გიგა რაზმაძის ჰარვარდული თავგადასავლები
გიგა რაზმაძემ სკოლაში სწავლისას ბევრჯერ იჭყლიტა თავი – რომელი პროფესია აერჩია. დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ მოსწონდა მათემატიკა, ციფრები, კრიტიკული აზროვნება, გრაფიკები… მე-10 კლასიდან გადაწყვიტა, რომ აუცილებლად ინგლისურად უნდა ესწავლა. ერთხელაც ჩაატარა მოკლე ,,რისერჩი” და მიაგნო ISET-ს, რომელიც ინგლისურენოვანი სკოლაა და რომელიც პირველია საქართველოში ეკონომიკის მიმართულებით. გიგა დღეს საკუთარი არჩევანით კმაყოფილია და ამბობს, რომ თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას პირველ ადგილზე აყენებს.
გიგა რაზმაძე იმ სტუდენტთა შორისაა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში. გიგას ბავშვობის ოცნება და არაერთი მცდელობა – საზღვარგარეთ ესწავლა – აუსრულდა. იმდენად საინტერესოდ გვიყვება ჰარვარდის უნივერსიტეტში მოხვედრისთვის ნაწვალებ გზებზე, შემდეგ უკვე ჰარვარდში გამგზავრებისა და საზაფხულო სკოლაში სწავლის პერიოდზე, რომ უცვლელად გვინდა მისი შთამბეჭდავი ისტორია შემოგთავაზოთ.
. . .
,,ჰარვარდში სწავლა ბევრისთვის ოცნების ტოლფასი რამაა – ასე იყო ჩემთვისაც, განსაკუთრებით სკოლის ბოლო წლებში. ყველაფერი დაიწყო პატარაობიდან, როდესაც მოგზაურობაზე, უცხოეთში სწავლასა და ახალი, მრავალფეროვანი გამოცდილებების შეძენაზე ვოცნებობდი, თუმცა ვცხოვრობდი რაჭის ძალიან პატარა ქალაქში, ონში, სადაც ყოველთვის განვიცდიდი შესაძლებლობების დეფიციტს. დროთა განმავლობაში ინტერნეტისა და სოციალური მედიის დახმარებით ვისწავლე ბანაკების, კონფერენციების, ჰაკათონების, სხვადასხვა შეხვედრების მოძიება და ასე გადავაწყდი ერთ-ერთ ძალიან მაგარ გვერდს და უმაგრეს ჯგუფს – Education USA Georgia-ს, რომელიც ახალგაზრდებს უცხოეთში ჩაბარებასა და სწავლაში ეხმარება. ამ ჯგუფში გაწევრიანების შემდგომ ჩემი მოტივაცია დღითიდღე იზრდებოდა და გადავწყვიტე საზღვარგარეთ ჩაბარებაზე ბედი მეცადა – რა თქმა უნდა, ბავშვობის ოცნებას არ ვუღალატე და ერთ-ერთ ვარიანტად ჰარვარდი ავირჩიე. ვიფიქრე, რა იცი, რა ხდება-მეთქი. და დიახ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ გამიმართლა, თუმცა ამ გამოცდილებამ იმდენი მასწავლა და იმხელა ცოდნა მომცა, რომ, საბოლოოდ, შრომა ამად, ალბათ, ნამდვილად ღირდა. შემდეგ ჩავაბარე ISET-ში და გადავწყვიტე, რომ GPA აუცილებლად კარგი უნდა მქონოდა, რაც სამომავლოდ საზღვარგარეთ სწავლაში დამეხმარებოდა. მახსოვს, ზამთარი იყო, თებერვალი, ავტობუსში ვიჯექი და ტელეფონზე თსუ-სგან შეტყობინება მომივიდა ჰარვარდის საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით. საინფორმაციო ,,ფაილი“ რომ გავხსენი, შიგნით საკმაოდ ბევრი კრიტერიუმი დამხვდა, რაც, ალბათ, გამოცდილება რომ არ მქონოდა, საკმაოდ დამსტრესავდა, თუმცა მაშინვე ვთქვი, რომ აუცილებლად ვცდიდი ბედს. მეორე დღიდან დავიწყე მზადება. პროცესი საკმაოდ გრძელი იყო – რეკომედატორების მოძებნა, სამოტივაციო წერილების წერა, ინგლისური ენის ტესტისთვის მზადება და შემდგომ ჩაბარება, მაღალი GPA, ათასი პატარ-პატარა დეტალი და შემდგომ მეორე ეტაპი – გასაუბრება. არ მოგატყუებთ და თითქოს პროცესშივე ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა. აპრილი იყო, როცა ,,ერასმუს“-ის მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამით პოლონეთში ვიყავი და მეილზე მომივიდა შეტყობინება – Dear Giga, Congratulations on your Harvard Summer School nomination! ეს იყო ემოციების ზღვა. იმავე დღიდან უკვე მესამე ეტაპს შევუდექი, რომელიც კიდევ უფრო გართულდა და გაიწელა – კვლავ ინგლისური ენის ტესტი, სავალდებულო აცრები, პლატფორმებზე რეგისტრაცია, ვიზა და ათასი სხვა რამ, თუმცა, საბოლოოდ, უბედნიერესი ვარ, რომ შევძელი და სხვა მონაწილეების, მშობლების, თსუ-ს, ISET-ის დახმარებით ივლისის ერთ პარასკევ დღეს ჯერ სტამბულისა და შემდეგ ბოსტონისაკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩავჯექი. რაც შეეხება უშუალოდ ჰარვარდის საზაფხულო სკოლას, ეს იყო და ყოველთვის იქნება ჩემთვის დაუვიწყარი გამოცდილება, შთაბეჭდილებები და ემოციები.
