ქართული გერონტოლოგიის სათავეებთან
ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტამენტის ნახევარსაუკუნოვანი გზა
ხანდაზმულობა ადამიანის ცხოვრების ბუნებრივი ეტაპია, თუმცა მისი შესწავლა მხოლოდ ასაკობრივი ცვლილებების აღწერით არ შემოიფარგლება. როგორ იცვლება ორგანიზმი ასაკთან ერთად? რა განაპირობებს დღეგრძელობას? როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი ხანდაზმულ ასაკში? და როგორ უნდა იზრუნოს საზოგადოებამ ადამიანზე მაშინ, როდესაც მძიმე დაავადება სიცოცხლის დასასრულს უახლოვდება? – ამ კითხვებზე პასუხების ძიებას საქართველოში ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს.
1969 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში გერონტოლოგიის განყოფილების შექმნით საქართველოში ამ მიმართულების კვლევას მყარი სამეცნიერო საფუძველი ჩაეყარა. ეს იყო პირველი სტრუქტურული ერთეული გერონტოლოგიის დარგში ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში.
განყოფილების შექმნიდან 2023 წლამდე მის საქმიანობას ხელმძღვანელობდა პროფესორი სიმონ დალაქიშვილი — მეცნიერი, რომლის სახელსაც ქართული გერონტოლოგიის განვითარება ათწლეულების განმავლობაში უკავშირდება.
2006 წელს, ინსტიტუტის რესტრუქტურიზაციის შედეგად, გერონტოლოგიის განყოფილება გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტამენტად ჩამოყალიბდა. 2023 წლიდან დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მედიცინის დოქტორი ელენე ჯანბერიძე.
როგორ დაიწყო ქართული დღეგრძელობის კვლევა
გერონტოლოგიის განყოფილების საქმიანობის ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი მიმართულება საქართველოში მცხოვრები დღეგრძელი ადამიანების შესწავლა გახდა. 1973 წელს შეიქმნა საქართველოში მცხოვრები დღეგრძელი მოსახლეობის ადმინისტრაციული განაწილების მონაცემთა სრული ბაზა. იმავე წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან მუშაობა დაიწყო გერონტოლოგიისა და გერიატრიის საკოორდინაციო საბჭომ. 1975 წელს, განყოფილების ინიციატივით, თბილისში ჩატარდა პირველი საკავშირო კონფერენცია — „დაბერების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“. 1976-1987 წლებში განყოფილება ახორციელებდა დღეგრძელობის ფენომენის კომპლექსური პოპულაციური კვლევის პროგრამას. ამ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა დამყარდა აშშ-ის, უკრაინის, რუსეთის, ჩეხოსლოვაკიის, ინგლისისა და იაპონიის წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან. 1978 წელს კი, საკავშირო სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის გადაწყვეტილებით, ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტი საბჭოთა კავშირში დღეგრძელობის ფენომენის შესწავლის საკითხებში მოთავე დაწესებულება გახდა.
1989 წელს თბილისში, განყოფილების ინიციატივით, ჩატარდა გერონტოლოგთა და გერიატრთა მე-5 საკავშირო ყრილობა. საქართველოს დღეგრძელთა დელეგაციებიც არაერთხელ აღმოჩნდნენ საერთაშორისო ყურადღების ცენტრში. 1985, 1989 და 2005 წლებში პროფესორი სიმონ დალაქიშვილი ხელმძღვანელობდა საქართველოს დღეგრძელთა დელეგაციებს ტოკიოში, რომსა და ნაგოიაში. 1999 წელს, გაეროს მიერ მოხუცთა საერთაშორისო წლად გამოცხადებულ წელს, გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა გერონტოლოგიის განყოფილებასთან თანამშრომლობა საერთაშორისო ქარტიის – „საზოგადოება ყველა ასაკისათვის“ – მადლობის სერტიფიკატით აღნიშნა.

სამეცნიერო კვლევიდან საზოგადოებრივ პასუხისმგებლობამდე
დაბერების პროცესის შესწავლა მხოლოდ მეცნიერების ამოცანა ვერ იქნება. ასაკოვანი მოსახლეობის ზრდასთან ერთად დღის წესრიგში დგება ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ეკონომიკური უზრუნველყოფის საკითხებიც. 2000-2004 წლებში განყოფილებამ საკუთარი კვლევების საფუძველზე პარლამენტსა და სამთავრობო სტრუქტურებს არაერთი რეკომენდაცია წარუდგინა უფროსი ასაკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების, სოციალური დაცვისა და ეკონომიკური უზრუნველყოფის პრობლემების გადასაჭრელად. 2015-2016 წლებში კვლევითი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოში ხანდაზმული მოსახლეობის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისა და საპენსიო უზრუნველყოფის სისტემის შემუშავება იყო — ისეთი მიდგომის ჩამოყალიბება, რომელიც საზოგადოებისა და ეკონომიკის განვითარებას მოსალოდნელ დემოგრაფიულ ცვლილებებთან დააკავშირებდა.
გერონტოლოგიიდან პალიატიურ მედიცინამდე
დეპარტამენტის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის მიმართულებების დაახლოებაა. 2008 წელს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მოთხოვნით დეპარტამენტმა ექიმების, სტუდენტებისა და საშუალო სამედიცინო პერსონალის მომზადებისთვის გერონტოლოგიასა და გერიატრიაში სასწავლო პროგრამა შეიმუშავა. იმავე წელს „ღია საზოგადოება — საქართველოს“ ფონდის დაფინანსებით განხორციელდა პროექტი — „ჯანდაცვის ეროვნულ სისტემაში პალიატიური მზრუნველობის დანერგვის ხელშეწყობა“.
