დავით კლდიაშვილის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლის – „მსხვერპლნი“ – რეჟისორთან შეხვედრა-დისკუსია გაიმართა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორ გიორგი კაშიას უმასპინძლა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების ინიციატივითა და პროფესორ რუსუდან ნიშნიანიძის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე მიმოიხილეს სპექტაკლი ,,მსხვერპლნი”, რომელიც რეჟისორმა დავით კლდიაშვილის მოთხრობის მიხედვით რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგა.
ღონისძიება გახსნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ. მან ხაზი გაუსვა ფილოლოგიისა და თეატრის მჭიდრო კავშირს და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. „სადაც ლიტერატურაა, იქ ენაცაა – ეს ორი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. ჩვენი შეხების წერტილიც სწორედ ეს არის: ერთნი ვკითხულობთ და ვიკვლევთ, მეორენი კი ამას სცენაზე აცოცხლებენ. ჰუმანიტარი სრულფასოვანი სპეციალისტი ვერ იქნება, თუ მას ხელოვნებასთან ზიარების სურვილი არ აქვს“, – განაცხადა დეკანმა.
სალონური საუბრის მოდერატორი გახლდათ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი რუსუდან ნიშნიანიძე. პროფესორმა სპექტაკლის სხვადასხვა ასპექტზე ისაუბრა. ,,ჩვენ ვნახეთ სპექტაკლი „მსხვერპლნი“, რომელიც დავით კლდიაშვილის მოთხრობის – ,,მსხვერპლის” – მიხედვით იყო დადგმული. ამ შემთხვევაში სათაურის ცვლილება გამართლებულია, რადგან აქ სამივე პერსონაჟი მსხვერპლია: ფეფენაც, ნიკაც და მარინეც, მაგრამ, სპექტაკლში ბევრი დეტალი, მათ შორის, ფინალი ტექსტისგან განსხვავებულად არის დანახული. ჩვენი შეხვედრის მიზანიც სწორედ ეს არის: გამოვთქვათ განსხვავებული აზრი და ავხსნათ – თუ რატომ გახდა ეს ცვლილებები, ამგვარი ,,ჩარევა“ საჭირო… ეგებ, თეატრალურმა ენამ მოითხოვა ეს?! მოდით, ვისაუბროთ ამაზე“! – მიმართა სტუდენტებსა და სტუმარს რუსუდან ნიშნიანიძემ.
თავად სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი გიორგი კაშია აღნიშნავს, რომ კლდიაშვილის ტექსტზე მუშაობა მისთვის მხოლოდ პროფესიული არჩევანი არ ყოფილა. რეჟისორის თქმით, მისი ხედვა ბავშვობის შთაბეჭდილებებსა და იმ გარემოს ეფუძნება, სადაც გაიზარდა: „მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც კლდიაშვილით დავინტერესდი. ეს, ალბათ, ჩემმა ქუთაისურმა წარმომავლობამაც განაპირობა. კლდიაშვილის პერსონაჟები ჩემთვის გამოგონილი გმირები არ არიან – მე მათ ბავშვობიდან ვხედავდი, ისინი ჩემ ირგვლივ არსებობდნენ. როდესაც ხელოვანს ატმოსფეროს შეგრძნების უნარი აქვს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ეს მწერალი ჩემი მეგობარი უნდა გამხდარიყო”, – ამბობს რეჟისორი. მასთან ერთად თსუ-ში სტუმრად იყო სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობიც, რომლისთვისაც საინტერესო გამოდგა ამგვარი შეხვედრის ფორმატი.
ჩვენ ღონისძიებაზე დამსწრე სტუდენტებსაც გავესაუბრეთ. ერთ-ერთი მათგანი ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ გიორგი კაშიას მოწვევის იდეა ლექციის დროს გაჩნდა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ სპექტაკლის ნახვის შემდეგ ყველას განსხვავებული ინტერპრეტაციები ჰქონდა. „ჩვენ, როგორც მომავალ ლიტერატორებს, სპექტაკლის ნახვის შემდეგ ბევრი კითხვა გაგვიჩნდა, სხვანაირ სიუჟეტურ განვითარებას ველოდით, ისე, როგორც ეს ტექსტშია. თუმცა, ბატონმა გიორგიმ თავისი თვალთახედვა შემოგვთავაზა…” – გვიყვება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი ელენე ცეცხლაძე.
შეხვედრის თაობაზე აზრი გამოთქვა სტუდენტმა ნანა ზავრაშვილმაც, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ აზრთა სხვადასხვაობა და განსხვავებული აღქმა ხელოვნების თანმდევია. ,,ჩვენ არ ვართ მხოლოდ მაყურებლები, ჩვენ ვართ შემფასებლები და ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია – მხოლოდ ერთი მხრიდან არ უნდა შევხედოთ ყველაფერს. ჩვენთვის, როგორც მომავალი ანალიტიკოსებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვისურვებდი, რომ ხშირად იყოს ასეთი შეხვედრები, რადგან აქ იბადება აზრი, იდეა და შეფასება,”- გვითხრა სტუდენტმა.
დისკუსია დიდხანს გაგრძელდა და მხარეები კამათისას ერთმანეთს ძალიან ყურადღებით უსმენდნენ. გამოითქვა აზრი, რომ მსგავსი შეხვედრები სასურველია გაგრძელდეს…
