ერთწლიანი სასერტიფიკატო პროგრამა „DESK – გერმანია სამხრეთ კავკასიაში: ინსტიტუციები და განვითარება“ მიმდინარეობს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი ერთწლიანი სასერტიფიკატო პროგრამა „DESK – გერმანია სამხრეთ კავკასიაში: ინსტიტუციები და განვითარება“ მიმდინარეობს. პროგრამა ინტერდისციპლინურია – სამართლის, ეკონომიკისა და პოლიტიკის მეცნიერებების კომბინირებას წარმოადგენს და თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგება (გათვალისწინებულია ექვსკვირიანი სტაჟირება). სწავლება გერმანულ ენაზე ხორციელდება და სრულად ფინანსდება. აკადემიური გუნდი თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტისა და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისგან შედგება. პროგრამა თსუ-ს სტუდენტებს ინგლისურენოვან საგნებსაც სთავაზობს. პროგრამის კურსდამთავრებული საუკეთესო 3 სტუდენტი სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში განაგრძობს.
DESK-ის მიზანია ხელი შეუწყოს აკადემიურ და ინტერპერსონალურ გაცვლას გერმანიასა და საქართველოს შორის. პროგრამას ხელმძღვანელობს ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტის პროფესორი თეოჰარისგრიგორიადისი.
„მინდა აღვნიშნო, რომ აკადემიური ურთიერთობები ყოველთვის ცენტრალური მნიშვნელობის იყო გერმანია-საქართველოს ისტორიაში. ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი ხელს უწყობს სამართლის პრინციპების – თავისუფლებისა და სამართლიანობის იდეის განვითარებას, ჩვენი სლოგანი უნივერსიტეტის ლოგოზეა ასახული – „Veritas, Iustitia, Libertas“.
DESK-ის პროგრამა მაღალი აკადემიური სტანდარტების დამკვიდრებისა და მოტივირებული სტუდენტების კვალიფიციური უნარების გაუმჯობესებას ემსახურება. პროგრამა ერთგვარი ექსკლუზიური შეთავაზებაა, რომელსაც ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი DAAD-ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) სტიპენდიის ფარგლებში მოპოვებული დაფინანსებით საზღვარგარეთ ახორციელებს.
DESK-ის პროგრამის პარტნიორად საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნა შერჩეული. ვფიქრობ, ეს ახალი თანამშრომლობის დაწყების ათვლის წერტილია, ნაბიჯ-ნაბიჯ ვგეგმავთ თანამშრომლობის განვითარებას, სამართლის და ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის ჩამოყალიბებისა და კვლევით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით“, – აცხადებს თეოჰარისგრიგორიადისი.
„DESK-ის პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს თსუ-სა და ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობაში, ხელს უწყობს გერმანულ და ქართულ სახელმწიფოებსა და საზოგადოებებს შორის ურთიერთგაგებას, დაახლოებას, ორმხრივი ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაზრდას“, – განმარტავს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი გიორგი დგებუაძე – „ამჟამად, DESK-ის პროგრამაზე სწავლობენ თსუ-ს იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობების, ფილოსოფიის, ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტების სტუდენტები. სწავლების პროცესში საკმაოდ დადებით შეფასებებს ვიღებთ მათი მხრიდან. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა სტუდენტებისთვის დაეუფლონ სათანადო ცოდნას, გაიუმჯობესონ ენის ცოდნის დონე იმისათვის, რომ შემდგომში გერმანულენოვან სამუშაო გარემოში ინტეგრირება ან/და გერმანულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება გაუადვილდეთ“.
„ევროინტეგრაცია სწორედ ამას გულისხმობს – ევროპულ უნივერსიტეტებთან დაახლოებასა და ცოდნის ინტეგრირებას. ჩვენ გვინდა სამომავლოდ DESK-ის პროგრამაში არჩევითი, სამართლის გერმანულენოვანი საგნები დავამატოთ, გავაძლიეროთ ერთობლივი კვლევითი კომპონენტი, რაც მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისთვის უფრო მყარ ფუნდამენტს შექმნის“, – აღნიშნავს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი პაატა ტურავა.
DESK-ის პროგრამაში მონაწილეობისთვის აპლიკანტები თსუ-ს ბაკალავრიატის ან სამაგისტრო პროგრამაზე უნდა ირიცხებოდნენ, გამოირჩეოდნენ მაღალი მოტივაციით, გერმანული ენის ცოდნითა და მაღალი აკადემიური მოსწრებით. უპირატესობა ბაკალავრიატის მეორე და მესამე კურსის, ასევე, მაგისტრატურის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებს ენიჭებათ. პროგრამაში მონაწილეთა შერჩევა წერილობითი განაცხადისა და გასაუბრების საფუძველზე ხდება.
„DESK-ის ფარგლებში სტუდენტები იძენენ რეგიონულ გამოცდილებას გერმანიასთან დაკავშირებით, აძლიერებენ კულტურათაშორის კომპეტენციებს და ამყარებენ გერმანული ენის ცოდნას გერმანიის პოლიტიკისა და ეკონომიკის გერმანულ ენაზე შესწავლით. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ ყველა სტუდენტი მიიღებს სერტიფიკატს ინდივიდუალური შეფასებების მითითებით. უმნიშვნელოვანესია, რომ სამი უმაღლესი შეფასების მქონე სტუდენტი სრული დაფინანსებით ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლის ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში“, – განმარტავს DESK-ის მეორე სემესტრის ტუტორითამარ ერგემლიძე.
DESK-ის პროგრამაზე 2024/25 სასწავლო წლისთვის განაცხადების მიღება 2024 წლის მაისში/ივნისში გამოცხადდება.