საშიში გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების პრევენციისათვის გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა შეიქმნა
გზები აუცილებელია საზოგადოებრივი სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისათვის. ბუნებრივი კატასტროფების მიერ გზების დაზიანებას და განადგურებას უარყოფითი გავლენა შეუძლია იქონიოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე. კლიმატის გლობალური ცვლილების პირობებში მნიშვნელოვნად მატულობს ამინდისა და კლიმატის ექსტრემალური მოვლენების სიხშირე და ინტენსივობა: დიდთოვლობა, ნისლი, ზვავი, ქარიშხალი, თავსხმა წვიმა, სეტყვა და ა.შ., რაც, გეოლოგიურ მოვლენებთან ერთად, საავტომობლო გზებზე საგანგებო სიტუაციებს ქმნის და მოძრაობას აფერხებს. ხშირად რამდენიმე საათიდან დაწყებული, მთელი ზამთრით დამთავრებული, გზები იკეტება და სოფლები და დასახლებული პუნქტები მოწყვეტილი და იზოლირებული რჩება, ამიტომ საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებთან დამაკავშირებელ სააავტომობილო გზებზე საშიში გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესწავლა და გზების კლასიფიკაცია/დარაიონება ამ მოვლენების მიხედვით მეტად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსათვის, საზოგადოებისათვისა და მეცნიერებისათვის.
2022 წლის სექტემბრის თვეში დასრულდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში (ლოტი I) გამარჯვებული პროექტი: „ცენტრალურ კავკასიონზე მდებარე საზღვრისპირა დასახლებებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების (თბილისი-გუდაური-ლარსი და თბილისი-ჟინვალი-შატილი) კლასიფიკაცია/დარაიონება საშიში ბუნებრივი მოვლენების თვალსაზრისით და მისი გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის შექმნა“.
პროექტის ფარგლებში, კამერალური და საველე კვლევების შედეგად, შესწავლილია ცენტრალურ კავკასიონზე თბილისი-გუდაური-ლარსის და თბილისი-ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზებზე საგანგებო სიტუაციების წარმომქმნელი საშიში გეოლოგიური (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი – ქვათაცვენა, მდინარის ნაპირის გარეცხვა და სხვ.) და ჰიდრომეტეოროლოგიური (უხვი ნალექები, ნისლი, ძლიერი ქარი, ქარბუქი, თოვლის ზვავი, წყალდიდობა და სხვ.) მოვლენები.
ორივე მიმართულებით მიმავალი გზა უკავშირდება კავკასიონის ჩრდილო ფერდობებზე განლაგებულ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ პროვინციებს, რომლებიც იზოლირებულია მაღალი წყალგამყოფი ქედით (კავკასიონის მთავარი ქედი) და მათთან პირდაპირი სატრანსპორტო კომუნიკაცია ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ მაღალი უღელტეხილების მეშვეობით: ჯვრის უღელტეხილისა (2379 მ; ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) და დათვისჯვრის უღელტეხილის (2676 მ; დუშეთის მუნიციპალიტეტი) გავლით.
პროექტის ფარგლებში ჩატარებულია რეგიონის და საავტომობილი გზების კლასიფიკაცია/დარაიონება საშიში ბუნებრივი მოვლენების თვალსაზრისით. შედგენილია საავტომობილო გზების დერეფნების და მიმდებარე ტერიტორიების ზონირების (დარაიონება) რუკები, სადაც გზების მონაკვეთები კლასიფიცირებულია გეოლოგიური და ჰიდრომეტეროლოგიური საფრთხეების მიხედვით, ასევე გაანალიზებულია ის საადაპტაციო ღონისძიებები, რომელთა დროულმა გატარებამ გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა უზრუნველყოს ინფრასტრუქტურული ობიექტების მდგრადი ფუნქციონირება.
კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია არამარტო საბუნებისმეტყველო დარგში მოღვაწე მკვლევრებისთვის, არამედ მათ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ საავტომობილო გზების განვითარების გეგმის შემუშავებისას, ცალკეული სიტუაციების სიმულაციისათვის, საგანგებო სიტუაციებში სწრაფი რეაგირებისათვის, ტურიზმის გაფართოებისათვის და სხვა. აქედან გამომდინარე, კვლევის შედეგები საინტერესოა როგორც სხვადასხვა უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტებისთვის, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სხვა ორგანოებისთვის.
პროექტის შედეგების მიხედვით, ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა მონოგრაფია: „საშიში გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები ცენტრალური კავკასიონის საზღვრისპირა რეგიონებში – ყაზბეგი, დუშეთი, თიანეთი და მცხეთა“ (ავტორები: მარიამ ელიზბარაშვილი, გიორგი გაფრინდაშვილი, ელიზბარ ელიზბარაშვილი, გიორგი დვალაშვილი, ნინო ჩიხრაძე, თამარ ხუნწელია, ზურაბ რიკაძე).
პროექტის ხელმძღვანელი გახლდათ თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ ელიზბარაშვილი, კოორდინატორი – გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი გაფრინდაშვილი. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი ელიზბარ ელიზბარაშვილი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, თსუ-ის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი, გეოგრაფიის მაგისტრი ნინო ჩიხრაძე, თსუ-ის დოქტორანტები: ზურაბ რიკაძე, თამარ ხუნწელია და თსუ-ის სტუდენტი: ირაკლი ელიზბარაშვილი.