ახალი წიგნი – „გერმანული ენათმეცნიერების ასპექტები“ – გამოიცა
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ ლალი ქეცბა-ხუნდაძესა და ცნობილ გერმანელ მეცნიერ დიტრიხ ბუსეს შორის ურთიერთთანამშრომლობით 7 წლის განმავლობაში დამუშავებული ახალი წიგნი – „გერმანული ენათმეცნიერების ასპექტები“ – გამოიცა.
სახელმძღვანელო შეიქმნა ავტორების მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ჰაინრიხ ჰაინეს დიუსელდორფის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ინსტიტუტსა და თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრას შორის ინსტიტუტთაშორისი პარტნიორობის ფარგლებში გერმანისტიკის დარგში, რომელიც გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD-ის) მხარდაჭერით (2008- 2017 წ.წ.) განხორციელდა.
წიგნი ეფუძნება ორივე ავტორის თითქმის ორმოცწლიან გამოცდილებას გერმანული ფილოლოგიის დარგში. წიგნი იმდენად პოპულარულია, რომ მსოფლიო უნივერსიტეტების თითქმის ყველა გერმანისტიკის ცენტრმა შეისყიდა, ისე, რომ წიგნის დაბეჭდვა თავიდან დასჭირდათ. წიგნი ცნობილ სავაჭრო პლატფორმა „ამაზონზე“ რამდენჯერმე ამოიყიდა.
ახალი გამოცემის – „გერმანული ენათმეცნიერების ასპექტები“ – შესახებ გვესაუბრება თსუ-ს პროფესორი ლალი ქეცბა-ხუნდაძე:
,,გერმანული ენათმეცნიერების სფეროები მეტად მრავალფეროვანი და მოცულობითია. გერმანისტიკის/გერმანული ფილოლოგიის სტუდენტისთვის გერმანული ენათმეცნიერების ცნებები და თეორიული პოსტულატები, შესაძლოა, თავდაპირველად, მეტად რთული და დამაბნეველიც კი იყოს. ეს წიგნი შემსწავლელს ეხმარება კომპაქტურად მიწოდებული მასალის საფუძველზე შეიქმნას არსებითი და ზუსტი წარმოდგენა გერმანული ენათმეცნიერების უმნიშვნელოვანეს ასპექტებზე. მათი ამოსავალი ცნებებისა და მეთოდების შესწავლა წინამდებარე სახელმძღვანელოს მეშვეობით თანდათანობით, სისტემატურად ხორციელდება, ხოლო საგნის შემსწავლელთ, რომელთათვისაც გერმანული დედა ენაა ან უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც გერმანულ ენას, როგორც პირველ ან მეორე უცხო ენას, სწავლობენ, შეუძლიათ მაგალითებით, ამოცანებით ან საკითხავი მასალით – სპეციალური ტექსტებიდან მიიღონ ლინგვისტური ცოდნა, დააფიქსირონ და გაიღრმავონ ის. წიგნის სამიზნე ჯგუფებია: გერმანისტიკის შემსწავლელი ბაკალავრიატის სტუდენტები, რომელთა დედაენაც გერმანულია და მაგისტრატურის სტუდენტები, რომელთათვისაც გერმანული პირველი ან მეორე უცხო ენაა.
სახელმძღვანელო ეძღვნება გერმანისტიკის ქვედარგის – გერმანული ენათმეცნიერების უმნიშვნელოვანეს ასპექტებს. წიგნი ხელს უწყობს გერმანული ენათმეცნიერების სწავლებასა და სწავლას არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული ნაწილითაც: შეთავაზებული სავარჯიშოებით, რაც ხელს უწყობს მიღებული თეორიული ცოდნის ათვისებასა და გაღრმავებას.
გერმანულ ფილოლოგიაში ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის შესავალი კურსების მრავალწლიანი სწავლების, არა მხოლოდ ლექციების, არამედ სემინარების და პრაქტიკული მეცადინეობების გამოცდილების საფუძველზე, გერმანული ენათმეცნიერების ასპექტების სამაგისტრო და სადოქტორო დონეებზე გაღრმავების გათვალისწინებით, ჩვენ ეს კურსი მაქსიმალურად კომპაქტურად შევადგინეთ გერმანული ენათმეცნიერების ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი ასპეტების გათვალისწინებით.
