თსუ-ში კონფერენცია – ,,გელათის აკადემია – მისი ეპოქა და მემკვიდრეობა” გაიმართა

თარიღი: 2023-04-29 12:50:37

28  აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია ,,გელათის აკადემია მისი ეპოქა და მემკვიდრეობაგაიმართა. 

ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია წარმოადგენს გელათის აკადემიის თაობაზე ფართომასშტაბიანი პროექტის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ძველი ევროპის, გლობალური წესრიგის დაშლის ეს საკვანძო და, ამავე დროს, კრიტიკული მომენტი აღმოსავლეთ ქრისტიანობის განაპირა ნაწილის საქართველოს პრიზმიდან დაინახოს; გამოიკვლიოს გელათი, როგორც გლობალურისა და ლოკალურის თანაარსებობის მოდელი საუკუნეების განმავლობაში.

კონფერენცია გახსნა აკადემია ევროპეას (Academia Europaea ) წევრმა, აკადემიკოსმა ზაზა სხირტლაძემ, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა აკადემია ევროპეას თბილისის ცენტრის დაარსების ისტორია. მან აღნიშნა, რომ აკადემია ევროპეა, რომელიც  35 წლის წინ ბრიტანეთის სამეფო აკადემიის, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის და გერმანიის აკადემიის მიერ დაარსდა და დღეს უკვე 44 ქვეყანას აერთიანებს, არის ევროინტეგრაციის შემადგენელი ნაწილი. რაც შეეხება რეგიონულ ცენტრებს, ის სულ 7 ქალაქშია გახსნილი და თბილისი არის ერთადერთი არაევროკავშირის სტატუსის მქონე ქვეყნების ქალაქებიდან, რომელშიც ამ ორგანიზაციამ დაიწყო ფუნქციონირება. „თბილისის ჰაბი (ცენტრი) დაარსდა 2019 წელს აკადემია ევროპეას საქართველოს წარმომადგენლობასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე,  თსუ-ს ბაზაზე. ამ ხნის განმავლობაში უკვე მოხერხდა რამდენიმე საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტის დაწყება და განხორციელება. მათ შორის არის ისეთი პროექტები, როგორიცაა:  „გზაჯვარედინზე“, პოპულარული ლექციების სერია, პანელური სესიები და ა.შ. მესამე წელია, გელათის აკადემიის პროექტი დაიწყო. იგი მიზნად ისახავს გელათის აკადემიის ფართო კონტექსტში წარმოჩენას აღმოსავლეთსა და დასავლეთში. ამ კუთხით სხვადასხვა რამაა დაგეგმილი, მათ შორის, სამაგიდო წიგნის გამოცემაც“, – აღნიშნა ზაზა სხირტლაძემ.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და თსუ-ს რექტორის მხარდაჭერა გადასცა ვიცე-რექტორმა ნინო ოკრიბელაშვილმა. „გელათი – ჩვენი ქვეყნის სიმბოლოდ ქცეული საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრი, პრაქტიკულად, მეორე იერუსალიმად იქნა აღიარებული. გელათის აკადემიას უდიდესი დატვირთვა აქვს როგორც  ევროპული გზის რეალურ მაჩვენებელს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჯერ კიდევ 900 წლის წინ აურჩევია. ეს არის  ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ევროპასთან არ გვქონია მხოლოდ პრაგმატული სავაჭრო-ეკონომიკური და სხვა ტიპის ურთიერთობები, არამედ გვქონდა მასთან მნიშვნელოვანი კულტურული, რელიგიური, სამწერლო და მთარგმნელობითი  ბმა, რაც მიუთითებს ჩვენს ევროპულ კუთვნილებაზე“, – განაცხადა ნინო ოკრიბელაშვილმა.  

