გია (გიორგი) ფიჩხაიას გახსენება

თარიღი: 2025-07-14 13:29:20

მოულოდნელად დაგვტოვა გია (გიორგი) ფიჩხაიამ, აბსოლუტურად ორიგინალურმა, პოპულარულმა კაცმა…. გიას წასვლა დიდი დანაკლისია ქართული სამედიცინო საზოგადოებისათვის, მისი დიდი სამეგობროსთვის, სამედიცინო განთლების და მეცნიერების სფეროსთვის, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტისათვის, სადაც ის დირექტორის მოადგილე და მთავარი მეცნიერი თანამშრომელი იყო.

გია ფიჩხაია 1960 წელს დაიბადა თბილისში. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ხოლო 1987 წელს დაიცვა დისერტაცია თერაპიის, კერძოდ კი პულმონოლოგიის დარგში. მისი სამეცნიერო ინტერესები დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მას შემდეგ, რაც ის მორფოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი გახდა, მისი მეცნიერული საქმიანობა დაუკავშირდა ნანოტექნოლოგიების, რეგენერაციული მედიცინის ბიოუსაფრთხოების სფეროს კვლევებს, ხოლო პედაგოგიური – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტს.

იგი გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი შრომისუნარიანობით, იყო სტუდენტების საყვარელი ლექტორი, შთაგონებული კოლეგა და ნამდვილი მეგობარი.

2014 წლიდან დღემდე მისი ხელმძღვანელობით/თანახელმძღვანელობით მომზადებულმა 4-მა პროექტმა მოიპოვა საგრანტო დაფინანსება. მის სახელს უკავშირდება მორფოლოგიის ინსტიტუტში ბიოქიმიური და ნანოტექნილოგიური ლაბორატორიების შექმნა.

როგორც ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, დიდი ძალისხმევა გასწია ინსტიტუტის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. მისი უშუალო ზედამხედველობით მიმდინარეობდა ინსიტუტის ექსპერიმენტული კორპუსის განახლება და აღჭურვა. მან ოფიციალურად დაამკვიდრა ინსტიტუტში ლაბორატორიულ ცხოველებთან მუშაობის ნორმატივები და შექმნა ექსპერიმენტული კვლევების ეთიკური საბჭო, რომელიც მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით უწევს დახმარებას შესაბამისი პროფილის სამეცნიერო კვლევებს.

გია ფიჩხაიამ გამოაქვეყნა ათობით სტატია პრესტიჟულ ქართულ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, მისი კვლევები არაერთ კონფერენციაზე იყო წარმოდგენილი საქართველოსა და უცხოეთში.

გია ფიჩხაია მრავალმხრივი ნიჭიერებით იყო დაჯილდოებული. მისი ერუდიცია, ენების ცოდნა, სცენიურობა მისი სტუდენტობის პერიოდიდანვე ფართოდ იყო აღიარებული. სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ერთ-ერთი მესვეური, ამავე დროს, ინსტიტუტის სტუდენტური თეატრის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო. შემდგომშიც, არ გამართულა არც ერთი საზეიმო შეხვედრა თუ კონცერტი ექიმთა მონაწილეობით, სადაც ის აქტიური მონაწილე არ ყოფილიყო, ხშირად კი – ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორიც.

გასაოცარი შემართების კაცი იყო, მოუსვენარი, მაძიებელი, მუდამ საუბარს და კომუნიკაციას მოწყურებული. არ იღლებოდა – თითქოს ჰაერიდან ღებულობდა ულევ ენერგიას.

მეგობრობაში უღალატო და შესანიშნავი ოჯახის თავკაცი იყო. მისი მეუღლე ნატო და ქალიშვილი ნინი მუდამ გრძნობდნენ მის მზრუნველობას და ყურადღებას. თავადაც სრულად იცოდნენ მეუღლისა და მამის ფასი.

შენნაირ ადამიანებს არ ივიწყებენ, მარადიულ ნათელში იქნები, გია!

დიმიტრი კორძაია

თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი

Facebook
Twitter
LinkedIn