა დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ეკონომისტის, ვლადიმერ თადეოზის ძე პაპავას ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს ომში და ტყვედ ჩავარდა. მან საკუთარ თავზე გამოსცადა ომის სიმძიმე თუ გესტაპოს ჯურღმულების სისასტიკე.

გიორგი პაპავას ყოფილი მოწაფე, ამჟამად თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, მიკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი ეთერ ხარაიშვილი  გვიამბობს იმ თოვლის გუნდის ამბავს, რამაც გიორგი პაპავა ტყვეობისას სიკვდილს გამოგლიჯა ხელიდან.

,,ჩვენი შეხვედრები ისე არ ჩაივლიდა, მეორე მსოფლიო ომის დროს გავლილი რთული გზა არ გაეხსენებინა. სულგანაბული ვუსმენდი მის მოგონებებს ტყვეობაში  ყოფნის დღეებზე, გულისჩამწვდომი იყო მისი მონათხრობი მეგობრისგან გამოწვდილ ხელზე, რომელმაც  ტალახიანი თოვლი მიაწოდა სიარულით გათანგულ, შემდეგ კი წაბორძიკებულ  და სიკვდილისთვის განწირულ ბატონ გიორგის. როგორც თვითონ დასძენდა – წაქცეულებს გერმანელები ადგილზე ხვრეტდნენ და იქვე ტოვებდნენ. მეგობრისგან  მიწოდებული  თოვლის პირში ჩადებით კი  მან მეორე სუნთქვა შეიძინა, ენერგია დაიბრუნა, სიარული გააგრძელა და სიკვდილს გადაურჩა. აი, ასეთი იყო ბატონი გიორგი: არასოდეს ნებდებოდა და ცხოვრებას ყოველთვის აგრძელებდა, მაშინაც კი,  როცა ყველაფერი ძალიან ცუდად იყო“, – ამბობს ეთერ ხარაიშვილი.

ომიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი პაპავამ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1951 წელს. დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებულ სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, შრომის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამეცნიერო-სასწავლო გაერთიანებაში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემათა კვლევით ინსტიტუტში, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში – ჯერ განყოფილების გამგედ, შემდეგ კი – ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტად.

მოგონებები, რომელიც საიუბილეო საღამოზე გახმიანდა

გიორგი ღაღანიძე, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი:

,,გიორგი პაპავა წარმოადგენდა იმ ქართველ ეკონომისტთა ბრწყინვალე პლეადას, რომელსაც კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული – რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება დამოუკიდებელი ქართული ეკონომიკური აზრის ჩამოყალიბებას, ამ მიმართულებით კადრების აღზრდას; ახალი სამეცნიერო სიახლეების წარმოდგენას და მათ დანერგვას.

1986 წელს  მუშაობა დავიწყე სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, სადაც ბატონი გიორგი ამავე ინსტიტუტის ხელმძღვანელი ბრძანდებოდა. ამ ინსტიტუტში ჩემი საქმიანობის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე ვხვდებოდი ბატონ გიორგის, ის ხაზგასმულად ცდილობდა არ ეჩვენებინა ეს რანგობრივი განსხვავება. პირიქით, მუდმივად ედგა მხარში ახალგაზრდებს  და ხშირად საუბრობდა მათთან, უზიარებდა საკუთარ სამეცნიერო იდეებს…  მეც მქონდა ეს ბედნიერება.

ამ ინსტიტუტში საინტერესო პროცესები მიმდინარეობდა, ეს ძალიან პრესტიჟული სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება გახლდათ, სადაც ყოველწლიური ანგარიშების მოსმენა მიმდინარეობდა. სწორედ აქ იყო წარმოდგენილი ბატონი გიორგის ფუნდამენტალური კვლევის შედეგი – მისი ერთ-ერთი, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ტერმინისა, როგორიც იყო ეკონომიკური სისტემის ორგანიზებულობის ზომა. ამ სემინარებზე კარგად ჩანდა ბატონი გიორგის დამოკიდებულება, ზოგადად, თავისი პროფესიისადმი, რომლის ერთგული იყო.

ბატონი გიორგი იყო ჩაის მრეწველობის ეკონომიკის, ალბათ,  ერთ-ერთი ყველაზე უფრო ღირსეული  წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც დეტალების დონეზე არკვევდა ყველა პრაქტიკულ-ეკონომიკურ საკითხს.

სასიამოვნოა, რომ ჩვენს ფაკულტეტზე გაიმართა ამ ღვაწლმოსილი მეცნიერის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, სადაც ყველა იმ ადამიანმა მოიყარა თავი, ვისაც შეხება ჰქონდა ბატონ გიორგისთან. მათ დიდი პატივისცემითა და სითბოთი გაიხსენეს ბატონი გიორგი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას“.

