ბავშვობის ოცნებიდან მარბურგის უნივერსიტეტსა და გერმანულ სამართლამდე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტის, გიორგი ქურციკიძის ისტორია მიზანდასახულობისა და თანმიმდევრული შრომის მაგალითია. ოთხგზის სახელმწიფო სტიპენდიატმა და თსუ–ს სამეცნიერო კონფერენციის პირველადგილოსანმა სტუდენტმა 2025–2026 სასწავლო წელი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გერმანიის ერთ–ერთ უძველეს – მარბურგის ფილიპსის უნივერსიტეტში (Philipps-Universität Marburg) გაატარა.
ევროპაში სწავლის იდეა გიორგის ადრეული ასაკიდანვე მოჰყვება. ამ მიზნის ჩამოყალიბებაში დიდი როლი მისმა გერმანული ენის მასწავლებელმა, ლეილა კამლაძემ და მშობლებმა ითამაშეს. თსუ-ში ჩაბარების შემდეგ კი ენის ცოდნას გერმანული სამართლისადმი ღრმა ინტერესიც დაემატა: „თსუ-ში სწავლის დაწყების შემდეგ ამ მიზანს უკვე სამართალიც დაემატა. გერმანული ენის ცოდნასთან ერთად გერმანული სამართლის მიმართ ინტერესიც გამიჩნდა. ამ მხრივ ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილება, განსაკუთრებით კი ლაშა ბრეგვაძის ლექციები. ჩემთვის საინტერესო იყო მისი მიდგომა – სამართალი მხოლოდ ნორმების ერთობლიობად არ განგვეხილა… სწორედ ასეთმა გარემომ გამიჩინა სურვილი, სამართლის სწავლა სხვა აკადემიურ სისტემაშიც გამომეცადა“, – ამბობს გიორგი.
Erasmus+-ის კონკურსამდე გიორგიმ გერმანიის სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკაში ინტენსიური კურსი მაქსიმალური შეფასებით დაასრულა, ხოლო მისი სამეცნიერო ნაშრომი, სოციალური სახელმწიფოს პრინციპისა და ძირითადი სოციალური უფლებების შესახებ, თსუ-ს სამართლის ფაკულტეტის ჟურნალში გამოქვეყნდა.
მარბურგის ფილიპსის უნივერსიტეტში გატარებულმა მთლიანმა სასწავლო წელმა გიორგის საშუალება მისცა, სიღრმისეულად შესჭიდებოდა გერმანულ სამართლებრივ სისტემას და დამოუკიდებელი ცხოვრების გამოცდილებაც მიეღო: „თუ Erasmus-ის გამოცდილება ერთი სიტყვით უნდა აღვწერო, ალბათ „გაფართოებას“ დავარქმევდი… საკუთარი შესაძლებლობების, შეხედულებებისა და პროფესიული ინტერესების გაფართოებას. როდესაც სამართალს იმ ქვეყანაში სწავლობ, რომელშიც შესაბამისი სამართლებრივი სისტემა ყოველდღიურ პრაქტიკაში მოქმედებს, თეორიული ცოდნა სხვა მნიშვნელობას იძენს“, – ამბობს გიორგი.
აკადემიურ სივრცეში სწავლასთან ერთად, ის გერმანიაში მომხმარებელთა მომსახურების სფეროშიც მუშაობდა. ეს გამოცდილება მას სტრესულ სიტუაციებში მშვიდად მოქმედებასა და პასუხისმგებლობის აღებაში დაეხმარა, რაც გერმანულად ცნობილ Selbstständigkeit-ის (დამოუკიდებლობის) პრინციპს უკავშირდება.
სწავლების მეთოდოლოგიაზე საუბრისას გიორგი აღნიშნავს, რომ გერმანულ იურიდიულ განათლებაში ცენტრალური ადგილი უკავია სწორედ Subsumtionstechnik-ს – კონკრეტული შემთხვევის მისადაგებას სამართლებრივი ნორმის აბსტრაქტულ შემადგენლობასთან. ის ამბობს: „მარბურგში ლექტორი არ ცდილობს სტუდენტს ამომწურავი პასუხები მზა სახით მიაწოდოს. ლექცია არის მხოლოდ მიმართულების მიმცემი ვექტორი, ხოლო ძირითადი სამუშაო ბიბლიოთეკაში, პირველწყაროებთან და დოგმატური კვლევების დამუშავებასთან მიდის… თსუ იძლევა ფართო, სისტემურ თეორიულ ცოდნას, ხოლო გერმანული მოდელი ამ ცოდნის პრაქტიკულ იურიდიულ ინსტრუმენტად ქცევას აყალიბებს. ამ ორი სკოლის სინთეზი სამართლის სტუდენტისთვის უძვირფასესი კაპიტალია.“
გერმანიაში გატარებულმა წელმა გიორგი ქურციკიძეს მომავლის გეგმები კიდევ უფრო მკაფიოდ დაანახა. იგი გეგმავს მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებას გერმანიაში და სამეცნიერო საქმიანობის გაღრმავებას იმ მიმართულებით, თუ როგორ ახდენს სამართალი გავლენას საზოგადოებრივ პროცესებზე: „ბავშვობაში, როდესაც გერმანული ენის გაკვეთილებიდან ევროპაში სწავლის შესახებ მესმოდა, ეს ყველაფერი ძალიან შორეულ მომავალს ჰგავდა, ხოლო ახლა, როცა მარბურგში გატარებულ წელს ვიხსენებ, ვრწმუნდები, რომ ოცნება შეიძლება ასე დასრულდეს: თავიდან მხოლოდ იდეა არსებობს, შემდეგ მიზნად იქცევა, ბოლოს კი უკვე შენი ცხოვრების გამოცდილების ნაწილია“, – გვითხრა მან.