შემდგომ წლებში პალიატიური მზრუნველობა დეპარტამენტის ერთ-ერთ ძირითად სამეცნიერო მიმართულებად ჩამოყალიბდა. 2016 წელს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დეპარტამენტის ორგანიზებით თსუ-ში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ღირსეული სიბერე“, რომელიც ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. 2018-2022 წლებში განხორციელდა ხუთწლიანი პროექტი – „ბოლომდე ღირსეული სიცოცხლე“, რომლის მიზანი იყო ხანდაზმულთა სოციალური, სამედიცინო და ეთიკური პრობლემების იდენტიფიცირება და გერიატრიული პალიატიური მზრუნველობის ეროვნული პროგრამისთვის რეკომენდაციების შემუშავება. პროექტს ხელმძღვანელობდა ელენე ჯანბერიძე.
2019 წელს დეპარტამენტის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით თბილისში, თსუ-ში, ჩატარდა პალიატიური მზრუნველობის მე-2 საერთაშორისო სიმპოზიუმი. ამავე პერიოდში თბილისში გაიმართა ექიმთა მსოფლიო ასოციაციის გენერალური ასამბლეა, რომლის ფარგლებშიც პირველად ერთი სრული დღე დაეთმო პალიატიური მზრუნველობის საკითხებს. ამ ეტაპისთვის დეპარტამენტის საქმიანობაში უკვე მკაფიოდ იკვეთებოდა მთავარი პრინციპი: თანამედროვე მედიცინა მხოლოდ დაავადების მკურნალობას არ გულისხმობს — განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრების ხარისხის, ღირსებისა და ფსიქოსოციალური კეთილდღეობის დაცვასაც.
თანამედროვე კვლევა — პაციენტის გამოცდილება კვლევის ცენტრში
თსუ-ის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის 2023-2027 წლების სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს პროექტი — „ონკო-ინკურაბელური პაციენტების სიმპტომების კვლევა საქართველოში“. კვლევა საქართველოში პალიატიური მზრუნველობის სისტემის ერთ-ერთ პირველ მასშტაბურ შეფასებას წარმოადგენს. შესწავლილია სახელმწიფო პროგრამაში ჩართული დაწესებულებების სერვისები, მათი ხელმისაწვდომობა, კლინიკური პრაქტიკა, პერსონალის მომზადება და ხარისხის მონიტორინგის მექანიზმები. კვლევაში საქართველოს შვიდი პალიატიური ცენტრიდან 415 პაციენტი მონაწილეობს. მიღებული მონაცემების საფუძველზე შეიქმნა უნიკალური ეროვნული მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს ონკოლოგიური პაციენტების სიმპტომურ ტვირთს, ფუნქციურ სტატუსს, ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და მკურნალობის პრაქტიკას. კვლევამ გამოავლინა პაციენტებში ყველაზე გავრცელებული და მძიმე სიმპტომები — მათ შორის, დაღლილობა, ტკივილი, მადის დაქვეითება და დეპრესია. ეს მონაცემები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური რეკომენდაციების შემუშავებისა და პალიატიური მზრუნველობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
კვლევაში მონაწილე პალიატიური ცენტრების ექიმებისა და ექთნებისთვის ჩატარდა ტრენინგები პაციენტის მიერ მოხსენებული შედეგების — PROs-ის — შეფასებისა და თანამედროვე კვლევითი ინსტრუმენტების გამოყენების მიმართულებით. მიღებული შუალედური შედეგები 2025 წელს წარდგენილ იქნა ევროპის პალიატიური მზრუნველობის ასოციაციის მე-19 მსოფლიო კონგრესზე ჰელსინკიში და აისახა სამეცნიერო პუბლიკაციებში. კვლევის შედეგებმა საფუძველი დაუდო საერთაშორისო პროექტის მომზადებას ნავარის უნივერსიტეტთან ესპანეთში, ოსლოს უნივერსიტეტთან ნორვეგიაში და რიგის კიბოს ეროვნულ ინსტიტუტთან ლატვიაში თანამშრომლობით. პროექტი — „პალიატიური მზრუნველობის კვლევის მდგრადი გარემოს შექმნა გაფართოების ქვეყნებში სტრატეგიული თანამშრომლობის (Twinning) მეშვეობით“ — HORIZON-ის კონკურსზე იქნა წარდგენილი.
ისტორია, რომელიც მომავალში გრძელდება
1969 წელს შექმნილი გერონტოლოგიის განყოფილებიდან დღევანდელ გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტამენტამდე ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა. ამ დროის განმავლობაში შეიცვალა მეცნიერების მეთოდები, ტექნოლოგიები და თავად საზოგადოების მოთხოვნები. შეიცვალა წარმოდგენაც დაბერებაზე — ასაკოვანი ადამიანი აღარ განიხილება მხოლოდ როგორც სამედიცინო დახმარების მიმღები. თანამედროვე გერონტოლოგია ჯანმრთელ დაბერებას, ცხოვრების ხარისხს, სოციალურ ჩართულობასა და ადამიანის ღირსებას ერთიანად განიხილავს. ერთ დროს მთავარი კითხვა იყო: რა განაპირობებს ადამიანის დღეგრძელობას? დღეს ამ კითხვას ემატება კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი: როგორ გავხადოთ ხანგრძლივი სიცოცხლე ჯანმრთელი, ღირსეული და ხარისხიანი? …და როდესაც განკურნება აღარ არის შესაძლებელი, მეცნიერებისა და მედიცინის ამოცანა კვლავ რჩება — ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდეს ღირსების, სიმშვიდისა და სათანადო ზრუნვის უფლება. ამ იდეით გრძელდება ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტამენტის გზა — დღეგრძელობის კვლევიდან ღირსეულ დაბერებამდე და ღირსეულ სიცოცხლემდე.
