გიორგი კვარაცხელიას გაცვლითი პროგრამით სარგებლობის საშუალება არაერთხელ მიეცა
გიორგი კვარაცხელია იმ სტუდენტთა შორისაა, რომელთაც გაცვლითი პროგრამებით სარგებლობის საშუალება არაერთხელ მიეცათ. ის ფიქრობს, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტში ერთი სემესტრის განმავლობაში მიღებული ცოდნა დაეხმარება კვალიფიკაციის ამაღლებასა და შრომით ბაზარზე დამკვიდრებაში.
გიორგი თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების მესამეკურსელია. სპეციალობა საფუძვლიანი ძიებისა და ინტერესების გაანალიზების შემდგომ აარჩია და ახლა ფიქრობს, რომ ეს სწორედ ის მიმართულებაა, რომელშიც საკუთარ მომავალს ხედავს: „ბავშვობიდან ძალიან მრავალმხრივი ინტერესები მქონდა – ერთხანს გეოგრაფია მაინტერესებდა, მერე – სამართალი, ჟურნალისტიკა და სხვა სფეროებიც. საბოლოოდ, სწორედ ამ მრავალფეროვნებამ მიმიყვანა საერთაშორისო ურთიერთობებთან, რადგან ეს პროფესია აერთიანებს ყველაფერს, რაც ყოველთვის მიზიდავდა. ვფიქრობ, ეს მიმართულება იძლევა შესაძლებლობას, მუდმივად განვითარდე და მოვლენებს გლობალურად შეხედო“, – გვითხრა მან.
გიორგი ორი წლის განმავლობაში გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით და აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო და სასწავლო პროექტში, 2024 წლის შემოდგომაზე კი, ,,ერასმუს +”-ის გაცვლითი პროგრამით, ერთი სემესტრი პორტუგალიაში, პორტოს უნივერსიტეტში გაატარა. ცხადია, პორტომდე მისასვლელი გზა ადვილი არ იყო: „როდესაც გავიგე, რომ გამოცხადდა ამ პროგრამაზე მიღება, ზუსტად ათი დღე მქონდა იმისთვის, რომ შემეგროვებინა ყველა ის დოკუმენტი, რომლებსაც ითხოვდა უნივერსიტეტი და პროგრამა, ასევე დამეწერა სამოტივაციო წერილი და მიმეღო ორი რეკომენდაცია ლექტორებისგან. ამ ყველაფრის გაგზავნის შემდგომ კი იყო ორთვიანი ლოდინის პერიოდი. საბოლოოდ, 12 ივნისს გახდა ცნობილი, რომ არჩეული ვიყავი პროგრამაზე“, – იხსენებს გიორგი.
პორტოს უნივერსიტეტში სწავლის პროცესი საინტერესო აღმოჩნდა, რადგან განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცეოდა კვლევებზე დაფუძნებულ სწავლებას და სტუდენტების კრიტიკული აზროვნების წახალისებას. „როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტისთვის, ეს ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ლექციები და სემინარები ხშირად მოიცავდა დისკუსიებს, თეორიების კრიტიკას და მათ პრაქტიკულ კონტექსტში განხილვას, რაც სწავლის პროცესს უფრო აქტიურს ხდიდა. კვლევაზე ორიენტირებული მიდგომები განსაკუთრებით აძლიერებდა ჩემს როგორც ანალიტიკურ, ასევე კომუნიკაციის უნარებს“, – გვითხრა მან და აღნიშნა, რომ ამგვარი სწავლების სტილი უშუალო გარემოს ქმნიდა ლექტორსა და სტუდენტებს შორის, რაც ხელს უწყობდა თავისუფალი აზრის გაცვლასა და სასწავლო პროცესში მეტი პასუხისმგებლობით ჩართვას.
კითხვაზე – რა განსხვავება დაინახა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პორტოს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში, გიორგიმ აღნიშნა, რომ გაცვლითი პროგრამა იმითაცაა საინტერესო – დააფასო ის სივრცე, რომელიც გაძლევს საფუძველს, გზასა და მუხტს, რომ საკუთარ თავში აღმოაჩინო აკადემიური და პიროვნული პოტენციალი: „თსუ-ში მივიღე ღრმა და სტრუქტურირებული ცოდნა. თეორიებიდან პრაქტიკულ შემთხვევებზე გადასვლა, ანალიზის უნარის განვითარება და გლობალური პროცესების კრიტიკულად აღქმა – ეს ყველაფერი თსუ-ს ლექტორების დამსახურებაა, რომლებიც არა მხოლოდ ცოდნას გვიზიარებდნენ, არამედ გვეხმარებოდნენ დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში. ამიტომ თსუ არის ადგილი, სადაც არა მარტო ცოდნა მივიღე, არამედ ჩემი სოციალური კაპიტალიც გავზარდე – გავიცანი არაჩვეულებრივი ლექტორები, შევიძინე მეგობრები, რომლებიც ცხოვრების ყველა ეტაპზე გვერდში მიდგანან. სწორედ თსუ-მ მომცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო ,,ერასმუს +“-ის პროგრამაში და გამევლო გაცვლითი სემესტრი ევროპაში, რაც ჩემთვის არა მხოლოდ აკადემიური, არამედ პიროვნული გამოცდილებაც იყო“, – ამბობს იგი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გიორგისთვის ის ისევ სწავლას უკავშირდება და შემდეგ სემესტრს, კვლავ ,,ერასმუს +“-ის პროგრამით, პორტუგალიაში, ამჯერად მინჰოს (University of Minho) უნივერსიტეტში გაატარებს.