პირველი რამდენიმე დღე მეგონა, რომ სიზმარში ვიყავი. ყველაფერი ისეთი იყო, როგორც ფილმებსა და იუთუბის ვიდეოებში მინახავს – უნივერსიტეტს ლამის მთლიანად უკავია ქალაქი. მე-19, მე-20 საუკუნის ელფერი კვლავ ყველაფერს დაჰკრავს – ულამაზესი სტუდენტური საცხოვრებლები, ძალიან ზრდილობიანი, ნიჭიერი და განათლებული ხალხი, უმაგრესი ბავშვები, განსაკუთრებული პერსონალი, სუფთა და მშვიდი გარემო და უამრავი სხვა რამ… ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში გავიჩინე ნამდვილი მეგობრები – ყოველ დღეს ერთად ვატარებდით, კურსზეც ერთად ვიყავით, ყოველ საღამოს, კვირის ბოლოსა და თავისუფალ დროს, ახალ-ახალი ადგილების სანახავად მივდიოდით… ვიცურავეთ კაიაკებით, ვითამაშეთ გაქცევის ოთახი, დავაგემოვნეთ აზიური სამზარეულო, დავათვალიერეთ კემბრიჯი და ბოსტონი, ვეწვიეთ მუზეუმებსა და ჰარვარდის თითქმის ყველა შენობას, ვსაუბრობდით და ვთამაშობდით სამაგიდო თამაშებს ღამის 2-3 საათამდე და სხვა მრავალი. თავად ლექციას კი რაც შეეხება, მე მქონდა არჩეული კურსი ,,Political Economics of Globalization: challenges and opportunities”, რომელსაც მასწავლიდა პროფესორი თომას გიფთი. კურსი იყო ძალიან საინტერესო, შევეხეთ უამრავ გლობალურ საკითხს, 3 საათის განმავლობაში გვქონდა დისკუსიები და დებატები. განსაკუთრებით რაც მომეწონა, იყო ის, რომ ყველას გვქონდა სასაუბრო ნებისმიერ საკითხზე და ამ აზრების გაცვლით უფრო ბევრს ვიგებდით და ვსწავლობდით, ვიდრე მხოლოდ ლექციით. კურსის განმავლობაში გვქონდა შუალედური, ფინალური და საბოლოოდ Policy Brief დასაწერი, რაზეც გუნდებთან ერთად ვმუშაობდით. საბოლოოდ, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ჰარვარდის საზაფხულო სკოლა იყო უდიდესი გამოცდილება, რომელმაც უამრავი რამ მასწავლა, დამაძლევინა კომპლექსები, მომცა სითამამე, ახალი უნარები, გამიხსნა კარი ახალი ხედვისკენ და დამანახა, რომ, დიდი სურვილისა და მონდომების შემთხვევაში, წარმოუდგენელი ოცნებებიც კი ხდება“, – ასეთ წინაისტორიასა და ჰარვარდულ გამოცდილებას გვიზიარებს გიგა რაზმაძე, რომლის შთაბეჭდილებების გაცნობაც თსუ-ს სტუდენტებს, ალბათ, დიდ მოტივაციას მისცემს – თავადაც გახდნენ ასეთი თავგადასავლების მონაწილენი.
