რა სადისერტაციო ნაშრომი წარადგინა გელა სანდოძემ?

თარიღი: 2024-06-17 15:53:00

13 ივნისს თსუ-ს დოქტორანტმა გელა სანდოძემ სადისერტაციო ნაშრომი დაიცვა, რომლის სახელწოდებაცაა „გარემოზე ზემოქმედების შეფასების გეოგრაფიული საფუძვლები“.

სადისერტაციო ნაშრომში პირველად და სრულყოფილადაა განხილული გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) გეოგრაფიული საფუძვლები, მასში გაანალიზებულია ყველა ის ძირითადი გეოგრაფიული ფაქტორი, მოვლენა თუ პროცესი (ბუნებრივი, ანთროპოგენული, ბუნებრივ-ანთროპოგენული), რაც გავლენას ახდენს გეოგრაფიულ გარემოში მიმდინარე პროცესებზე.

ნაშრომის სამეცნიერო სიახლე უკავშირდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების გეოგრაფიული მახასიათებლების გამოვლენას და ანალიზს. ამჟამად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში თუ მსგავსი სახის ნაშრომში, რომელიც დაკავშირებულია ამგვარ კვლევასთან და შეფასებასთან, პრაქტიკულად არ არის განხილული ბუნებრივი ზემოქმედების ფორმები. სამეცნიერო სიახლეს ასევე წარმოადგენს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებთან დაკავშირებით გეოგრაფიის, როგორც კომპლექსური და სივრცე-დროითი ანალიზით დაკავებული დარგის, მნიშვნელობის წარმოჩენა.

ნაშრომის პრაქტიკული მნიშვნელობა უკავშირდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებით დაინტერესებული სამეცნიერო, სამეურნეო თუ სახელმწიფო ორგანიზაციების საქმიანობას, სასწავლო და აკადემიურ პროცესს. გარემოზე ზემოქმედების გეოგრაფიული (კომპლექსური) შეფასება გაზრდის მის საიმედოობასა და ეფექტურობას, არაერთი დარგის ინტეგრაციის, საქართველოს რეგიონების მდგრადი განვითარების და ეკოლოგიური სტაბილურობის პერსპექტივებს. დისერტაცია ჯეროვან დახმარებას ასევე გაუწევს გარემოს მდგომარეობის კვლევით, მასზე ზემოქმედების შეფასებით და ეკოლოგიური გამოწვევების პრევენციით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას.

გელა სანდოძის თემის ხელმძღვანელი პროფესორი ნოდარ ელიზბარაშვილი გახლდათ.

გელა სანდოძემ 2015 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატი „ეკოლოგიის“ სპეციალობით, ხოლო 2018 წელს  წარჩინებით დაამთავრა მაგისტრატურა ამავე ფაკულტეტზე გეოგრაფიაში სპეციალობით –  „ლანდშაფტური დაგეგმარება“. 2019 წლიდან იგი თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დოქტურანტურაში სწავლობდა. 

,,თსუ-ში ვისწავლე ყველა საფეხურზე. დარწმუნებით შემიძლი ვთქვა, რომ ეს უნივერსიტეტი სტუდენტს აძლევს საშუალებას განვითარდეს, მიიღოს ცოდნა და ჩამოყალიბდეს როგორც ძლიერი პროფესიონალი.  თსუ-ს ჰყავს პროფესიონალი და უმაღლესი  დონის პერსონალი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მქონდა საშუალება საქართველოში ნომერ პირველ უნივერსიტეტში მესწავლა“, – ამბობს გელა სანდოძე, რომელიც აპირებს – თავისი აკადემიური მომავალი აუცილებლად დაუკავშიროს თსუ-ს.

Facebook
Twitter
LinkedIn