ყოველი თავი შევსებულია დანართში მოცემული, ცალკეული ასპექტებისთვის აუცილებელი სპეციალური ლიტერატურის ჩამონათვალით, სავარჯიშოებით, რომლებიც სწავლებასა და (მათ შორის დამოუკიდებლად) სწავლაში უნდა იყოს გამოყენებული. „გერმანული ენათმეცნიერების შესავალი, ისტორია, ტენდენციები და სფეროები“; „ფიქრი და განსჯა ადამიანური ენის რაობაზე“; „ენათმეცნიერების ძირითადი ცნებები, ენის მასალა I ბგერები,მარცვლები, მორფემები და ენის მასალა II: სიტყვები, სიტყვების სტრუქტურები, სიტყვაწარმოება, სიტყვის მნიშვნელობა“;
„ენობრივი გამონათქვამების სტრუქტურა I: წინადადებები, წინადადებების სტრუქტურები, სიტყვაწარმოება, სიტყვის მნიშვნელობა„ და „ენობრივი გამონათქვამების სტრუქტურა II: ტექსტები, ტექსტების სტრუქტურები, ტექსტის მნიშვნელობა“; „ენობრივი გამონათქვამების ფუნქციები და გამოყენება: სამეტყველო აქტები და ლინგვისტური პრაგმატიკის სხვა ასპექტები“; და სხვა – ეს წიგნის შინაარსის მოკლე ჩამონათვალია …”
…
როგორ შედგა პროფესორ ლალი ქეცბა-ხუნდაძის თანამშრომლობა ცნობილ გერმანელ მეცნიერთან დიტრიხ ბუსესთან? – ამ კითხვაზე წიგნის თანაავტორი თვითონ გვიამბობს:
,,ჩემი თანამშრომლობა პროფესორ დიტრიხ ბუსესთან დაიწყო 2008 წელს, როცა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრასა და ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტის გერმანისტიკის ინსტიტუტს შორის გაფორმდა ინსტიტუტთაშორისი თანამშრომლობა გერმანისტიკის დარგში. პროფესორი დიტრიხ ბუსე მაშინ ენათმეცნიერების კათედრის ხელმძღვანელი იყო, ახლა ის ემერიტუს პროფესორია. სწორედ მაშინ დაიგეგმა საერთაშორისო პროექტი – გერმანული ენათმეცნიერების ძირითადი ასპექტები, რომელზეც მუშაობა ერთ ათწლეულზე მეტ ხანს გაგრძელდა.
. . .
დიტრიხ ბუსე არის ცნობილი ენათმეცნიერი, რომელიც მუშაობს სემანტიკის დარგში და მრავალ სხვა ნაშრომთან ერთად 2012 წ. გამოქვეყნებული აქვს „ფრეიმების სემანტიკის კომპენდიუმი“ (Frame Semantik Kompendium). ასევე ცნობილია მისი ნაშრომები: „სამართალი როგორც ტექსტი“, „დიაქრონიული სემანტიკა და პრაგმატიკა“, „დედა ენა, იდენტობა და ერი“, „იურიდიული სემანტიკა“ და ბოლო წლებში ნაშრომები, რომლებიც ეძღვნება დისკურსის ლინგვისტურ ანალიზს.
. . .
წიგნის პრეზენტაცია წარმატებით ჩატარდა 2022 წლის მაისში ჰაიდელბერგის რუპრეხტ-კარლის სახელობის უნივერსიტეტის გერმანისტიკის კათედრასა და ამავე უნივერსიტეტის თარგმნისა და თარჯიმნობის ინსტიტუტის ორგანიზებით, რომელიც 2018 წლიდან თსუ-ს გერმანული ფილოლოგიის კათედრის პარტნიორია ინსტიტუტთაშორის თანამშრომლობის ფარგლებში გერმანისტიკის დარგში.