ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა გერმანელ სტუმრებს უმასპინძლა

თარიღი: 2026-11-05 20:14:49

16 ოქტომბერს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა გერმანელ სტუმრებს უმასპინძლა. ღონისძიება ორგანიზებული იყო ფაკულტეტთან არსებული მდგრადი განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, მაკროეკონომიკის კათედრის ასოცირებული პროფესორის ნაზირა კაკულიასა და ტურიზმის კათედრის ასოცირებული პროფესორის ვალერი არღუთაშვილის მიერ.

გერმანელ მეწარმეთა და სტარტაპერთა დელეგაციას ხელმძღვანელობდა საერთაშორისო საინჟინრო-სატრანსპორტო კომპანია Ingenieurgruppe IVV GmbH & Co. KG-ის ფედერალური დეპარტამენტის უფროსი შტეფან ფრიდემანი. ეს კომპანია წარმოადგენს გერმანულ დამოუკიდებელ საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვაში, მობილობის თანამედროვე კონცეფციების შემუშავებასა და სატრანსპორტო სისტემების პროგრამულ უზრუნველყოფაში.

სტუმრებს შეხვდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია, რომელმაც მათ ფაკულტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნო. ვიზიტის ფარგლებში გერმანელი კოლეგები ეწვივნენ მაკროეკონომიკის კათედრას, დაათვალიერეს მდგრადი განვითარების კვლევითი ცენტრისა და ბლუმბერგის ლაბორატორიები.

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის აუდიტორიაში გამართულ შეხვედრას უძღვებოდა ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია. მან ისაუბრა უცხოელი პარტნიორების ვიზიტის მიზნებზე, იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში თავისი ვიზიტის შედეგებზე და ხაზი გაუსვა DAAD-ისა და ერასმუსის პროგრამების როლს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების განვითარებაში. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე.

ღონისძიების მთავარი ნაწილი ეთმობოდა შტეფან ფრიდემანის საჯარო ლექციას თემაზე: „მდგრადი რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ბერლინ-ბრანდენბურგის მაგალითზე“. მომხსენებელმა მიმოიხილა კომპანია TESLA-ს გერმანული ფილიალის ფუნქციონირების თავისებურებები და უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გერმანული გამოცდილების საქართველოში გაზიარების პერსპექტივებზე.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს ფაკულტეტის ხელმძღვანელობასა და სტუდენტებს, ხოლო ნაზირა კაკულიამ გამოთქვა მზაობა მდგრადი განვითარების კვლევითი ცენტრის სახელით, რომ მსგავსი საერთაშორისო თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

Facebook
Twitter
LinkedIn