ელგუჯა მექვაბიშვილი, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი:

,,მქონდა პატივი სიტყვით გამოვსულიყავი ბატონი გიორგის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე. ჩემი სიტყვა ორ ნაწილად გავყავი. თავდაპირველად ვისაუბრე პროფესორ გიორგი პაპავას სამეცნიერო ღვაწლზე. მას ჰქონდა სამეცნიერო ინტერესების უაღრესად ფართო დიაპაზონი, რომელშიც ორგანულად იყო შერწყმული ემპირიული ანალიზი და თეორიულ-მეთოდოლოგიური კვლევა. იყო ნოვატორი მკვლევარი, რომელმაც შექმნა ეკონომეტრიკის ახალი მიმართულების საფუძვლები. ჩამოაყალიბა ეკონომიკური სისტემის ტექნიკურ-ეკონომიკური და ორგანიზაციული პარამეტრების შემეცნების სრულიად ახალი სისტემური მეთოდოლოგია – „პერიოდანტულ-გენეტიკური მიდგომის“ სახით, რომელიც შეიძლება გამოიყენონ როგორც ფირმების მარკეტინგული მართვის, ისე სახელმწიფო დონეზე ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების (მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების) პროცესში. მისი ორიგინალური ფუნდამენტური მონოგრაფიები  – „შერეული საბაზრო ეკონომიკის რეალობის ხარისხის შემეცნების მეთოდოლოგია და პარალოგიზმები“ და ,,საბაზრო ეკონომიკის გამოჯანსაღების და ნორმალიზაციისთვის საქართველოში“ – დღესაც ინარჩუნებს თეორიულ-მეთოდოლოგიურ მნიშვნელობას.

ჩემს გამოსვლაში, ასევე, ვისაუბრე ბატონ გიორგისთან პირად ურთიერთობაზე. 1978 წელს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დამთავრებისა და ასპირანტურაში ჩაბარების შემდეგ მუშაობა დავიწყე შრომის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. ვიმუშავე განყოფილებაში, რომელსაც გიორგი პაპავა ხელმძღვანელობდა და ბევრი რამ ვისწავლე მისგან, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობელი ვარ. შემდეგ იყო 1990-იანი წლები, სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩვენი ერთად საქმიანობა. იმ დროს ფაკულტეტს ვხელმძღვანელობდი და კარგად მახსოვს – რამდენიმე საათიანი ლექციების წაკითხვის შემდეგ ბატონი გიორგი როგორ მომინახულებდა კაბინეტში (უფრო ხშირად კი მე ვეწვეოდი მას კათედრაზე) და დიდი გატაცებით მიყვებოდა მის ახალ იდეებსა და მიგნებებზე. ბოლოს იგი ვნახე მისი გარდაცვალებიდან ცოტა ხნით ადრე. იმის მიუხედავად, რომ ძალზე არასახარბიელო ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სამუშაო კაბინეტში მაგიდაზე წიგნები ჰქონდა გაშლილი. როგორც იტყვიან, „ბოლო ამოსუნთქვამდე“ არ მიუტოვებია თავისი საყვარელი საქმიანობა.

ღონისძიების ფორმატიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხე პროფესორ გიორგი პაპავას მეცნიერულ მემკვიდრეობაზე ვრცელი საუბარი და პირობა მივეცი დამსწრე საზოგადოებას, რომ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე, რომელსაც მიმდინარე წლის ოქტომბერში თსუ-ს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი ატარებს, წავიკითხავ მოხსენებას თემაზე: „პროფესორი გიორგი პაპავა  – ნოვატორი ქართველი თეორეტიკოსი ეკონომისტი“.

ეთერ ხარაიშვილი, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, მიკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი:

,,ბატონმა გიორგიმ ჩემს ცხოვრებაში  წარუშლელი კვალი დატოვა საუნივერსიტეტო საქმიანობის  შემეცნებასა და ფასეულობების ჩამოყალიბებაში.  ვამაყობ, რომ ასეთი მასწავლებელი მყავდა, მადლიერი ვარ, რომ მისი სიცოცხლის  ბოლო დღეებშიდაც კი სულგანაბული ვუსმენდი მის მრავალწახნაგოვან, ცხოვრებისეულ, ფილოსოფიურ და მომნუსხველ მსჯელობას არა მარტო ეკონომიკის აქტუალურ პრობლემებზე, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ოჯახის ღირებულებებზე, შვილებით განცდილ ფარულ სიამაყეზე.

სიცოცხლის ბოლო დღეებში მასთან სახლში სიარულს მოვუხშირე, ვიცოდი –  მცირედით, მაგრამ მაინც შევუმსუბუქებდი აუდიტორიის მონატრებას. ჩვენი საუბრები 2-3 საათი მაინც გრძელდებოდა. თუ მასთან მისვლა ოდნავ შემაგვიანდებოდა, მაშინვე დამირეკავდა, მეტყოდა – ახალი იდეები ჰქონდა სათქმელი ჩემთვის და  მეც კალამმომარჯვებული მივუკაკუნებდი კარზე, რათა მომესმინა მისი მომნუსხველი საუბრები.  მასთან მისვლა კი  მრავალმხრივ  იყო საინტერესო  – საუბრები  ეკონომიკის თეორიულ-მეთოდოლოგიური და ეკონომიკის საბაზრო ტექნოლოგიის აქტუალური საკითხების განხილვით იწყებოდა და ყოფითი საკითხებით გრძელდებოდა.

