სტუდენტური შეთავაზებები და კარიერული განვითარების ორიენტირები

თარიღი: 2024-10-03 12:57:15

ყოველი ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებისას საუნივერსიტეტო სივრცეში კარგი ლავირებისა და სტუდენტური სერვისების ასათვისებლად სტუდენტებმა უნდა მიმართონ თსუ-ს სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრს. სად შეიძლება მოიძიოს ინფორმაცია სტუდენტმა ამ ცენტრის შესახებ? როგორც ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი ამბობს, კარიერული ცენტრის შესახებ ყველა სტუდენტს მისდის შეტყობინება კვირაში რამოდენიმეჯერ uni.tsu.ge – ზე. შეტყობინება შეიძლება ეხებოდეს ვაკანსიას, სტაჟირების პროგრამას, რაიმე ტრენინგ კურსს ან სტუდენტურ შეთავაზებას. კარიერული განვითარების ცენტრს ასევე აქვს თავისი გვერდი და ჯგუფი სოციალურ ქსელში, სადაც მუდმივად შეუძლია სტუდენტს გაეცნოს მიმდინარე სიახლეებს. სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი იძებნება თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზეც  გრაფაში – ,,სტუდენტები”.

რა სიახლით შეხვდა ცენტრი ახალი 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას? – ამ კითხვაზე გიორგი გრიგოლაშვილი გვპასუხობს: ,,პირველ რიგში, ახალ სემესტრს ტრადიციულად სტუდენთა საორიენტაციო დღეების გამართვით შევხვდით. საორიენტაციო დღეები მოიცავს 2 დღეს. პირველ დღეს სტუდენტები გაეცნენ საუნივერსიტეტო სერვისებს, ყველაფერ იმას, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს მათ. ესენია: საერთო საცხოვრებლის სერვისები, სტუდენტური პროექტები, ხარისხის განვითარების მექანიზმები, სტუდენტთა უფლებების დაცვა, გაცვლითი პროგრამები, ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ, კულტურული და სტუდენტური ცხოვრება. მეორე დღეს ჰქონდათ კამპუსის ტური. მათ დაათვალიერეს ისტორიული პირველი კორპუსი და მოისმინეს ისტორია უნივერსიტეტის დაარსების შესახებ“.

                                                      გაცვლითი პროგრამები

,,ჩვენი დეპარტამენტი სტუდენტებს სხვადასხვა სახის გაცვლით პროგრამებს სთავაზობს. მაგალითად, ახლახანს, გავაფორმეთ ურთიერთთანამშრობლობის მემორანდუმი გერმანულ-ქართულ კომპანიასთან Beway-სთან. ამ პროგრამის საშუალებით შეირჩა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებული სტუდენტები, რომლებიც ერთწლიან სტაჟირებას  გერმანიაში გაივლიან. ასევე, ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს საქპატენტთან, ისევე, როგორც ევროპის საქპატენტთან. ამ პროგრამის ფარგლებში თსუ-დან 70-ზე მეტი განაცხადი შევიდა, საიდანაც 2 სტუდენტი უკვე შეარჩიეს. ეს სტუდენტები 14 ოქტომბერს გაემგზავრებიან ესპანეთში, რაც მოიცავს ანაზღაურებად სტაჟირებას“, – ამბობს ჩვენთან საუბარში ცენტრის ხელმძღვანელი.

                                                           რჩევა სტუდენტებს

,,მთავარი რჩევა ის არის, რომ სტუდენტებმა კარიერის განვითარებაზე იზრუნონ უნივერსიტეტში შემოსვლის პირველივე დღიდან. კარიერა არის სტუდენტის აკადემიური, პიროვნული, სოციალური განვითარება. კარგი იქნება, თუ ისინი თავიდანვე გაეცნობიან დასაქმების ფორუმებს და სწორად აღიქვამენ დამსაქმებლების მოთხოვნებს, მიხედავენ აკადემიურ მოსწრებას, რადგან ნებისმიერ დამსაქმებელს სჭირდება მინიმუმ კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი. ასევე, მათ უნდა განავითარონ სოციალური უნარ-ჩვევები, კომპეტენცია, მიიღონ ყველა შეთავაზება, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს და მუდმივად ადევნონ თვალი თავისი პროფილის მიმართულებით შრომით ბაზარზე არსებულ ტენდენციებს“, – აღნიშნავს გიორგი გრიგოლაშვილი.

კაკი მგალობლიშვილი

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn