გიორგი ჯღარკავამ თავისი სადისერტაციო ნაშრომი წარმატებით დაიცვა

თარიღი: 2024-12-20 16:11:10

ცოტა ხნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე („ფილოლოგია“) დოქტორანტმა გიორგი ჯღარკავამ დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი: „ქართველურ ენათა ანდაზების სტრუქტურულ-სემანტიკური ანალიზი“. ნაშრომი 100 ქულით შეფასდა და გიორგი ჯღარკავას ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

დისერტაციაში – ქართველურ ენათა ანდაზების სტრუქტურულ-სემანტიკური ანალიზი – თავმოყრილი საკითხები წლების განმავლობაში მუშავდებოდა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ინსტიტუტში ასოცირებული პროფესორების – მაია ლომიასა და ქეთევან მარგიანის ხელმძღვანელობით. საკითხისადმი ინტერესის უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ ანდაზის კვლევა მნიშვნელოვანი და აქტუალურია არა მხოლოდ ენათმეცნიერული თვალსაზრისით, არამედ სხვა დისციპლინათა პერსპექტივიდანაც; მათ შორის წამყვანი ადგილი ლინგვისტურ ანალიზს უჭირავს, რადგან ენაშია გაცხადებული ერის ყოფა-ცხოვრების, ისტორიისა და კულტურის სპეციფიკური ნიშნები.

„ანდაზა უძველესი კოდური ინფორმაციის შემცველია. იგი ხალხური ზეპირსიტყვიერების ისეთი ჟანრია, რომელიც დღესაც ზეპირმეტყველებაში გვეძლევა. ანდაზაში კონცენტრირებულია საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, სიბრძნე, მაღალზნეობრივი და აღმზრდელობითი დარიგებები. ანდაზებისთვის დამახასიათებელი უნივერსალური მორალი და შეგონება ხშირად კულტურულ-სპეციფიკური ნიშნითაც არის შეფერილი, რაც იძლევა საშუალებას ერთმანეთს შეერწყას ანდაზისთვის ბუნებრივი იზომორფიზმი და ალომორფიზმი, ვარიანტულობა და ინვარიანტულობა. ზემოთქმულის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ქართველურ ენათა ანდაზებისა და მათში ასახული კულტურულ-მენტალური ფენომენების შედარება-შეპირისპირებითი ანალიზი და საერთოქართველური ანდაზური ფონდის კომპლექსური კვლევა“ – აღნიშნა ჩვენთან საუბარში გიორგი ჯღარკავამ.

სადისერტაციო ნაშრომის მიზანიც სწორედ ეს გახლდათ – ქართველურ ენათა ანდაზების ანალიზის შედეგად იმ ენობრივ-გამომსახველობითი ინვენტარის წარმოჩენა, რომლის მიხედვითაც ანდაზა წარმოგვიდგება მოქნილი და ტევადი შინაარსის, განზოგადებული სიბრძნის, სპეციფიკური ინტონაციით წარმოსათქმელ ფრაზად.

როგორც დისერტაციის ავტორი ამბობს, აღნიშნული მიზნის მისაღწევად ჩამოყალიბდა კონკრეტული ამოცანები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდა ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური ანდაზების სტრუქტურის, სემანტიკისა და ლექსიკურ თავისებურებათა წარმოჩენა; ამან, თავის მხრივ, გამოკვეთა საერთოქართველური ტიპოლოგია და საკუთრივ კონკრეტული არეალისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ენობრივი თავისებურებები. სადისერტაციო ნაშრომში წარმოდგენილი საანალიზო მასალა ქართველურ ენათა ანდაზების ბეჭდური გამოცემები და კორპუსული მონაცემებია; გარდა ამისა, გამოყენებულია საარქივო და სხვადასხვა დროს ველზე მუშაობისას მოპოვებული მასალები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანდაზის მორფოსინტაქსური, ლინგვოკულტუროლოგიური და ლექსიკურ-სემანტიკური ასპექტების წარმოჩენამ ნაშრომის სიახლეც განსაზღვრა, რაც ქართველურ ენათა ანდაზური ფონდის სისტემური კვლევითა და ემპირიული მასალის ანალიზისას ტრადიციული თეორიული ცოდნის ახლებური გააზრებით გამოიხატა.

„რაც შეეხება კვლევის შედეგების სამეცნიერო ღირებულებას და პოტენციურ პრაქტიკულ  მნიშვნელობას, უპირველესად, ანდაზის კვლევის ინტერდისციპლინური ხასიათიდან გამომდინარე, მიღებული შედეგები მნიშვნელოვანია როგორც საკუთრივ ქართველოლოგთათვის, განსაკუთრებით – ენათმეცნიერებისთვის, ისე მომიჯნავე დარგების სპეციალისტებისთვის; შესაბამისად, ამგვარი კვლევის შედეგებს აქვთ ზოგადთეორიული მნიშვნელობა ტიპოლოგიური კვლევებისთვისაც. კვლევის შედეგების ღირებულებას მნიშვნელოვანწილად ზრდის ისიც, რომ ნაშრომში გაანალიზებულია საფრთხეში მყოფი არასალიტერატურო ქართველური ენების მონაცემები; ამასთან, გათვალისწინებულია ექსპედიციებზე მოპოვებული მასალები და საარქივო დოკუმენტები“, – აღნიშნა გიორგი ჯღარკავამ.

დისერტაციაში საგანგებოდაა ყურადღება გამახვილებული კვლევის პერსპექტივებზე; მათ შორის, განვითარების სამომავლო ხედვა შეფასებულია კორპუსლინგვისტიკის პერსპექტივიდანაც. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია აგრეთვე სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვისას რეცენზენტებისა და სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან გამოთქმული საინტერესო მოსაზრებები, რომელთა გათვალისწინებითაც ამ ეტაპზე გრძელდება მუშაობა აღნიშნულ საკითხებზე. უახლოეს მომავალში  ნაშრომი მონოგრაფიის სახით გამოიცემა.

Facebook
Twitter
LinkedIn