აკადემიკოს გიორგი წერეთლის ხსოვნის საღამო

თარიღი: 2026-11-04 19:13:15

27 ოქტომბერს თსუ-ს მუზეუმში ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოს გიორგი წერეთლის მოსაგონებლად სამმა თაობამ მოიყარა თავი – მეცნიერის უშუალო მოწაფეებმა თავიანთ პედაგოგთან დაკავშირებული ისტორიები გაიხსენეს და  აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამების დღევანდელ სტუდენტებს დიდი მასწავლებლის, როგორც გამორჩეული მკვლევრისა და პიროვნების შესახებ უამბეს.

ღონისძიების მთავარი მოვლენა გიორგი წერეთლის ფუნდამენტური ნაშრომის – „არმაზის ბილინგვა“ – ხელახალი გამოცემის პრეზენტაცია იყო. წიგნი, რომელმაც 85 წლის წინ საქართველოს ისტორიის აღქმა შეცვალა, რეპრინტისთვის თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის არაბისტმა დოქტორანტმა, ლადო ზირაქაშვილმა მოამზადა. ნაშრომი 1940 წელს არმაზში აღმოჩენილი ბერძნულ-არამეული ორენოვანი სტელის არამეული ტექსტის წაკითხვასა და სამეცნიერო კომენტარებს აერთიანებს.

თსუ-ს მუზეუმმა შეხვედრას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85-ე საიუბილეო წლის ფარგლებში უმასპინძლა.

მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიას თავდაპირველად თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ მიმართა: ,,გიორგი წერეთელი ნამდვილად ასოცირდება მეცნიერთა იმ გამორჩეულ თაობასთან, რომლებმაც შექმნეს ქართველოლოგია და თავისი წარუშლელი კვალი დატოვეს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. ის იყო აკადემიკოსი, სემიტოლოგიის კათედრისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დამაარსებელი თსუ-ში, რომლის კვლევის შეუდარებლად ვრცელი დიაპაზონი ძველი აღმოსავლეთის ენებიდან რუსთველოლოგიამდე ვრცელდებოდა“.

თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თავის სიტყვაში სწორედ მეცნიერის უნიკალურ მასშტაბებსა და მის მიერ დატოვებულ უმდიდრეს მემკვიდრეობაზე გაამახვილა ყურადღება: „გიორგი წერეთელი არის ერთადერთი მეცნიერი, რომელიც არ იყო თსუ-ს დამფუძნებელი, მაგრამ უნივერსიტეტის ეზოში განისვენებს. 1973 წელს, როდესაც ის გარდაიცვალა, ქართული სამეცნიერო საზოგადოება შეჯერდა, რომ მისი განსასვენებელი სწორედ უნივერსიტეტის ეზო უნდა ყოფილიყო უდიდესი ღვაწლის გამო.

რექტორმა ასევე ხაზი გაუსვა „არმაზის ბილინგვის“ მნიშვნელობას: „ამ ნაშრომმა სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო ანტიკური ეპოქის ქართულ ისტორიოგრაფიაში. ჩვენს წინაშე გადაიშალა ისტორია 21 წლის ახალგაზრდა, გარდაცვლილი ქალისა, რომლის ოჯახიც იბერიის სამეფო კართან იყო დაკავშირებული. მაგრამ ყველაზე საინტერესო სწორედ ენათმეცნიერული კუთხით გიორგი წერეთლის დაკვირვებებია, რითაც მან ფაქტობრივად შეცვალა არამეული ენის შესწავლისადმი მიდგომა“. რექტორმა ინიციატივაც გაახმოვანა, რომ თსუ-ს გამომცემლობამ გიორგი წერეთლის შრომების გამოცემას მომავალშიც დაუთმოს სათანადო ყურადღება. 

თავის ჩართვაში საქართველოს აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა აკადემიკოს გიორგი წერეთლის სამეცნიერო დანატოვარს უმაღლესი შეფასება მისცა და საქართველოს აკადემიის ისტორიაში გამორჩეული ადგილი მიაკუთვნა.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დარეჯან გარდავაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ აკადემიკოსმა გიორგი წერეთელმა აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლა სწორედ ქართველოლოგიური კვლევების მხარდასაჭერად დააფუძნა: „რომ არა აღმოსავლური წყაროები, ჩვენ საქართველოს ისტორიაზე პრაქტიკულად ბევრად ნაკლები გვეცოდინებოდა. გიორგი წერეთლის ნამოწაფარი, ჩვენი თაობის მასწავლებელი, პროფესორი თინა მარგველაშვილი სულ იხსენებდა ხოლმე, რასაც ბატონი გიორგი პირველივე ლექციიდან უმეორებდა მათ: ,,არაბული არაბულისთვის თავად არაბებმა ისწავლონ, ჩვენ არაბული იმისთვის გვჭირდება, რომ საქართველოს ისტორიასა და კულტურას მოვახმაროთ”. მთელი ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლა რეალურად ამ მიზანს ემსახურებოდა“.

ღონისძიებაზე მოსულ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, პირველწყაროდან – გიორგი წერეთლის უშუალო მოსწავლეებისგან  (მაია ანდრონიკაშვილი, ნინო კახიანი, ლია რუხაძე და ივანე ლეჟავა) მოესმინათ ისტორიები გამორჩეული მეცნიერისა და პიროვნების შესახებ.

არაბისტიკის კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ლობჟანიძემ საღამოზე დამსწრეთა ყურადღება მიმართა გიორგი წერეთლის გამორჩეული მთარგმნელობითი უნარებისკენ და ამერიკაში ლიბანური ემიგრაციის გამოჩენილი ავტორის, ამინ არრეიჰანის თეთრი ლექსის „განმკურნე მე, ხევის ქალღმერთო” გიორგი წერეთლისეული უბადლო თარგმანი გაიხსენა, რომლითაც ახალი არაბული ლიტერატურის ქართულად  თარგმანის პროცესი დაიწყო. „ათას ერთი ღამის“ სრული აკადემიური ქართული თარგმანის რვატომეულის მომზადების ინიციატორიც აკადემიკოსი გიორგი წერეთელი იყო თავის მოწაფეებთან, პროფესორ ნანა ფურცელაძესა და თინათინ მარგველაშვილთან ერთად, რომლებმაც ეს დიდი პროექტი მასწავლებლის გარდაცვალების შემდეგ ბოლომდე წარმატებით მიიყვანეს.

აღმოსავლეთმცოდნეთა თაობების ამ უწყვეტ ჯაჭვზე ისაუბრა თსუ-ს არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტმა, ნუცა კობახიძემაც: „გიორგი წერეთელი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ენა, შენი სამშობლო და შენი საქმე. მე დღესაც ქედს ვიხრი ბატონი გიორგის ხსოვნის წინაშე, რომელმაც ისეთი მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ჩვენს აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლას, რომ დღეს მყარად დგას და კვლავ აგრძელებს თავის საქმეს.“

უმნიშვნელოვანესი ნაშრომი, რომლის გამოქვეყნების შემდეგაც გიორგი წერეთელს დისერტაციის დაცვის გარეშე მიენიჭა დოქტორის ხარისხი, 85 წლის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა მკითხველს. წიგნის შეძენა თსუ-ს გამომცემლობის მაღაზიაშია შესაძლებელი.


Facebook
Twitter
LinkedIn