კვლევები, რომლებიც ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში 2025 წლისთვის ხორციელდება
ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტს წელს დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა. მისი ისტორია 1925 წელს იწყება, როცა აკადემიკოს ალექსანდრე ჯანელიძის თაოსნობით შეიქმნა გეოლოგიური პროფილის პირველი სამეცნიერო დაწესებულება ყოფილ საბჭოთა კავშირში. ინსტიტუტის 100 წლისთავთან დაკავშირებით 16-17 ოქტომბერს ჩატარდა საერთაშორისო საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია – „მიღწევები და გამოწვევები გეოლოგიაში“ (გეოლოგიის ინსტიტუტის თაოსნობითა და თსუ-ს მხარდაჭერით). ღონისძიებაზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოქვეყნდა თეზისების სახით; გამოქვეყნდა, ასევე, საიუბილეო ალბომი – „ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი – მეცნიერებისთვის მიძღვნილი 100 წელი“.
ინსტიტუტი აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას. იგი მსოფლიო გეოლოგიური მეცნიერების ნაწილია და აქტიურად მონაწილეობს თანამედროვე საერთაშორისო სამეცნიერო დიალოგში. ინსტიტუტში ფუნქციონირებს 6 სტრუქტურული ერთეული: 1. სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის განყოფილება; 2. ტექტონიკისა და რეგიონული გეოლოგიის განყოფილება; 3. პეტროლოგიის, მინერალოგიის, გეოქიმიისა და ლითოლოგიის განყოფილება; 4. ვულკანოლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიის განყოფილება; 5. გარემოს დაცვის განყოფილება; 6. გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორია.
2025 წელს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული 2025-2029 წლების პროექტზე დაიწყო მუშაობა. ამჟამად გეოლოგიის ინსტიტუტში კვლევები მიმდინარეობს გეოლოგიური მეცნიერების თითქმის ყველა მიმართულებით. ხორციელდება ალპურამდელი და ალპური გეოდინამიკური ევოლუციის, ტექტონიკური სტრუქტურების წარმოშობის მექანიზმის, დედამიწის ქერქის თანამედროვე მოძრაობების მიმართულებისა და სიჩქარის და სეისმოგენერირებადი რღვევების შესწავლა; საქართველოს ფანეროზოული ნალექების დეტალური ბიოსტრატიგრაფიული დანაწილება და მათი პალეოგეოგრაფიული კვლევა; სრულდება მეტამორფიზმისა და გრანიტწარმოშობის პროცესების პეტრომინერალოგიური, გეოქიმიური და გეოქრონოლოგიური შესწავლა და ამ ქანების წარმოშობის გეოდინამიკური პირობების განსაზღვრა; ხორციელდება დანალექი ქანების და ვულკანური წარმონაქმნების პეტროლოგიური და ლითოლოგიური კვლევა; წარმოებს საქართველოს ტერიტორიაზე მაგმური, მეტამორფული და მადანწარმოშობის პროცესების გეოქიმიური შესწავლა და მეტალური და არამეტალური საბადოების გეოლოგიის კვლევა; მიმდინარეობს საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის გეოეკოლოგიური, გეოქიმიური და ჰიდროქიმიური კვლევა და ასევე საქართველოს მიწისქვეშა წყლების ჰიდროგეოლოგიური და ჰიდროქიმიური კვლევები, საბადოთა შესწავლა-შეფასება და მათი რაციონალური გამოყენების გზების დადგენა. წარმოდგენილი კვლევა აქტუალურია – იგი ითვალისწინებს თანამედროვე დონეზე გეოლოგიური მეცნიერების უმნიშვნელოვანესი საკითხებისა და პრობლემების კომპლექსურ კვლევას. კვლევის სამეცნიერო შედეგები შეავსებს მეტ-ნაკლებად არსებულ ხარვეზს ალპურ-ჰიმალაური ნაოჭა სარტყლის კავკასიის სეგმენტის შესწავლაში. კვლევებს, თეორიულთან ერთად, დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს სასარგებლო წიაღისეული საბადოების მიზანმიმართული ძებნა-ძიების საქმეში. აღსანიშნავია, აგრეთვე, პროექტით გათვალისწინებული ზოგიერთი კვლევის შედეგების მნიშვნელობა ნავთობისა და გაზის ახალი საბადოების პროგნოზირების, ძებნისა და დაზვერვის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს მიწისქვეშა წყლების საბადოთა შესწავლა-შეფასების საფუძველზე მათი რაციონალური გამოყენების გზების დადგენის რეკომენდაციების გაცემა. პროექტის შესრულების შედეგად მიღებული სამეცნიერო ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იქნეს გეოლოგიის დარგის სპეციალისტების მიერ სხვადასხვა თეორიული თუ პრაქტიკული მიზნით და, ასევე, დედამიწის შემსწავლელი სხვა დარგების სპეციალისტთა მიერაც. კვლევების განსახორციელებლად გეოლოგიის ინსტიტუტი იყენებს თავის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.
2025 წელს ინსტიტუტის 39 მეცნიერ-თანამშრომლის მიერ გამოაქვეყნდა: 1 მონოგრაფია, 9 სტატია საერთაშორისო მაღალრეიტინგულ ჟურნალებში და 47 თეზისი. მათ მონაწილეობა მიიღეს 18 საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში. ინსტიტუტში სრულდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 7 საგრანტო სამეცნიერო პროექტი და 3 საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი.
ინსტიტუტი აერთიანებს სხვადასხვა თაობის მკვლევრებს. უფროსი თაობის მეცნიერების დიდი პროფესიული გამოცდილება და მემკვიდრეობით გადმოსული კვლევითი ტრადიციები ქმნის მტკიცე საფუძველს მეცნიერთა ახალგაზრდა თაობისთვის, რათა შექმნან ახალი გუნდი, განავითარონ თავიანთი ხედვები, წარმოადგინონ ახალი ინიციატივები და დანერგონ ინტერდისციპლინური მიდგომები. ამჟამად, ინსტიტუტის ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობენ ახალგაზრდა მკვლევრები, დოქტორანტები და სტუდენტებიც კი. ისინი თანაბრად არიან ჩართული სამეცნიერო და საველე სამუშაოებში და ლაბორატორიულ კვლევებში.
