ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის საუკუნოვანი გზა

თარიღი: 2025-10-21 13:27:20

მეცნიერებას დღევანდელ საქართველოში პოპულარიზაციის პრობლემა უდგას. ამიტომ, ხშირად არ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ესა თუ ის დარგი ქვეყნის განვითარებისთვის. გეოლოგია უდიდეს როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. ის იკვლევს მიწის წიაღის შედგენილობას, სტრუქტურას და რესურსებს. გეოლოგია ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი საყრდენია, რადგან სწორედ ის იძლევა ინფორმაციას წიაღისეულ რესურსებზე, რომლებიც მრეწველობის, ენერგეტიკისა და ეკონომიკის საფუძველს ქმნის. სასარგებლო წიაღისეული, როგორიცაა სხვადასხვა მეტალები, მაგალითად, ოქრო, სპილენძი, ტყვია, თუთია, მანგანუმი და სხვ., უზრუნველყოფს სამთო-მეტალურგიული მრეწველობის განვითარებას; საწვავი წიაღისეული, როგორიცაა ნავთობი, ბუნებრივი გაზი და ქვანახშირი, ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიაა და ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას განაპირობებს; არამეტალური ნედლეული – სამშენებლო მასალები, კირქვა, თიხა, ქვიშაქვა, გრანიტი, ბაზალტი, აუცილებელია ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარებისათვის; ჰიდროგეოლოგიური რესურსები – მიწისქვეშა წყლები, თერმული და მინერალური წყაროები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასმელი წყლით მოსახლეობის მომარაგებაში და, აგრეთვე, ტურიზმის სფეროში. სწორედ გეოლოგია ქმნის ამ მრავალფეროვანი რესურსების შესწავლისა და გონივრული გამოყენების მეცნიერულ საფუძველს, რაც ქვეყნის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გეოლოგიის როლი ბუნებრივი საფრთხეების – მიწისძვრების, მეწყრების და ეროზიის პრევენციასა და მართვაში. შედეგად, გეოლოგია არის სტრატეგიული მეცნიერება, რომელიც ქვეყნის მდგრად განვითარებასა და უსაფრთხო მომავალს უზრუნველყოფს.

საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეების საფუძვ­ლიან შესწავლას, ქვეყნის გეოლოგიური რუკების შედგენას, მინერალური და ენერგეტიკული რესურსების გამოვლენას და, ამავე დროს, თეორი­ული გეოლოგიური მეცნიერების განვი­თარებას ეფუძნება ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის 100 წლიანი მოღვაწეობა.  

,,ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მნიშვნელობა სცდება ერთი დარგის ფარგლებს – მისი კვლევები საფუძვლად დაედო ქვეყნის ეკონომიკურ სტრატეგიებს, რესურსების მართვას, ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა და კატასტროფების პრევენციის პოლიტიკას. დღესაც გეოლოგიის ინსტიტუტი წარმოადგენს მსოფლიო სამეცნიერო დიალოგის მნიშვნელოვან ნაწილს და აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კვლევით პროცესებში. საქართველოში, რომელიც გამოირჩევა გეოლოგიური მრავალფეროვნებით, ასეთი ინსტიტუტის არსებობა თავიდანვე იყო აუცილებლობა, დღეს კი – კულტურული და აკადემიური თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილი. ინსტიტუტის საუკუნოვანი მოღვაწეობა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მცირე ქვეყანაში შექმნილმა სამეცნიერო სკოლამ  შეინარჩუნოს ავტორიტეტი და გახდეს გლობალური სამეცნიერო სივრცის ორგანული ნაწილი“, – აღნიშნავს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი თამარ წუწუნავა ინსტიტუტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილსაერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე – „მიღწევები და გამოწვევები გეოლოგიაში“.

კონფერენცია გახსნა თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გეოლოგიის ინსტიტუტის საუკუნოვან ისტორიასა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილ წვლილზე: ,,თქვენი შრომის შედეგად საქართველოს გეოლოგიური სკოლა აღიარებულია როგორც კავკასიის, ისე მსოფლიო მასშტაბით. ინსტიტუტის პრაქტიკული მნიშვნელობა უდიდესია – ის ქმნის ქვეყნის ბუნებრივი რესურსების, ეკოლოგიური მდგრადობისა და ეკონომიკური განვითარების საფუძველს. თითოეული თქვენგანის როლი ამ საქმეში ფასდაუდებელია“. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ კონფერენციის მონაწილეებს გეოლოგიის ინსტიტუტის იუბილე მიულოცა და ტსუ-ს რექტორის დავით გურგენიძის მისალმება გადასცა: „თქვენი ინსტიტუტის კოლექტივის სამეცნიერო საქმიანობამ, რომელმაც ღირსეულად წარმოადგინა საქართველოს გეოლოგთა საზოგადოება, მრავალი მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა გეოლოგიური მეცნიერების თითქმის ყველა მიმართულებით. პატივით უნდა გავიხსენოთ გეოლოგთა პირველი თაობა – ალექსანდრე ჯანელიძე, ალექსანდრე თვალჭრელიძე, კალისტრატე გაბუნია, რომელთა ხელმძღვანელობით დაიწყო საქართველოში სისტემური გეოლოგიური კვლევები. მათი ღვაწლი საფუძვლად დაედო გეოლოგიური მეცნიერების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“.

საიუბილეო სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ აგრეთვე სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ხაჩატურ მელიქსეტიანი, აზერბაიჯანის გეოლოგიისა და გეოფიზიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი ფუად ალიევი, კომპანია „არემჯის“ გენერალური დირექტორი ჯ. შუბითიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მ. გაფრინდაშვილი და სხვა მოწვეული მეცნიერები.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები შეეხებოდა ისეთ ფუნდამენტურ  საკითხებს, როგორებიცაა რეგიონული გეოლოგია, ვულკანიზმი, მეტამორფიზმი, სეისმოლოგია და, აგრეთვე, აქტუალურ პრობლემებს – ზღვის გარემოში მიკროპლასტიკით დაბინძურების განსაზღვრის მეთოდოლოგიას, ღვარცოფების საფრთხის შეფასებას, მიწისქვეშა მტკნარი წყლის რესურსების მართვას, საქართველოს გლაუკონიტის სანედლეულო ბაზის პოტენციალსა და სხვ. მათ შორის აღსანიშნავია თ. წუწუნავასა და მისი თანაავტორების ერთობლივი მოხსენება – „კავკასიონის მთავარი ქედის ზონის იალბუზის ქვეზონის ალპურამდელი ინფრასტრუქტურის ფორმირების თერმული რეჟიმი“, ზ. ლებანიძის და მისი თანაავტორების მოხსენება – „ნამარხი ნაკვალევების ახალი ადგილსაპოვებელი კავკასიონის სამხრეთი ფერდობის აღმოსავლეთი ნაწილის ცარცულ ნალექებში“, ნ. ფოფორაძისა და მისი თანაავტორების კვლევა – „იმერეთის რეგიონის ქვევრების ნედლეულის მინერალური შედგენილობა“ და სხვ.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოქვეყნდა თეზისების კრებულში, ხოლო შერჩეული სტატიები დაიბეჭდება „ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომებში“.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა ინსტიტუტის თანამშრომლებისთვის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის საპატიო მედლების გადაცემის ცერემონია შვიდ ნომინაციაში:

დამსახურებული მეცნიერი – ერეკლე გამყრელიძე; ახალგაზრდა კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის – დავით შენგელია; ღვაწლმოსილი ქალი მეცნიერი – მანანა ტოგონიძე; ინსტიტუტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის – თამარ წუწუნავა; წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერი – ირაკლი ჯავახიშვილი;
ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისთვის – გიორგი ბერიძე;
მეცნიერების კომერციალიზაციის ხელშეწყობისთვის – ვახტანგ გვახარია.

ცნობისთვის: გეოლოგიის ინსტიტუტი თსუ-ს გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის ბაზაზე ახალგაზრდა პროფესორის, სორბონისა და ყაზანის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულის, ალექსანდრე ჯანელიძის ინიციატივით 1925 წლის 25 დეკემბერს  დაარსდა. ეს იყო გეოლოგიური პროფილის პირველი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება საბჭოთა კავშირში. 1941 წელს ინსტიტუტი  შევიდა  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში, 2006  წელს გადავიდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში, ხოლო 2010 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაშია.

Facebook
Twitter
LinkedIn