გერმანიაში სტუდენტთა დასაქმებას რა დადებითი და უარყოფითი გამოცდილება ახლავს თან?

თარიღი: 2024-03-21 17:38:41

გერმანიაში საზაფხულო სამუშაოები სტუდენტებისთვის სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. საზაფხულო სამუშაოებზე მსურველ სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რასაც საქართველოში სტუდენტებზე მორგებული სამუშაოების სიმცირე განაპირობებს.

გერმანია, რომელიც ცნობილია თავისი ძლიერი ეკონომიკითა და შრომის ბაზრით,  სხვადასხვა სამუშაოს სთავაზობს სტუდენტებს, რომლებიც ცდილობენ – მიიღონ სამუშაო გამოცდილება, გამოიმუშაონ დამატებითი თანხა და გაიუმჯობესონ თავიანთი ენობრივი პრაქტიკა ზაფხულის თვეებში.

„საზაფხულო სტუდენტურ სამუშაოებს გერმანიაში ბევრი დადებითი მხარე აქვს. პირველი ის, რომ გამოვიმუშავე თანხა. იქ რასაც დღეში მიხდიდნენ, საქართველოში შეიძლება ერთ თვეშიც კი ვერ იშოვო. კარგი იყო ასევე ის, რომ ვიმოგზაურე, ვნახე უცხო ქვეყნები, მივიღე როგორც სამსახურებრივი, ასევე მარტო, დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება, ჩემთვის ეს სამი თვე იყო სრული პიროვნული გარდაქმნის პერიოდი“, – გვიყვება თორნიკე ელაშვილი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით სწავლობს.

თორნიკე ელაშვილი ერთ-ერთია იმ სტუდენტთაგან, ვინც საზაფხულო სამუშაოების ფარგლებში გერმანიაში იმყოფებოდა: ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს საშუალებას – ზაფხულის არდადეგებზე გერმანიაში სტუდენტური სტატუსით სამუშაოდ წავიდნენ, რაც საკმაოდ პოპულარულია და რასაც ყოველ წელს ბევრი მსურველი ჰყავს. ეს, როგორც ფინანსურად, ისე ცხოვრებისეულად, საკმაოდ საინტერესო გამოცდილებაა“, – გვიყვება თორნიკე.

მაგრამ, ეს ყველაფერი ადვილი არ არის. სტუდენტებს პრობლემები ექმნებათ გერმანიაში წასვლამდე, რადგან საბუთების მომზადების პროცესი ნამდვილად არ არის მარტივი, ის საკმაოდ შრომატევადია. ,,საბუთების მოგროვების პროცესი ჩემთვის ნამდვილად არ ყოფილა მარტივი, რადგან ძალიან ბევრი სტუდენტი მიდის და უნივერსიტეტს უჭირდა ყველასთვის გაეწია დახმარება, რაც ჰქმნიდა დიდ რიგებს და გაურკვევლობას.

საბუთების ძირითად ნაწილს ესაჭიროებოდა უნივერსიტეტის მხრიდან გაცემული ნებართვა და ხელმოწერა, ხშირად იქმნებოდა ტექნიკური ხარვეზები, რაც გვირთულებდა საქმეს. პირადად მე სამჯერ დამჭირდა უნივერსიტეტიდან ერთი და იგივე საბუთის მოძიება.

შესაბამისად, ეს პროცესი ძალიან გაიწელა, 3-4 თვე დასჭირდა საბუთების სრულად მოგვარებას და გაგზავნას“, – იხსენებს სტუდენტი.

უცხო გარემოში ცხოვრება სტუდენტებისთვის მარტივი როდია, მათ ხშირად სხვადასხვა ბარიერთან და დაბრკოლებასთან უწევთ გამკლავება. თორნიკეს თქმით, ადაპტირების პროცესი მარტივი ნამდვილად არ აღმოჩნდა. ,,20 წლის ასაკში, როდესაც  მარტო, ოჯახისა და მეგობრების გარეშე გადაწყვეტ იცხოვრო სამი თვით უცხო ქვეყანაში, ისაუბრო უცხო ენაზე, რომელიც, ფაქტობრივად, არ იცი, გაეცნო უცხო კულტურას – ნამდვილად არ არის მარტივი. არ დაგიმალავთ, პირველი ორი კვირა ძალიან გამიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება, თუმცა შემდეგ სამსახურსაც შევეჩვიე და საკმაოდ ბევრი ახალი მეგობარიც შევიძინე. ნელ-ნელა ფეხი ავუწყვე გერმანულ ცხოვრებას“, – გვიყვება თორნიკე ელაშვილი.

თორნიკეს მსგავსად გერმანიაში მუშაობის გამოცდილება თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტს ანა მინაძესაც აქვს. ის უკვე ორჯერ იმყოფებოდა გერმანიაში სამუშაოდ. ანას 2022 წელს კურსელმა ურჩია გერმანიაში სამუშაოდ წასვლა. იმ პერიოდისთვის არც ისე ცნობილი იყო ეს პროგრამა, როგორიც ახლაა. შესაბამისად, ბევრი ფიქრისა და  ინფორმაციის მოძიების შემდეგ გადაწყვიტა წასვლა.

