ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მიმდინარე კვლევები

თარიღი: 2025-11-22 13:03:33

ტერიტორიის მრავალმხრივი გეოგრაფიული მიმოხილვის საუკეთესო საშუალება კომპლექსური გეოგრაფიული ატლასია. გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გეოგრაფიული ატლასების შედგენაა. ინსტიტუტში შედგენილი და გამოცემული კომპლექსური და დარგობრივი ატლასები ინსტიტუტის მდიდარ კარტოგრაფიულ ფონდს ქმნის. 2025 წელს ამ ფონდს ახალი -კახეთის რეგიონის ატლასი შეემატა, რომელიც საქართველოს რეგიონული ატლასების სერიის პირველი ატლასია. ატლასის შინაარსში მოცემულია: მდებარეობა, ისტორია, ტერიტორიული მოწყობა, ბუნებრივი პირობები და რესურსები, მოსახლეობა, ეკონომიკა, განათლება და კულტურა, ტურიზმი. თითოეული თემა მრავალი სხვადასხვა შინაარსის რუკით არის წარმოდგენილი. განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა ბუნებრივი პირობები და რესურსები, მევენახეობა და მეღვინეობა, კულტურული და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, ღვინის მარნები, როგორც აგროტურისტული ობიექტები, ვაშლოვნის, ლაგოდეხის და თუშეთის ულამაზესი დაცული ტერიტორიები. ატლასის ღირსებაა, რომ ყოველი თემა წარმოდგენილია რუკით, ტექსტით და ფოტოსურათებით.

. . .

საქართველო ხასიათდება მრავალფეროვანი კლიმატით – ნოტიო სუბტროპიკულიდან მშრალი სუბტროპიკულის ჩათვლით. შესაბამისად მცირე ტერიტორიაზე სწრაფად იცვლება ატმოსფერული ნალექების რაოდენობა და რეჟიმი. პროგნოზის თანახმად, ნიადაგის ეროზიის სიჩქარე შესაძლოა შეიცვალოს სხვადასხვა მიზეზების გამო და ერთ-ერთი სწორედ ატმოსფერული ნალექების ინტენსივობის ცვლილებაა. ასეთ დროს გრძელვადიანი კვლევები უაღრესად მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა და მას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ მეცნიერები გეოგრაფიის ინსტიტუტში.

,,მნიშვნელოვანია წვიმის ეროზიულობის გრძელვადიანი მოდელირება და იზოეროდენტების ციფრული რუკის შექმნა. პროექტი მოიცავდა საქართველოში არსებული ყველა მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემების შეგროვებას, გაციფრულებას, უნიფიცირებას და მონაცემთა ბაზაში ადაპტირებას. შექმნილი მონაცემთა ბაზის საფუძველზე გამოანგარიშდა R ფაქტორი საქართველოს დაახლოებით100 სადგურისთვის 90 წლიანი პერიოდისთვის (1930-2020). აქვე უნდა დაკონკრეტდეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა პერიოდში (1930-2020) მეტეოროლოგიური სადგურების რაოდენობა მუდმივად იცვლებოდა. მუშაობის პროცესში დამუშავდა R ფაქტორის გამოთვლის მათემატიკური საფუძვლები, შედეგად კი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე განისაზღვრა R ფაქტორის მნიშვნელობები. კვლევის შედეგები გამოიცა მონოგრაფიის სახით ,,ატმოსფერული ნალექების ეროზიული პოტენციალის მოდელირება და კარტოგრაფირება საქართველოში”. მონოგრაფიაში დეტალურადაა განხილული საქართველოში წვიმის ეროზიული პოტენციალის ცვლილება დროსა და სივრცეში“, – აღნიშნავს გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ზაზა გულაშვილი.   

. . .

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან კლიმატის ცვლილება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის თვალსაჩინო გახდა: მყინვარების დნობა, რეკორდული სიცხეები, ძლიერი გვალვები და სხვა მსგავსი მოვლენები ბოლო წლებში საკმაოდ გახშირებულია.

ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილს. ცხინვალის რეგიონისთვის კლიმატური პარამეტრების და ინდექსების დადგენა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს მეტეოროლოგიური დაკვირვებები და ეს დანაკლისი უნდა შეივსოს, რათა სრულად შეფასდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კლიმატის ცვლილება.

გეოგრაფიის ინსტიტუტში მიმდინარე კვლევის სიახლე ის არის, რომ ცხინვალის რეგიონისთვის პირველად მოხდა მეტეოროლოგიური ელემენტების გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის (GIS) მონაცემთა ბაზის შექმნა და ამ ბაზის საჯაროობის ხელშეწყობა; შეფასდა კლიმატის ცვლილება.

,,კვლევის შედეგები ინოვაციურია, ვინაიდან ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეალური მდგომარეობის მოდელირებისა და ანალიზის საშუალებას მოგვცემს, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნისათვის. პროექტის შედეგებით შესაძლებელი იქნება: შეფასდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კლიმატის ცვლილების ტრენდი; ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ შეიქმნას „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემა“, რაც ხელს შეუწყობს კლიმატური რისკების შემცირებას, პრევენციასა და მზადყოფნას“, – აღნიშნავს გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი ნანა ბოლაშვილი.  

Facebook
Twitter
LinkedIn