აკადემია ევროპეას თბილისის ჰაბის ხელმძღვანელმა დავით ფრანგიშვილმა თავის გამოსვლაშიისაუბრა აკადემია ევროპეას თბილისის ჰაბის საქმიანობაზე და აღნიშნა, რომ ამ აქტივობების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება შეიძლება განისაზღვროს ერთი სიტყვით – მემკვიდრეობა. „ეს აქტივობა მიმართულია ქართული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენაზე ევროპის აკადემიურ სივრცეში. ამ თემის წინ წამოწევა განსაზღვრულია დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგით, რომელმაც კიდევ უფრო აქტუალური გახადა საუბრები საქართველოს ევროპულობაზე. რა არის ევროპულობა და რა განსაზღვრავს ქვეყნის ევროპულობას? ამ კითხვაზე პასუხები შეიძლება გაეცეს პოლიტიკური, ეკონომიკური, გეოგრაფიული და მორალური ღირებულებების მიხედვით, მაგრამ ყველაზე ხშირად ევროპულობას განსაზღვრავენ ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით. მიიჩნევა, რომ ევროპულობის უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს ქვეყნის კავშირი ქრისტიანულ სამყაროსთან და ისტორიულ განვითარებასთან. საქართველოს ეს ისტორიული გზა დიდი ღირსებით აქვს გავლილი და ამ გზაზე ჩვენი ევროპულობის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა გელათის აკადემია. ამ უძველეს ევროპულ აკადემიაზე გადის სწორედ ისტორიულ-კულტურული ხაზი ანტიკურობიდან შუა საუკუნეების აღორძინებამდე. გელათში დავით აღმაშენებელმა ააღორძინა ბერძნული სამყაროს  უმნიშვნელოვანესი კულტურული მონაპოვარი – ესაა ფართო განათლებაზე დამყარებული  აღზრდის სისტემა,  რომლის შედეგადაც ყალიბდებოდა სახელმწიფოს სანიმუშო და განსწავლული მოქალაქე.  გელათის აკადემია დავითმა დააფუძნა, როგორც ახალი ათინა და მეორე იერუსალიმი. ჩვენ გვინდა გელათის აკადემია ევროპულ აკადემიურ სივრცეში წარმოჩინდეს როგორც უძველესი ევროპული აკადემია და სულიერი და ინტელექტუალი მემკვიდრეობის ნიშანი ჩვენი ქვეყნისა და საერთო საკაცობრიო კულტურული პროცესებისათვის“, – თქვა დავით ფრანგიშვილმა.

ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა და მენეჯერმა სოფო კობახიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომპროექტს – „გელათის აკადემია“ – 2020 წელს ჩაეყარა საფუძველი და იგი მიზნად ისახავს გელათისა და გელათის აკადემიის შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელებას ფართო საზოგადოებაში. „ეს კონფერენციაც ამ პროექტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და მისი მიზანი არის ახალგაზრდების დაინტერესება და ახალგაზრდებში გელათის აკადემიის როლის წარმოჩენა“, – აღნიშნა მან.

პანევროპული მეცნიერებათა აკადემიის თბილისის რეგიონული ჰაბის მთავარმა  სპეციალისტმა მაია მაჭავარიანმა გამოკვეთა ის შედეგები, რომელიც მსგავსი სახის კონფერენციებს მოსდევს: „პროექტის ფარგლებში გელათის შესახებ კონფერენციას პირველად ვატარებთ და მას რამდენიმე მიზანი აქვს. გვინდა, რომ ახალგაზრდების ყურადღება მეტად  მივმართოთ  გელათის აკადემიისაკენ და, ამავე დროს, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა მეცნიერებს საკუთარი კვლევების წარმოდგენაში. აქ არიან მეცნიერები, რომლებიც მოუსმენენ მოხსენებებს და მათი რჩევები და შენიშვნები დაეხმარება ახალგაზრდა მეცნიერებს სამომავლოდ კვლევების გაგრძელებაში“.

კონფერენციის მონაწილემ,  ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა ირაკლი ლორთქიფანიძემ  მნიშვნელოვანი უწოდა კონფერენციას და აღნიშნა, რომ ამით ხელი ეწყობა მომავალ თაობას სხვადასხვა საკითხთან მიმართებით ცოდნის გაღრმავებაში.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო  მოხსენებები: „ძველი ბერძნული ინფინიტივური კონსტრუქციების ეკვივალენტები გელათის კატენებიანი ბიბლიის მცირე წინასწარმეტყველთა წიგნებში“ (ნინო გიორგაძე  – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი); „ეზეკიელისა და იერემიას წიგნთა დუბლეტური წაკითხვები გელათური ბიბლიის (A-1108) მიხედვით და მათი რედაქციული კუთვნილების საკითხი“ (დიაკონი ზოსიმე (თამაზი) ბუხაიძე – გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია); „მეფე დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანის“ ერთი წყაროს შესახებ“ (დავით დუგლაძე – ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია); „გელათური კონდაკის (ილიტარიონის) ისტორიული მნიშვნელობა და ლიტურგიკული დანიშნულება“ (ირაკლი ლორთქიფანიძე – გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია); „მიქეას ტექსტის გელათური ვარიაციები“ (თინათინ ჯიქურაშვილი – თსუ, ქართული ენის ინსტიტუტი, ა. შანიძის სახელობის ძველ ქართულ ხელნაწერთა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ორიონი“); „გელათის კატენებიანი ბიბლიის ლექსიკა მცირე წინასწარმეტყველთა წიგნების მიხედვით“ (თამარ მაგრაქველიძე – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი).

Facebook
Twitter
LinkedIn