გეოგრაფიის დეპარტამენტის სტუდენტთა საინტერესო წამოწყება

თარიღი: 2025-06-13 14:13:29

2024 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის სტუდენტებმა სათავე დაუდეს ძალიან კარგ წამოწყებას – მათ მიზნად დაისახეს საქართველოს კომპლექსურ-გეოგრაფიული კვლევა და კარტოგრაფირება (რეგიონების მიხედვით). მათ გასულ წელს გაიმარჯვეს სტუდენტური პროექტების კონკურსში. პროექტი ეხება რაჭის რეგიონს. სტუდენტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს გეოგრაფიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი საბა მოდებაძე, ხოლო კვლევებს (მენტორის სტატუსით) საერთო კოორდინირებას უწევს თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ გორდეზიანი.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო სტუდენტური ექსპედიციის ჩატარება ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში. კვლევა კომპლექსურ ხასიათს ატარებდა და მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: ლანდშაფტმცოდნეობა, კარტოგრაფია, ეთნოგეოგრაფია, ტოპონიმიკა, ეკოლოგია, საზოგადოებრივი გეოგრაფია, დისტანციური ზონდირება, ტოპოგრაფია. მეორე მენტორად მოწვეული იყო ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ლაოშვილი. საველე ტოპოგრაფიის მიმართულებით ექსპედიციაში მონაწილეობა მიიღი თსუ-ს დოქტორანტმა, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა გოჩა გუძუაძემ, რომელმაც  საველე პირობებში სტუდენტებს ჩაუტარა მასტერკლასი გარემოში ტოპოგრაფიული ორიენტირების მიმართულებით. ექსპედიციის შემდგომ სამუშაოებში – ზოგადგეოგრაფიული კარტოგრაფიული საფუძვლების მომზადებაში სტუდენტებს ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის დოქტორი, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი თედო გორგოძე.

მენტორებისა და ხელმძღვანელების დახმარებით სტუდენტებმა მოამზადეს 10 სამეცნიერო სტატია, რომლებიც მოიცავს რაჭის კომპლექსურ-გეოგრაფიულ კვლევას და კარტოგრაფირებას. საველე კვლევებმა მოიცვა რაჭის შემდეგი არეალები: მდინარე რიონის ზემოწელი, კურორტ შოვის მიდამოები, მრავალძალის შემოგარენი, მდინარე ლუხუნისწყალის ხეობა, მდინარე რიცეულას ხეობა, შაორის ქვაბული, ცხრაჯვარის მიდამოები, საირმის სვეტების მიდამოები. კვლევის პროცესში გამოყენებულ იქნა საქვეყნოდ ცნობილი გეოგრაფისა და კარტოგრაფის ნიკო ბერუჩაშვილის ავტორობით გამოცემული 1:1000 000 მასშტაბის კავკასიის ლანდშაფტური რუკა, ასევე გეოლოგიური რუკის პლანშეტები. აღნიშნული სტუდენტური პროექტის ერთგვარი დაგვირგვინება იყო მიმდინარე წლის 22 მაისს თსუ-ს პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში გამართული სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაზე შედგა ზემოთაღნიშნული საველე კვლევების შედეგად  გამოცემული სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებულის – „რაჭის კომპლექსურ-გეოგრაფიული კვლევა და კარტოგრაფირება“ – პრეზენტაცია. კონფერენციაზე მენტორების გარდა მოხსენებები წარმოადგინეს სტუდენტებმა: საბა მოდებაძემ, ქეთევან ავსაჯანიშვილმა, ხატია ყველაშვილმა, ილია ქავთარაძემ, თორნიკე ხაჩიძემ, ირაკლი იარაჯულმა, სოფია შაროიანმა, ლამარა ლაგვილავამ, თათია ჯაფოშვილმა, ნიკა რომანაძემ, ჯონი მაქაცარიამ, ქეთევან ჭანკვეტაძემ, ნინო ხუფენიამ, კონსტანტინე გელანტიამ, ნუნუ ტოგონიძემ, ნია კანდელაკმა.

მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ: თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, პროფესორი ზურაბ ლაოშვილი, დოქტორანტი გოჩა გუძუაძე და ასოცირებული პროფესორი თენგიზ გორდეზიანი. სტუდენტებს თბილად მიმართა რექტორმა ჯაბა სამუშიამ. მან სტუდენტებს აღუთქვა დახმარება მომავალი კვლევების ჩატარებასა და გამოცემების საქმეში. რექტორმა გაიხსენა პროფესორი ნიკო ბერუჩაშვილი და ხაზი გაუსვა მის წვლილს ქართული გეოგრაფიული და კარტოგრაფიული მეცნიერებების განვითარების საქმეში. კონფერენციას ესწრებოდნენ ნიკო ბერუჩაშვილის მეუღლე, გეოგრაფიის დოქტორი ნელი ჯამასპაშვილი და გეოგრაფიის დოქტორი მანანა შარაშენიძე. კონფერენციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს გეოგრაფიის საბაკალავრო პროგრამის ყველა კურსის სტუდენტებმა და მაგისტრანტებმა.  სტუდენტთა მიერ წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა დამსწრე პროფესორ-მასწავლებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. კონფერენციის დასასრულს, ასოცირებულმა პროფესორმა თენგიზ გორდეზიანმა აღნიშნა, რომ მომავალში ასეთი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციები საერთაშორისო მასშტაბსაც შეიძენს.

Facebook
Twitter
LinkedIn