,,პირველად როცა წავედი, ბერლინში ჩავფრინდით, რადგან ბილეთების ყიდვის მომენტში ზუსტად არ ვიცოდით – სად მოგვიწევდა მუშაობა. ბერლინში ჩაფრენის შემდეგ 8 საათზე მეტი გზაში ვიყავით, რომ Baden – Wüttemberg-ში ჩავსულიყავით. სამსახური არ იყო მარტივი, იმის მოლოდინი არც მქონდა, რომ მარტივი იქნებოდა. ამის მიუხედავად, ვიცოდი, რომ დროებითი იყო, ასევე, მეგობრებთან ერთად ვიყავი და მაქსიმალურად გამოვიყენე შესაძლებლობა, რომ ,,ვიქენდები“ კარგად გამომეყენებინა, მემოგზაურა და ა.შ“, – გვიყვება ანა. მისი თქმით, მთავარია, სტუდენტებს ყველაფერი ჰქონდეთ კარგად გარკვეული როგორც ქართველი, ისე გერმანელი დამსაქმებლის შესახებ. ასევე საცხოვრებელ ადგილსა და სამუშაო პირობებზე თუ თავიდანვე ყველაფერი ნათელი იქნება და არ იქნება კითხვის ნიშნები, უამრავ სტრესს აირიდებენ თავიდან.

,,ვურჩევ სხვებსაც – აუცილებლად ისარგებლონ ამ პროგრამით, შესაძლებლობებით, გამოსცადონ თავიანთი თავი და მიიღონ ახალი გამოწვევები, რომლებიც დაეხმარებათ  გაზრდაში, ჩამოყალიბებაში და იმის გააზრებაში, თუ რა სურთ მათ. ისინი არა მხოლოდ ფინანსურ სარგებელს, არამედ კარგ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც მიიღებენ“, – ამბობს ანა მინაძე.

სტუდენტების დასაქმებაში მთავარ როლს სწორედ დამსაქმებლები ასრულებენ. ისინი მათ ეხმარებიან საბუთების მომზადებაში, სამუშაოს და საცხოვრებლის პოვნაში, გამგზავრებაში, დაბინავებაში და ა.შ. ეკატერინე კრანცი ქართველი დამსაქმებელია, რომელიც უკვე ოცი წელია გერმანიაში ცხოვრობს და იქ მუშაობს, მას აქვს სამრეცხაო და, აქედან გამომდინარე, სტუდენტების დასაქმება უმარტივდება, რადგან ტურისტულ ადგილას ცხოვრობს და რესტორნების, სასტუმროების, სხვა მნიშვნელოვანი აპარტამენტების მეპატრონეები მისი კლიენტები არიან. ის სტუდენტებს მხოლოდ მის კლიენტებთან ასაქმებს. იგი ამით, ერთი მხრივ, კლიენტებს, ხოლო, მეორე მხრივ, სტუდენტებს ეხმარება.

,,შარშან მქონდა შემთხვევა, როდესაც გადავწყვიტე შუამავალი კომპანიის მეშვეობით დამესაქმებინა ბავშვები, რამაც არ გაამართლა და ბოლოს ყველა ის სტუდენტი, ვინც შუამავალი კომპანიის მეშვეობით უნდა დასაქმებულიყო, ჩემთან წამოვიყვანე და ჩემს კლიენტებთან სათითაოდ ჩამოვარიგე სხვადასხვა სასტუმროსა და რესტორანში“, – იხსენებს ეკატერინე კრანცი.

გერმანიაში სამუშაოს მსურველთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. მსურველები არამარტო საქართველოდან, არამედ სხვადასხვა ქვეყნიდან არიან, რადგან  გერმანიაში სტუდენტი იაფ მუშახელად ითვლება. განა იმიტომ, რომ ცოტას უხდიან, არამედ იმიტომ, რომ სტუდენტები არ იხდიან იმ გადასახადებს, რასაც ჩვეულებრივი მოქალაქეები. გერმანიაში მცხოვრებთათვის თვითონ კომპანიას უწევს გადასახადების (პენსია, სამედიცინო დაზღვევა და ა.შ.) გადახდა. ეს ყველაფერი კი, სტუდენტების შემთხვევაში, არ სჭირდებათ. ასე რომ, დამსაქმებელს მუდმივი თანამშრომლის გაფორმება ბევრად ძვირი უჯდება, ვიდრე სტუდენტის.

,,სტუდენტებს საკმაოდ ბევრ პრობლემასთან უწევთ გამკლავება. მაგალითად, ხშირად ექმნებათ პრობლემები საცხოვრებლის კუთხით. ხშირად მათ ცუდ პირობებში უწევთ ცხოვრება, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს პრობლემები ჩემ მიერ დასაქმებულ სტუდენტებს  არ ემუქრებათ. მე მათ მხოლოდ ისეთ ადგილებში ვუშვებ, სადაც დანამდვილებით ვიცი – რა პირობებია“, – ამბობს ქართველი დამსაქმებელი.

გლაზგოს უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, სტუდენტთა 80%-ს კვლავ სურს გერმანიაში სამუშაოდ წასვლა. კარგი ანაზღაურება, მოქნილი სამუშაო გრაფიკი, უცხო ქვეყნის, ტრადიციებისა და კულტურის გაცნობის საშუალება და ახალი მეგობრების შეძენის შესაძლებლობა – სწორედ ეს არის ის, რაც სტუდენტებს გერმანიაში სამუშაოდ წასვლისკენ უბიძგებს.

ანი კორშია,

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

 ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn