კვლევა, რომლითაც დადგინდა – რა შედეგები მოიტანა რექტორის ბრძანებამ გერმანიაში დასაქმების მსურველი სტუდენტებისთვის
,,საგამოცდო ვადების ცვლილებათა როლი გერმანიაში სტუდენტთა დასაქმების მაჩვენებელზე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე) – ამ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას გამოეხმაურნენ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები თორნიკე ელაშვილი და სალომე კაიშაური, რომელთაც კვლევის შედეგები ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გამართულ სტუდენტთა IX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციაზე წარადგინეს.
,,ამ თემით დავინტერესდით იმიტომ, რომ უშუალოდ მეც მეხებოდა. იმის გამო, რომ გადავწყვიტე ეს ზაფხული გამეტარებინა გერმანიაში, საჭირო იყო უნივერსიტეტიდან ნებართვა და სხვადასხვა საბუთების შედგენა. როდესაც უკვე მოვიძიე ინფორმაცია – როგორ უნდა წავსულიყავი, სად მივდიოდი და რა უნდა გამეკეთებინა აღნიშნულ ქვეყანაში, უნივერსიტეტიდან შემექმნა პრობლემა, რადგან ხელს მიწერდნენ, რომ მოკლე ვადებში ჩავტეულიყავი, რაც არ მაწყობდა. ამიტომ დავიწყე ამ პრობლემის განხილვა ჩემს მეგობრებთან ერთად, ვფქირობდით იმაზე, თუ როგორ უნდა გადაგვეწყვიტა აღნიშნული პრობლემა. შედეგად, მივედით ჩვენს დეკანთან, ქალბატონ სალომე დუნდუასთან, რომელიც დაგვეხმარა სხვადასხვა პროცედურის გავლაში და საბოლოოდ აღნიშნული არდადეგები გახანგრძლივდა. ამიტომ გადავწყვიტე გვეკვლია ის, თუ რამდენად დაეხმარა ეს რეფორმა სტუდენტებს და რამდენად აისახება ეს მათ დასაქმებაზე“, – აღნიშნა თორნიკე ელაშვილმა.
ე.წ. რეფორმამდე სწორედ იგივე პრობლემა ჰქონდათ სხვა სტუდენტებსაც, რომლებსაც მოკლე ვადებში არ უღირდათ გერმანიაში წასვლა, შედეგად კი კარგავდნენ მნიშვნელოვან შანსს – ემოგზაურათ და მიეღოთ გამოცდილება გერმანიასა თუ სხვა ევროპულ ქვეყნებში.
ცნობისთვის: 25 იანვარს გამოქვეყნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას ბრძანება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“, რომლითაც ცვლილებები შევიდა რექტორის 2022 წლის 4 აგვისტოს N230/01-01 ბრძანებაში. ცვლილების მიხედვით, უცხო ქვეყანაში საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებითი გამოცდები ნაცვლად 21-27 ივლისისა, დაენიშნათ 15-17 სექტემბრის პერიოდში (ამ შემთხვევაში, სტუდენტის არდადეგების პერიოდად განისაზღვრება 16 ივლისი – 14 სექტემბერი).
,,სტუდენტთა პრობლემას წარმოადგენდა არდადეგების მოკლე პერიოდი, რის გამოც ვეღარ ახერხებდნენ გერმანიაში დასაქმებას. მათ უწევდათ ან ძალიან მოკლე ვადით წასვლა სამუშაოდ, რითაც ვერც თვითონ სტუდენტი ისარგებლებდა და ვერც დამსაქმებელი, რადგანაც, გერმანიაში ანაზღაურება არის დღიური და 1 თვით წასვლა უმეტესობას აღარც უღირდა. ამის გამო სტუდენტები უარს ამბობდნენ, იმისდა მიუხედავად, რომ სჭირდებოდათ ან უბრალოდ ძალიან სურდათ გერმანიაში წასვლა, დასაქმება. სწორედ ამიტომ, ჩემთვის მეტად საინტერესო საკვლევი იყო უშუალოდ ამ პრობლემის პრევენციები – რა გზებით აღმოიფხვრა, როგორ იმოქმედა ამან სტუდენტებზე და იყო თუ არა ის შედეგიანი“, – ამბობს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი სალომე კაიშაური.
სტუდენტთა კვლევის მთავარი შეკითხვები გახლდათ – როგორ იმოქმედა საგამოცდო ვადებთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა დასაქმებაზე და რამდენად შეიცვალა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ გამოცემული ბრძანების შემდგომ მათი არსებული პრობლემა.
,,ჩვენს მთავარ ამოცანებს წარმოადგენდა ის, რომ დაგვედგინა, თუ როგორ იმოქმედა საგამოცდო ვადებთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა დასაქმებაზე, დაგვედგინა, თუ როგორ აისახა ბრძანება სტუდენტთა სამუშაო ვიზიტის ვადებთან დაკავშირებულ პრობლემაზე. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო, რომ დაგვედგინა, თუ რამდენად ეფექტური და ეფექტიანია ეს რეფორმა პრაქტიკაში და აისახა თუ არა ამ რეფორმის შედეგები სტუდენტთა აკადემიურ მოსწრებაზე“, – აღნიშნავს სალომე კაიშაური.
სტუდენტებმა კვლევის საფუძველზე დაასკვნეს, რომ სტუდენტების უმეტესობისთვის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ გამოცემული ბრძანება აღმოჩნდა გადაწყვეტილების შეცვლის მოტივი.
,,კვლევის შედეგად ჩვენ დავადგინეთ, რომ რეალურად ძალიან ბევრი სტუდენტისთვის სწორედ აღნიშნული რეფორმა გახდა გადაწყვეტილების შეცვლის მთავარი მოტივი. ჩვენ არსებული კვლევის ფარგლებში გავაანალიზეთ გერმანიაში არსებული სამეცნიერო მასალა, აგრეთვე ჩავწერეთ 13 სიღრმისეული ინტერვიუ და 2 ექსპერტული. ასევე, შევადარეთ ამ წლის და შარშანდელი მონაცემები. მათ რეფორმით შეუძლიათ დააგროვონ ბევრად მეტი თანხა და, აგრეთვე, გერმანელებთან თანამშრომლობაც გაცილებით გამარტივდა, რადგან დიდი ხნით ქართველების ჩასვლა აღნიშნულ ქვეყანაშიც აწყობთ. აგრეთვე, ჩვენი მიგნებაა ის, რომ ვინც შარშან გერმანიაში თანხა დააგროვა, წელს სემესტრის განმავლობაში მუშაობა არ მოუწია, შედეგად მთელი ეს დრო დაუთმეს საკუთარი თავის განვითარებას. აგრეთვე, სტუდენტები ისურვებდნენ იმასაც, რომ გახანგრძლივდეს მეტად აღნიშნული არდადეგები“, – აცხადებს თორნიკე ელაშვილი.
როგორც კვლევის თანაავტორი სალომე კაიშაური ამბობს, სტუდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ცვლილებებით კმაყოფილი დარჩა და ამას ადასტურებს ისიც, რომ გაიზარდა გერმანიაში დასაქმებით დაინტერესებულ სტუდენტთა რაოდენობა.