საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც უმასპინძლა სამივე ფორუმს
საქართველოს ექიმთა ასოციაციასა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ხელშეკრულების მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია საქართველოში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციების ჩატარება და ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლების აქტიური მონაწილეობა უცხოეთში საერთაშორისო კონფერენციებში. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოში ჩატარდა სამი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამედიცინო ღონისძიება: 2016 წელი, სექტემბერი, ბათუმი — სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამედიცინო ფორუმი (SEEMF); 2017 წელი, ივნისი, თბილისი — მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ევროპის ქვეყნების სამედიცინო ასოციაციების ფორუმი (WHO/EFMA); 2019, ოქტომბერი, თბილისი — მსოფლიო ექიმთა ასოციაციის გენერალური ასამბლეა (WMA GA).
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც უმასპინძლა სამივე ფორუმს. სამივე ღონისძიების ორგანიზებასა და სამეცნიერო სესიების ჩატარებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც საქართველოს ექიმთა ასოციაციის საბჭოს წევრები, ისე მორფოლოგიის ინსტიტუტის ადმინისტრაცია და თანამშრომლები. განსაკუთრებით მინდა გამოვყო 2019 წლის 21–26 ოქტომბერს ქ. თბილისში პირველად ჩატარებული მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის 70-ე გენერალური ასამბლეა და საბჭოს 213-ე სხდომა. აღნიშნული ღონისძიება არის ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი მოვლენა სამედიცინო სფეროში მსოფლიოს მასშტაბით! ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნისათვის იყო და არის უმნიშვნელოვანესი და ისტორიული მოვლენა, ვინაიდან ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა – კიდევ ერთხელ წარმოგვეჩინა საქართველო, როგორც თანამედროვე სამედიცინო და საგანმანათლებლო, ისე ისტორიული ღირებულებებით და ტურისტული პოტენციალით, მათ შორის, სამედიცინო ტურიზმის შესაძლებლობებით მდიდარი, ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული ქვეყანა.
მსოფლიო ექიმთა ასოციაცია არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს ექიმთა გაერთიანებას. იგი დაარსდა 1947 წლის 17 სექტემბერს პარიზში, პირველ გენერალურ ასამბლეაზე, სადაც შედგა ექიმების შეხვედრა მსოფლიოს 27 ქვეყნიდან. ორგანიზაციის შექმნის მიზანი იყო ექიმთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ეთიკის მაქსიმალურად მაღალი სტანდარტების დამკვიდრება. დღეს მსოფლიო ექიმთა ასოციაციაში შედის 154 ქვეყნის ექიმთა ასოციაცია, მათ შორის, საქართველოს ექიმთა ასოციაცია — 2002 წლიდან.
მსოფლიო ექიმთა ასოციაციის მიზანია ემსახუროს კაცობრიობას და გაზარდოს საერთაშორისო სამედიცინო განათლების, სამედიცინო მეცნიერების, სამედიცინო ხელოვნების და ეთიკის, ყველა ადამიანისათვის ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტები. მსოფლიო ექიმთა ასოციაციას აქვს ოფიციალური ურთიერთობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, ასევე სხვადასხვა ჯანდაცვის პროფესიულ ორგანიზაციებთან, სამთავრობო და არასამთავრობო სააგენტოებთან და რეგიონალურ სამედიცინო ასოციაციებთან. გენერალური ასამბლეა წარმოადგენს მსოფლიო ექიმთა ასოციაციის გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლეს ორგანოს, ღიაა მსოფლიო ექიმთა ასოციაციის ყველა მუდმივი წევრი ქვეყნის დელეგატისათვის, ისევე როგორც დამკვირვებელთათვის და სხვა მოწვეული სტუმრებისათვის. გენერალური ასამბლეა და საბჭო ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა კონტინენტზე. ჩვენთვის მეტად საამაყო იყო, როდესაც 2015 წელს ერთ-ერთ გენერალურ ასამბლეაზე მოვიპოვეთ 2019 წლის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი. მსოფლიო ექიმთა ასოციაციის დებულების მიხედვით, აღმასრულებელი სამდივნოს მიერ სამეცნიერო სესიისთვის იყო შემოთავაზებული ორი თემა. ჩვენ, როგორც მასპინძელმა ქვეყანამ, ასევე წარვადგინეთ ორი თემა: ერთი — დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან, ხოლო მეორე — მორფოლოგიის ინსტიტუტთან ერთად. მსოფლიო ექიმთა ასოციაციის საბჭოს სხდომაზე (2018) განხილულ იქნა ოთხივე თემა და დისკუსიის შემდეგ, ღია კენჭისყრით, გამარჯვება მოიპოვა მორფოლოგიის ინსტიტუტთან ერთად შერჩეულმა თემამ „პალიატიური მზრუნველობა“.

2019 წლის გენერალური ასამბლეის სამეცნიერო სესიაზე გამარჯვებული თემის სრულყოფილად და წარმატებული ჩატარების ორგანიზებისთვის მორფოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ მომზადდა საპროექტო განაცხადი გრანტის მოსაპოვებლად და გაიგზავნა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში. ჩვენდა სასიხარულოდ, აღნიშნულმა პროექტმა აქაც დიდი აღიარება მოიპოვა და მიიღო დაფინანსება, როგორც ერთ-ერთმა წარმატებულმა პროექტმა.
უნდა აღინიშნოს, რომ გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობისთვის თბილისს ესტუმრნენ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ქვეყნის (109 ქვეყანა) 300-ზე მეტი დელეგატი. სამეცნიერო სესიის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა „პალიატიური მზრუნველობის მე-2 საერთაშორისო სიმპოზიუმს“. მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ უცხოეთიდან დარგის აღიარებული სპეციალისტები: Robert Twycross, Julia Downing, Fiona Rawlinson, Xavier Gomez Batiste, Julia Verne, Stephen R. Connor, Katalin Muszbek, Ging-Long WANG, Carlos Centeno და Eduardo Garralda.
საქართველოს ექიმთა ასოციაციის წევრები და მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამედიცინო ფორუმში. მათი მოხსენებები ყოველთვის არის წარმოდგენილი ძირითად პლენარულ სხდომებზე, ხოლო თეზისები იბეჭდება „ევროპის უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტაციის საბჭოს“ მიერ აღიარებულ შრომათა კრებულში და თითოეულ მონაწილეს ენიჭება ევროპული კრედიტქულა. სამეცნიერო სესიებზე წარდგენილი თემების აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტი ყოველწლიურად ირჩევს საუკეთესო მომხსენებლებს და მათ ანიჭებს ევროპის საუკეთესო მკვლევარ-მეცნიერის წოდებას. სხვადასხვა წლებში ასეთი წოდება მოიპოვა მორფოლოგიის ინსტიტუტის რამდენიმე თანამშრომელმა: დიმიტრი კორძაიამ, ლიანა გოგიაშვილმა, ნოდარ ხოდელმა, ზურაბ ჩხაიძემ, ხოლო საქართველოს ექიმთა ასოციაციის მხრიდან — ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორმა თინათინ სუპატაშვილმა და მე.
ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა მორფოლოგიის ინსტიტუტის ყველა თანამშრომელს მივულოცო დაარსების საიუბილეო თარიღი და თითოეულს ვუსურვო ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, წარმატებული სამეცნიერო მოღვაწეობა როგორც ინსტიტუტის, ისე საუნივერსიტეტო არეალში.
საქართველოს ექიმთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე
SEEMF ვიცე-პრეზიდენტი
ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
გია ლობჟანიძე
