ახალი წლის დღესასწაულის ეფექტი და ბედნიერების ჰორმონის მაცდური შედეგი
თარიღი: 2025-12-12 19:36:39
გვესაუბრება თსუ-ს ახალგაზრდა ეკონომისტი, დოქტორანტი გიორგი კოხრეიძე
- როგორ ავიცილოთ თავიდან სპონტანური ხარჯები
- საახალწლო დღესასწაულისთვის ბიუჯეტი პრიორიტეტების განსაზღვრის საფუძველზე უნდა განაწილდეს. ოჯახი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც გარკვეული ჯგუფი, სადაც, ძირითადად, 2-3 თაობა არის წარმოდგენილი. მათ გააჩნიათ განსხვავებული პრიორიტეტები, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი ერთობლივად უნდა დაიგეგმოს: გონებრივი იერიშის ეფექტით ყველა გააჟღერებს იდეებს, პრიორიტეტებს… შემდეგ ეს ყველაფერი მოწესრიგებული ფორმით დალაგდება და გამზადდება საერთო ბიუჯეტი ოჯახური საჭიროებების გათვალისწინებით. წინასწარი გაწერა აუცილებელია, რადგანაც ხშირად სწორედ სპონტანური ხარჯები იწვევს იმას, რომ ახალი წელი ფინანსურ ტვირთად იქცევა.
- რას აჩვენებს პრაქტიკა – როგორ იქცევიან ადამიანები ახალი წლის მოლოდინისას?
- დეკემბერი, თავისი არსით, საკმაოდ საინტერესო თვეა, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ, როგორც წესი, იზრდება ხარჯები. დეკემბერში ადამიანები უფრო მიდრეკილები არიან დახარჯონ, თანაც დახარჯონ უმიზეზოდ. შეგვიძლია ამას ახალი წლის დღესასწაულის ეფექტი დავარქვათ. შესაბამისად, დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებები პირდაპირ აისახება იანვრის სტარტზე და, ხშირ შემთხვევაში, ნეგატიურად. ეკონომიკაში ხშირად ვუშვებთ, რომ ადამიანები რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებენ, თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს ასე არ არის. საუკეთესო რჩევა ალბათ ისაა, რომ დღესასწაულის გამო არ უნდა გავზარდოთ ვალდებულებები და მეტიც – ვიფიქროთ გარკვეულ დანაზოგზე.
- როგორი სტრატეგია უნდა შევიმუშაოთ ემოციური შოპინგისას?
- როგორც უკვე აღვნიშნე, საჭირო არის ბიუჯეტის წინასწარი განაწილება, რაც, თავისთავად, მოიცავს ხარჯების გათვალისწინებას. ყველაზე ხშირი შეცდომაც სწორედ ესაა – საყიდლებზე გასვლა საჭირო ნივთების/პროდუქტების სიის გარეშე. მეორე, ჩემი აზრით არანაკლებ მნიშვნელოვანი, არის ემოციური შოპინგი. ახალი ნივთის ყიდვისას ადამიანის ორგანიზმში დოფამინის – ბედნიერების ჰორმონის – დოზა გამოიყოფა. ეს ასტიმულირებს ადამიანს და ეიფორიის შეგრძნებას ქმნის, თუმცა მოკლევადიან პერიოდში. ახალი წლის დღესასწაული ზუსტადაც რომ ამის კატალიზატორია. მესამე, რაც შემიძლია დავასახელო, არის ვალდებულებების აკუმულაცია.
- იმისთვის, რომ ეფექტიანად ვმართოთ ემოციური შოპინგი, საჭიროა პირველადი მიზეზის იდენტიფიცირება და რაციონალურობის დადგენა. დეკემბერში ეს, ძირითადად, დაკავშირებულია წინასაახალწლო განწყობასთან. ერთ-ერთი ეფექტიანი ბერკეტი არის საყიდლების ჩამონათვალის სიის გაკეთება, სადაც ყველაფერი პრიორიტეტებისა და ღირებულების გათვალისწინებით შეგვიძლია დავაჯგუფოთ. იმას, რაც არ იქნება ღირებული და პრიორიტეტული, გადავდებთ შემდეგი დღისთვის. უმეტეს შემთხვევაში, ემოციური შოპინგის ეფექტი ქრება. მნიშვნელოვანია, პროცესში დავსვათ კითხვა – „საჭიროა თუ სასურველია“? პირადი გამოცდილებითაც გეტყვით, რომ ეს კითხვა მნიშვნელოვნად ამცირებს იმპულსური გადაწყვეტილებების ალბათობას.
Facebook
Twitter
LinkedIn
თამარ დადიანი
2007 წლიდან არის თსუ-ის გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ ჟურნალისტი. მუშაობდა სამეცნიერო ჟურნალის ,,მიკრო-მაკრო ეკონომიკა“ ჟურნალისტად. 1998-2000 წლებში იყო გაზეთ ,,დილის გაზეთის“ საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების რედაქტორი. იყო გაზეთ ,,ალიას“ მორიგე რედაქტორი, ჟურნალისტი. მუშაობდა გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკაში“ კორესპონდენტად.
ყველა სტატია
