ახალი აღმოჩენა – თამაზ გამყრელიძისეული „გილგამეშის ეპოსის ტრანსლიტერაცია“

თარიღი: 2025-11-03 18:40:04

თსუ-ში გაიმართა გამორჩეული მნიშვნელობის სამეცნიერო ღონისძიება – აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის აქამდე უცნობი ხელნაწერის – „გილგამეშის ეპოსის ტრანსლიტერაცია“ – პრეზენტაცია. „გილგამეშის ეპოსის ტრანსლიტერაცია“ გულისხმობს ეპოსის ტექსტის დადგენა-რეკონსტრუქციას ორიგინალ (აქადურ) ენაზე, რაც გადმოცემულია ლათინური ასოებით. ასე რომ, ჩვენს წინაშეა საერთაშორისო მნიშვნელობის დიდი ქართველი  ლინგვისტის, თამაზ გამყრელიძისეული „გილგამეშის ეპოსის (ტრანსლიტერაცია)“. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გახლავთ „გილგამეშის ეპოსის“ ერთადერთი ტრანსლიტერაცია ქართულ მეცნიერებაში. მიხაკო წერეთლის მხოლოდ ქართული თარგმანია ჩვენამდე მოღწეული (კონსტანტინოპოლი, ქართველ კათოლიკეთა სავანე, 1924; ხელახალი გამოცემა – თსუ გამომცემლობა 2010), ტრანსლიტერაცია კი დაკარგულია.

თსუ-ს მუზეუმში გამართული პრეზენტაცია არა მხოლოდ ისტორიულ სამეცნიერო აღმოჩენას უკავშირდება, არამედ კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ უნივერსიტეტის კედლებში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის ინტელექტუალური მემკვიდრეობა.

„გილგამეშის ეპოსი“ კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი პირველი ლიტერატურული ძეგლია. „გილგამეშის ეპოსი“ იგივე „გილგამეშიანი“ (ქართულ ენაზე) აქადური ენის ბაბილონურ დიალექტზე შეიქმნა და თარიღდება ძვ. წ. მესამე ათასწლეულით.  ეპოსის ტექსტი ეფუძნება შუმერულ თქმულებებს ქ. ურუქის მეფე გილგამეშზე, მოგვიანებით კი, ძვ. წ. VII საუკუნეში, ასურეთის მეფის – აშურბანიპალის – ბიბლიოთეკაში აქადური ენის ასურულ დიალექტზე გადაიწერა. აშურბანიპალის ასურულ ვერსიას დღეს სტანდარტულ ვერსიას ვუწოდებთ. ეპოსი 12 დაფას შეიცავს, თუმცა ეპოსის ორგანულ ნაწილს 11 დაფა წარმოადგენს.

სწორედ ამ უდიდესი მემკვიდრეობის სრულ ტრანსლიტერაციას (I – XI დაფის ჩათვლით) მივაგენით თამაზ გამყრელიძის პირად არქივში 2023 წელს თსუ მუზეუმის მიერ გამართულ ასირიოლოგიის კათედრისადმი მიძღვნილ გამოფენაზე. თამაზ გამყრელიძის ნაშრომი მოიცავს ასურული ვერსიის სრულ და ძველბაბილონური ვერსიის ორი ფირფიტის ტრანსლიტერაციას. ნაშრომი, რომელიც ენათმეცნიერმა პეტერბურგში იგორ დიაკონოვთან ასპირანტურის პერიოდში შეასრულა, დღემდე გარკვეული მიზეზების გამო  არ ყოფილა გამოცემული.  ამ აღმოჩენამ ახალი სიცოცხლე შესძინა ძველბაბილონური ტექსტის კვლევის ისტორიას, ასევე გზა გაუხსნა მომავალ მკვლევართ, რომლებიც მომავალში გილგამეშის ეპოსის თარგმანზე იმუშავებენ. თავად თამაზ გამყრელიძის მიზანი არ ყოფილა „გილგამეშის ეპოსის“ ქართული თარგმანის შესრულება, მისი მიზანი სავარაუდო წაკითხვების დადგენა იყო.

აღმოჩენილი ხელნაწერის შესაფასებლად მივმართეთ დუბლინის ტრინიტის კოლეჯის  პროფესორს, ასირიოლოგ  მარტინ უორთინგტონს, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის სპეციალისტია ასირიოლოგიაში.

გამოცემა დაიბეჭდა თსუ გამომცემლობის მიერ. წინასიტყვაობაში პროფესორი უორთინგტონი აღნიშნავს, რომ ტექსტი ეფუძნება  რეჯინალდ კემბელ ტომპსონის 1930 წლის ნაშრომს. მისი შეფასებით, „ეს ტრანსლიტერაცია არა მხოლოდ ტექსტოლოგიურად უნიკალურია, არამედ განსხვავებული წაკითხვებითა და ინტერპრეტაციებით ახალ ფერს სძენს ეპოსის სტრუქტურასა და ბაბილონური ენის გაგებას.“ უორთინგტონის თქმით, თამაზ გამყრელიძეს ამ ტექსტზე მუშაობა სურდა ლიტერატურული ბაბილონური ენის თავისებურებების უკეთ შესასწავლად. მისი მეთოდი ემყარება ტრანსლიტერაციის სავარაუდო ვარიანტებს, რაც მეტყველებს გამყრელიძის საოცარ ფილოლოგიურ ინტუიციაზე“. პროფესორი უორთინგტონი წინასიტყვაობაში დასძენს, რომ ეს ნაშრომი ასირიოლოგიის საერთაშორისო კვლევებში ღირსეულ ადგილს დაიკავებს. 

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ეს ნაშრომი ბევრად სცდება ერთი სპეციალური დარგის საზღვრებს და წარმოადგენს სამეცნიერო მემკვიდრეობის გაგრძელების სიმბოლოს: „ეს წიგნი ჩვეულებრივი წიგნი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ,,გილგამეშის ეპოსი“ აწერია. ამ ტექსტს მხოლოდ რჩეულნი წაიკითხავენ. ასირიოლოგია მეცნიერების ურთულესი დარგია, რომლის სპეციალისტებიც მცირედნი არიან, მაგრამ სწორედ ასეთი ნაშრომები განამტკიცებს ტრადიციას, რომელიც თსუ-ში დაარსებიდან იღებს სათავეს. ჩვენი ამოცანაა ამ ტრადიციის უწყვეტობა“, – აღნიშნა პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ.

როგორც ასირიოლოგმა, თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ნინო სამსონიამ განაცხადა, ნაშრომის ხელნაწერი გამყრელიძის ოჯახმა თსუ-ს მუზეუმს გადასცა გამოფენისთვის. „როდესაც ხელნაწერს გავეცანით, მაშინვე მივხვდით, რომ საქმე გვქონდა განსაკუთრებულ სამეცნიერო მასალასთან. პროფესორ უორთინგტონს შეფასება და რეკომენდაცია ვთხოვეთ გამოსაცემად, თუმცა მარტინ უორტინგტონის ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა, მან თამაზ გამყრელიძის ტრანსლიტერაცია შეისწავლა და კვლევის  საფუძველზე თ. გამყრელიძისეული განსხვავებული წაკითხვები დააფიქსირა, რაც წინასიტყვაობაში ცხრილის სახით არის წარმოდგენილი. მარტინ უორთინგტონის კვლევით თამაზ გამყრელიძის ნაშრომმა ,,გილგამეშის ეპოსის ტრანსლიტერაცია“ იმთავითვე საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა, რაც უდიდესი მიღწევაა ჩვენი უნივერსიტეტისთვის“, – აღნიშნა ნინო სამსონიამ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თსუ-ს მუზეუმის ხელმძღვანელი   მაია  გურაბანიძე,   ვიცერექტორი ერეკლე ასტახიშვილი  და  ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნათია  ხულუზაური, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს პროფესორ უორთინგტონს ნაშრომისადმი გამოჩენილი ინტერესისა და თანამშრომლობისთვის.

თამაზ გამყრელიძის მიერ შესრულებული „გილგამეშის ეპოსის ტრანსლიტერაცია“ წარმოადგენს იმ ინტელექტუალური შრომის შედეგს, რომელიც დროსა და სივრცეს სცდება. ეს ტექსტი ერთდროულად არის მეცნიერული კვლევა და კულტურული ხიდი – აღმოსავლეთის უძველესი ცივილიზაციიდან თანამედროვე საქართველოსაკენ. მისი გამოქვეყნება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქართული მეცნიერება არა მხოლოდ მონაწილეობს მსოფლიო აკადემიურ ცხოვრებაში, არამედ თავად ქმნის მისთვის მნიშვნელოვან ნიმუშებს.

ეს გამოცემა თსუ-სთვის მხოლოდ სამეცნიერო მიღწევა არ არის – ეს არის მონუმენტური მემკვიდრეობა, რომელიც გვახსენებს, რომ უნივერსიტეტის კედლებში ინახება ცოდნის ის განძეული, რომლის მნიშვნელობა ხშირად მხოლოდ დროს შეუძლია სრულად გააცნობიეროს. თამაზ გამყრელიძის ეს ნაშრომი სწორედ ასეთი აღმოჩენაა – ფურცელი, რომელიც ქართული მეცნიერების სახელით დაემატა მსოფლიო აკადემიურ ქრონიკას.

Facebook
Twitter
LinkedIn