გიორგი ბოკერიამ მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილ 207 სამეცნიერო თემის მომხსენებლებს შორის მე-2 ადგილი მოიპოვა
თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის გიორგი ბოკერიას წარმატებების შესახებ ხშირად ვწერთ, მაგრამ სილეზიის საერთაშორისო სამედიცინო კონგრესში (SIMC 2023) მისი გამარჯვება ყველა სხვა წარმატებასთან შედარებით განსაკუთრებულია. გიორგიმ პოლონეთში, ქალაქ კრატოვიცაში გამართულ კონგრესზე (17-19 მაისი) დიდ წარმატებას მიაღწია. მისმა მოხსენებამ, რომელიც შეეხებოდა აორტის სარქვლის ჩანაცვლების ოპერაციას ხელოვნური ეგზოგენური სარქვლის გამოყენების გარეშე, მე-2 ადგილი დაიკავა და კონგრესის ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა.
გიორგი ბოკერიას მოხსენება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო იყო მსოფლიოს 22 სამედიცინო უნივერსიტეტის 207 სამეცნიერო მოხსენებას შორის.
სილეზიის საერთაშორისო სამედიცინო კონგრესი (SIMC 2023) 15 ქვეყანას მასპინძლობდა: დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ავსტრია, გერმანია, ჩეხეთი, ბელგია, ესპანეთი და სხვა. 207-ამდე სამეცნიერო მოხსენება გადანაწილებული იყო 15-მდე სამედიცინო სექტორში: თერაპია, ნევროლოგია, ენდოკრინოლოგია, ჯანდაცვა, ქირურგია, ონკოლოგია და სხვა. კონგრესი ევროკავშირის, ევროპის ჯანდაცვის ასოციაციის, პოლონეთის განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ჩატარდა მრავალი კერძო, სახელმწიფო და პარტნიორი ორგანიზაციების სპონსორობით.
„აღნიშნული კონგრესის შესახებ უშუალოდ მათი წარმომადგენლებისგან შევიტყვე, რომლებიც ქალაქ რიგაში (ლატვია) სამეცნიერო კონფერენციის მსვლელობისას გავიცანი. მივხვდი, რომ ბევრად მასშტაბური, რთული და საინტერესო სამედიცინო შეხვედრა იქნებოდა. გადავწყვიტე ჩემი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გამომეცადა. ჩემი სამეცნიერო კვლევითი ნაშრომი, რომელიც ასევე კარდიოქირურგიის დარგიდან იყო, ორგანიზატორებს გავუგზავნე. იქიდან დადებითი პასუხი მოვიდა. სხვა პროცედურებიც წარმატებებით გავიარე და ასე მოვხვდი 207 მომხსენებელთა სიაში. ეს ძალიან სასიხარულო ამბავი იყო…
კრატოვიცაში კონგრესზე ჩემი გამგზავრება თსუ-ს ადმინისტრაციამ და მედიცინის ფაკულტეტმა სრულად უზრუნველყო, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.
კონგრესი 3 დღიანი იყო. ჩემი მოხსენებით მსმენელის წინაშე 18 მაისს წარვსდექი. საკმაოდ თავდაჯერებულად ვგრძნობდი თავს, რადგან ევროპაში მეორე აკადემიური ვიზიტით ვიმყოფებოდი და ის ჩემთვის ახალ გამოწვევას არ წარმოადგენდა. მოხსენება შეეხებოდა აორტის სარქვლის ჩანაცვლების ოპერაციას ხელოვნური ეგზოგენური სარქვლის გამოყენების გარეშე, რაც ითვალისწინებს სარქვლის გამოცვლას პაციენტის აუტოლოგიური გრაფტით, ანუ მისი საკუთარი ქსოვილით სარქვლის შექმნას და ჩაკერებას აორტის ბოლქვში. აღნიშნულ პროცედურას ოზაკის მეთოდით აორტის სარქვლის ნეოკუსპიდიზაცია ეწოდება. აღნიშნულ პროცედურას მსოფლიოში არცთუ ისე ბევრი კლინიკა აკეთებს. ჩვენს ქვეყანაში ოზაკის პროცედურა უკვე 7 წელია, რაც ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ტარდება პროფესორის, მედიცინის დოქტორის, კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად ბახუტაშვილის მიერ. ამ პროცედურის თეორიულად შესწავლა დავიწყე უკვე 1 წელია. მოვიძიე სხვადასხვა კლინიკებისა და თვით პროფესორ ოზაკის კვლევები, მონაცემები და სტატისტიკა პროცედურის ეფექტურობის, გართულებების, დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ. ასე აეწყო ჩემი აბსტრაქტი და მოხსენებაც. პარალელურად კი შედარებითი ანალიზი წარმოვადგინე ტრადიციულ სარქვლის ჩანაცვლებით პროცედურასთან.
მოხსენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა ჟიურის მხრიდან, რომელიც ნამდვილად კმაყოფილი და მოხიბლული იყო აღნიშნული თემით. დაისვა საინტერესო შეკითხვები, იყო კონტრარგუმენტებიც, მაგრამ ვფიქრობ, ღირსეულად და სარწმუნოდ დავიცავი ჩემი პოზიცია და კარგად წარმოვაჩინე პროცედურის გარკვეული უპირატესობები, როგორებიცაა: ოპერაციის შემდგომ ანტიკოაგულაციის არსაჭიროება, ინფექციებისა და იმუნური პასუხის ნაკლებობა და სხვა. მთავარი აქ პაციენტის ცხოვრების უკეთესი ხარისხია, რასაც აორტის სარქვლის ჩანაცვლებისას ეს პროცედურა იძლევა. ავადმყოფი მეტად კომფორტულად და ნაკლები შეზღუდვებით აგრძელებს ცხოვრებას“, – განაცხადა გიორგი ბოკერიამ, რომელმაც კარდიოქირურგიისა და ინვაზიური კარდიოლოგიის სექციაში ჟიურის წევრებიც დაგვისახელა: პოლონელი კარდიოქირურგი დარიუს დუდეკი კრაკოვის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალიდან, პროფესორი ვოჯიე ვანჰა და ფაბრიზიო კატოვიცის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალიდან. კონგრესს ონლაინ ესწრებოდნენ ჟიურის წევრები გერმანიიდან და ლიეტუვადან, რომელთა მხრიდანაც გიორგი ბოკერიამ მაქსიმალური შეფასება მიიღო.
„გამარჯვებულები გამოვლინდნენ კონგრესის დახურვის ცერემონიაზე. შეირჩა სამი საუკეთესო მოხსენება-ნაშრომი. სიმართლე გითხრათ, გულის სიღრმეში მქონდა თვითკმაყოფილება ჩემი გამოსვლით და გარკვეული საპრიზო კატეგორიის მიღების იმედიც, თუმცა მაინც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს მოხდებოდა, რადგან კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო, ასევე, კონგრესის მასშტაბებიც: ევროპული ქვეყნები და ცნობილი პრესტიჟული უნივერსიტეტები. საბოლოოდ, კონგრესის გალა დახურვის ცერემონიაზე გაიჟღერა სიტყვა GEORGIA-მ და ჩემი ნაშრომის სათაურმა: მომანიჭეს მე-2 ადგილოსანი გამარჯვებულის ტიტული. 1 ადგილი პოლონელმა სტუდენტმა აიღო, მე-3 კი ავსტრიელმა. ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი სიხარული და სიამაყე – საქართველოდან ერთადერთი წარმომადგენელი ვიყავი… უნივერსიტეტისა და ქვეყნის სახელით წარმატების მიღწევა ორმაგად საპასუხისმგებლო, სასიხარულო და საამაყოა. მადლობა ჟიურის, კონგრესის ორგანიზატორებსა და პოლონეთს ასეთი შანსის მოცემისათვის“, – აღნიშნა გიორგიმ, რომელიც ხაზგასმით თვლის, რომ ეს გამარჯვება მისი მშობლების დამსახურებაა, რომლებმაც როგორც თვითონ ამბობს, უდიდესი ენერგია, შრომა, რესურსი და რწმენა ჩადეს შვილის აღზრდაში. გიორგი დიდი მადლიერია მათი.
„უნივერსიტეტის სახელით ამაყი და ბედნიერი ვარ. მალე სწავლასაც ვამთავრებ და დიპლომირებული მედიკოსის სტუდენტის ხარისხს ვიღებ. მჯერა – თსუ-სთან ჩემი ურთიერთობა სამომავლოდაც გაგრძელდება და არ მინდა, ეს გამარჯვება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებში იყოს კულმინაცია… ვამაყობ, რომ ამ კედლებში გავიზარდე და ჩამოვყალიბდი“… – აცხადებს გიორგი, რომელიც დიდ ბრიტანეთში სწავლის გასაგრძელებლად ემზადება.
„მინდა ევროპაში შეძენილი ცოდნა ჩემს ქვეყანას მოვახმარო. დიდმა ჩერჩილმა თქვა: „წარმატება არ არის საბოლოო, წარუმატებლობა არ არის საბედისწერო: მთავარია გაგრძელების გამბედაობა – გჯეროდეთ საკუთარი თავის და არასოდეს დანებდეთ“, -ასე რომ, მაქსიმალური სვლით წინ“… – ამბობს გიორგი, რომელიც მომავალს თვალს გამბედავად უსწორებს.