საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი პროექტის განხორციელება იწყება.
„საქართველოს საერთაშორისო მიგრაციული პროცესების სოციალურ-ეკონომიკური და გეოგრაფიული ასპექტები და მათი გავლენა განვითარებაზე“ – ასე ჰქვია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო დაფინანსებით უზრუნველყოფილ გრანტს, რომელსაც ხელმძღვანელობს საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი გიორგი გოგსაძე (გავლილი აქვს სტაჟირება ვაშინგტონის, მერილენდისა და რათგერსის (ნიუ ჯერსი) უნივერსიტეტებში. ის რამდენიმე წელი მუშაობდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კავკასიის ბიუროში. გამოქვეყნებული აქვს სახელმძღვანელო „მოსახლეობის გეოგრაფია“), ხოლო მკვლევრები არიან: ასოცირებული პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი ია იაშვილი (გავლილი აქვს სტაჟირება მონტანას უნივერსიტეტში და რათგერსის უნივერსიტეტში. მისი რედაქტორობით, 2021 წ. გამოიცა სახელმძღვანელო „საქართველოს საზოგადოებრივი გეოგრაფია“) და ორი ახალგაზრდა მეცნიერი: გეოგრაფიის დოქტორი ტატიანა სიჭინავა (2023 წელს თსუ-ში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია: “შრომით მიგრანტთა საქართველოში ინტეგრაციის და განსახლების თავისებურებები“. ამჟამად დასაქმებულია მკვლევრის პოზიციაზე მიგრაციის და დიასპორის კვლევით ცენტრში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. ასევე არის ასისტენტ-მკვლევარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტში) და თამარ ოქრუაშვილი (2020 წ. ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტში მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 2023 წ. სოციოლოგიის მაგისტრის ხარისხი გლობალური სოციალური სწავლებების მიმართულებით. 2022 წლიდან მუშაობს სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტში, სადაც მონაწილეობს ბიოგრაფიულ ისტორიულ კვლევაში ერთ-ერთი მკვლევრის სტატუსით).
პროექტში უცხოელი კონსულტანტის სტატუსით ჩართული იქნება კორვინუსის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი, უნგრეთი) პროფესორი ატილა მელეგი, რომელიც ევროპაში მიგრაციის ერთ-ერთი ცნობილი სპეციალისტია.
საქართველოში საერთაშორისო მიგრაციის (იმიგრაცია და ემიგრაცია) კომპლექსური მეცნიერული შესწავლა ჯერ არ ჩატარებულა. პროექტი შეავსებს ამ ხარვეზს და პირველად საქართველოში შესწავლილი იქნება იმიგრაციის და ემიგრაციის აქტუალური საკითხები, ასევე მათი გავლენა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე.
პროექტი სამწლიანია. მისი მიზანია – წარმოაჩინოს თანამედროვე საქართველოში მიგრაციული პროცესების გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ-დემოგრაფიულ, სამართლებრივ-პოლიტიკურ, გეოგრაფიულ და კულტურულ გარემოზე. მეცნიერები ამ პერიოდში შეისწავლიან ემიგრაციული და იმიგრაციული ნაკადების დინამიკასა და გეოგრაფიას, ჩაატარებენ თვისებრივ სოციოლოგიურ კვლევას როგორც ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე საქართველოში მცხოვრებ იმიგრანტებთან; მოამზადებენ სტატისტიკურ ბაზას, შექმნიან კვლევის ამოცანების შესაბამის სტატისტიკურ მოდელებს, მოახდენენ უცხოეთში მყოფ ქართველ ქალთა შრომითი მიგრაციის სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის და დანაკარგის იდენტიფიცირებას, ასევე გამოიკვლევენ საქართველოში დარჩენილი სრულწლოვანი შვილების დამოკიდებულებას მშობლ(ებ)ის შრომითი მიგრაციის მიმართ და სხვ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ასევე, კვლევის შედეგების საერთაშორისო კონფერენციებზე წარდგენა, მიგრაციის საკითხებზე მრგვალი მაგიდის ორგანიზება და სამეცნიერო პროდუქციის (სტატიები, მონოგრაფია) შექმნა ქართულ და ინგლისურ ენებზე. „ამით, ერთი მხრივ, მივიღებთ ქართულენოვან სამეცნიერო პროდუქტს, რაც წვლილს შეიტანს ეროვნული მეცნიერების განვითარებაში, ხოლო მეორე მხრივ, ინგლისურენოვანი სტატიები ხელს შეუწყობს ქართული აკადემიის ავტორიტეტის ზრდას საერთაშორისო დონეზე – მეტი უცხოელისთვის გახდება შესაძლებელი საქართველოს რეალობის გაცნობა. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტის შედეგად შეიქმნება ახალი სასწავლო კურსები და განახლდება არსებული კურსები, რაც ინტელექტუალური საკუთრების შექმნის კიდევ ერთი საშუალებაა. ჩვენი ღრმა რწმენით, კვლევის შედეგები ღირებული იქნება იმ სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ მიგრაციის საკითხების პოლიტიკის შემუშავებაში. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ მიგრაცია ევროკავშირისთვის საკმაოდ აქტუალური საკითხია და პროექტის სამეცნიერო შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნას აღნიშნულ ორგანიზაციასთან პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესში“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი გოგსაძემ.
პროექტში წამყვანი ორგანიზაციის სტატუსით მონაწილეობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იგი განხორციელდება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ბაზაზე. აღნიშნული მიმართულება თსუ-ს ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ერთეულია – წელს მას დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა.