დღესაც თვალნათლივ მახსოვს ბატონი გიორგის გამორჩეულად თბილი და სამაგალითო ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, მათ შორის, მეუღლესთან – სათნოებით სავსე ქალბატონ რუსუდანთან.  საუბრების დასასრულამდე 10 წუთით ადრე მის შესანიშნავ მეუღლეს რაღაც მინიშნებას აძლევდა, თან მიაძახებდა: ,,რუსო, მალე დავასრულებთ შეხვედრასო“ და ქალბატონი რუსუდანიც ტკბილეულით და ჩაით აუცილებლად გაგვიმასპინძლდებოდა.

დიდბუნოვნება, უჩვეულო კაცთმოყვარეობა, შრომის განსაკუთრებული უნარი, მიმტევებელი – ასეთი უნდა იყოს ჭეშმარიტი მოძღვარი. დიახ, ყველა ამ თვისების მატარებელი გახლდათ პროფესორი გიორგი პაპავა. ბატონი გიორგი პირადად  მე არ მიკითხავდა ლექციებს, მაგრამ ჩემი შვილის საუკეთესო ლექტორი იყო. სტუდენტებთან ყოველთვის გამორჩეულად თბილი და ახლობლური დამოკიდებულება ჰქონდა. ხშირად მიფიქრია  – რა იყო ამის მიზეზი. ალბათ ის, რომ ბატონი გიორგი ყველაზე დიდი სიმდიდრის მფლობელი იყო: ის გახლდათ ღრმად განსწავლული პიროვნება არა მარტო ეკონომიკის, არამედ მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში. ამასთან, იგი სულიერად ამაღლებული  და პიროვნულად თავისუფალი ადამიანიც იყო. სწორედ ამ თვისებების  ერთობლიობამ განაპირობა ის, რომ ბატონმა გიორგიმ სიცოცხლეშივე შეძლო  ჭეშმარიტი მოძღვრის სახელის მოპოვება“.

                                        მეცნიერ-ეკონომისტების ოჯახური დინასტია

გიორგი პაპავა თსუ-ს პროფესორის, აკადემიკოს ლადო პაპავას მამა გახლავთ. ერთხელ ერთ კაცს გიორგი პაპავასთვის უთქვამს – ლადომ გაჯობაო, როცა იგი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გახდა. ამ კომენტარის თაობაზე გიორგი პაპავამ პროფესორ ეთერ ხარაიშვილს მოუთხრო და ასეთი რამ უთქვამს: ,,ლადო მაშინ მაჯობებს, როცა ჩემზე უკეთეს შვილს გაზრდისო“.

,,პროფესორ გიორგი პაპავას შვედეთში გამოცემულ მსხვილტანიან ფუნდამენტურ მონოგრაფიას შემდეგი ეპიგრაფი ამშვენებს: „ვუძღვნი მამის, მეცნიერ-მკვლევართა ოჯახური დინასტიის დამაარსებლის – ვლადიმერ თადეოზის ძე პაპავას ხსოვნას“. ვლადიმერ პაპავა (უფროსი) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატისტიკის კათედრის დოცენტი გახლდათ. ჭეშმარიტად, პაპავების სახელოვან სამეცნიერო ტრადიციას ღირსეული გამგრძელებელი ჰყავს ცნობილი ქართველი მეცნიერ-ეკონომისტის, თვალსაჩინო სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, რამდენიმე სამეცნიერო პრემიის ლაურეატის ვლადიმერ (ლადო) პაპავას სახით, რომლის სამეცნიერო დამსახურება სათანადოდაა აღიარებული საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“, – ამბობს პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი.

,,დარწმუნებული ვარ, პაპავების მეცნიერთა დინასტია კვლავ დიდხანს გააგრძელებს სიცოცხლისუნარიანობას, რადგან მათი სამეცნიერო მოღვაწეობა და შემოქმედებითი საქმიანობა დღესაც საზოგადოების, ასევე,  შთამომავლებისათვის შთაგონების წყარო და აღფრთოვანების მაგალითია“, – აღნიშნავს პროფესორი ეთერ ხარაიშვილი.

სწორედ ამ წერილზე მუშაობის დროს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ ლადო პაპავას ვაჟი – გიორგი პაპავა, რომელიც ბაბუის სახელს ატარებს, რეფორმეტრის სტუდენტური ბლოგების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. იგი თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის  (ISET) ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გახლავთ. მისი სტუდენტური ბლოგი გადახდისუუნარობის რეფორმას ეხება. ასე რომ, უმცროს გიორგი პაპავას ჯერ კიდევ წინ აქვს ცხოვრების გაკვეთილები გასავლელი, რათა წინა თაობის მჯობნის მჯობნი პაპავების დინასტიას არ დაელიოს...

Facebook
Twitter
LinkedIn