კონფერენცია – ,,გეოფიზიკური პრობლემები XXI საუკუნეში“
29 ოქტომბერს თსუ-სა და გეოფიზიკური ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდული საერთაშორისო კონფერენცია – ,,გეოფიზიკური პრობლემები XXI საუკუნეში“. კონფერენციას ხელმძღვანელობდა თსუ-ს მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და დოქტორანტი სოფიკო მათიაშვილი. კონფერენცია მიზნად ისახავდა სტუდენტების ჩართულობას სამეცნიერო საქმიანობაში, კვლევითი უნარების განვითარებასა და ახალგაზრდების ინტეგრაციას გეოფიზიკის სამეცნიერო სივრცეში.
,,უნდა გაღვივდეს ახალგარდა მკვლევართა, მეცნიერთა და სტუდენტთა ინტერესი გეოფიზიკის დარგისადმი, უნდა გააქტიურდეს მათი ჩართულობა კვლევით პროცესებში და უნდა გაიზარდოს თანამშრომლობის ასპექტები უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის. კონფერენციის ფარგლებში განხილული თემები ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო განვითარებას და გეოფიზიკის დარგის გაძლიერებას საქართველოში“, – აღნიშნა სოფიკო მათიაშვილმა.
კონფერენციაზე წარმოადგინეს შემდეგი მოხსენებები: ,,საქართველოს ტერიტორიაზე სამთო სამრეწველო ნიადაგების რადიოეკოლოგიური შეფასების ანალიზი“ (სოფიკო მათიაშვილი); ,,აჭარის სანაპირო ზოლის მორფოდინამიკა“ (ირმა მაკალათია); ,,ენგურის კაშხლის ირგვლივ ლოკალური სეისმურობის შეფასება“ (ნაზი ტუღუში, ირინე ხვედელიძე); ,,სეისმური მონაცემების ანალიზი და გამოყენება და მეტამონაცემების შექმნა“ (თეიმურაზ კვირცხალია); ,,ნიადაგის გაუდაბნოების მათემატიკური მოდელი“ (სალომე ძიგუა); ,,გეომაგნიტური მონაცემების დინამიკის შესწავლა რეკურენტული რაოდენობრივი ანალიზის მეშვეობით“ (ლუკა წულუკიძე); ,,დედამიწის მაგნიტური ველის ინვერსიების მართვა რიკიტაკის მოდელში“ (ლუკა კეზუა); ,,მდინარე ენგურის გეომორფოლოგია“ (სესილი მელია); ,,ლეღვათხევში ქვათაცვენის შეჩერების გზები“ (ბარბარე ჭელიძე); ,,სეტყვის პროცესები საქართველოში და ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედება“ (მარიამ მოდრეკელიძე) და სხვ.
კონფერენციას ესწრებოდნენ თსუ-ს მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი ნოდარ ვარამაშვილი, დირექტორის მოადგილე ჯემალ ქირია, გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.
