უნივერსიტეტის გაზეთის რედაქციის მიერ გამოვლენილი გამარჯვებულები 2025 წლის ნომინაციებში
უნივერსიტეტის გაზეთის რედაქციისთვის წლის ბოლოს 2025 წლის შეჯამების და განვლილის გაანალიზების დროც დადგა. პირველ რიგში, მადლობა გვინდა ყველა იმ პროფესორს, სტუდენტსა და თსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ვუთხრათ, რომლებიც ჩვენი გაზეთის ფურცლებს ავსებენ, სიხარულით მოგვმართავენ მათი აქტივობების გასაშუქებლად, აქტიურად გვაწვდიან ინფორმაციას და თანამშრომლობენ რედაქციის ჟურნალისტებთან. თითოეული მათგანი აცნობიერებს ჯერ კიდევ 1927 წლიდან გამომავალი უნივერსიტეტის გაზეთის მნიშვნელობას და გაზეთის ბეჭდური ვერსიის შენარჩუნების ტრადიციას მხარს უბამენ. გაზეთისთვის ,,ოქროს ხანად“ ითვლება ნიკო კეცხოველის რექტორობის პერიოდი, როდესაც რექტორს – ორთქმავლით მომავალს თბილისისკენ – თურმე ჩამოსვლისთანავე ვაგზალზე მიართმევდნენ უნივერსიტეტის გაზეთს, როგორც მისთვის ძალიან მნიშვნელოვან ცნობარს უნივერსიტეტზე. თსუ-ს მრავალფეროვანი, სისხლსავსე ცხოვრების გაშუქება მომავალში ცნობილი პოეტებისა და მწერლების შემოქმედების ასახვასაც მოიცავდა მაშინ. საუნივერსიტეტო გაზეთის არაერთი სტრატეგიული მიდგომით დაფასება როინ მეტრეველის რექტორობის პერიოდსაც უკავშირდება. თსუ-ს ყველა მნიშვნელოვან სხდომასა თუ აკადემიური საბჭოს ყველა თავყრილობაზე რექტორს გაზეთის წარმომადგენელი ახლდა, რომლის მიერ შედგენილ სტატიებს როინ მეტრეველი პირადად ეცნობოდა.
რა შეიცვალა 2006 წლიდან, როდესაც მე (ნინო კაკულია) უნივერსიტეტის გაზეთის რედაქტორად მომიწვიეს? რექტორ გიორგი ხუბუას მხარდაჭერით გაზეთის ახალი კონცეფცია შეიქმნა და რედაქციაში აყვანილი ჟურნალისტებისთვის პირველად მოეწყო შესაბამისად აღჭურვილი სამუშაო სივრცე. ალექსანდრე (სანდრო) კვიტაშვილის რექტორობისას გაზეთის რედაქციამ მასშტაბურად აღნიშნა გაზეთის 85 წლის იუბილე. რექტორ ვლადიმერ (ლადო) პაპავას პერიოდი გაზეთის რედაქციისთვის იმ მხრივ იყო შთამბეჭდავი, რომ რექტორის ხელშეწყობით გაფართოვდა რედაქციის საქმიანობა და შეიქმნა სატელევიზიო პროექტები – ,,სუპერ-ეგო“, ,,უნივერსია“, ,,საჯარო ლექცია“, რომლებიც გადაიცემოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში. სწორედ მისი მხარდაჭერით შეიქმნა ახალი პროექტი – ,,პუბლიცისტური ნარკვევები“, რომლის ფარგლებშიც გამოიცა კრებულები უნივერსიტეტის დამფუძნებლებსა და ღვაწლმოსილ პროფესორებზე. ლადო პაპავა გახლდათ, ასევე, ის რექტორი, რომელიც ყველა საუნივერსიტეტო სხდომასა თუ შეკრებაზე უნივერსიტეტის გაზეთის მნიშვნელობას წარმოაჩენდა და ჟურნალისტებს თავისუფალი სიტყვის უფლებებს უპირობოდ ანიჭებდა. რექტორ გიორგი შარვაშიძის ინიციატივითა და ხელშეწყობით შეიქმნა უნივერსიტეტის გაზეთის ელექტრონული გვერდი – gazeti.tsu.ge, რომლის ფარგლებშიც ინტენსიური გახდა საუნივერსიტეტო ინფორმაციის მკითხველისთვის მიწოდება. მისი რექტორობისას სატელევიზიო პროექტები, რომლებიც საუნივერსიტეტო ცხოვრებას მრავალი ასპექტით ასახავდნენ (ქრონიკები, ფილმები, საჯარო ლექციები), გადაიცემოდა რეგიონული ტელევიზიების ეთერებში, რაც რეგიონების მოსახლეობისთვის უნივერსიტეტის პოპულარიზაციას უწყობდა ხელს. ჯაბა სამუშიას რექტორობის პერიოდში უნივერსიტეტის გაზეთის რედაქცია თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის შემადგენლობაში გადავიდა და განახლდა გაზეთის კონცეფცია – ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად თსუ-ს სტუდენტების ფართოდ წარმოჩენა იქცა. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა სტუდენტური ჩანართი სახელწოდებით – ,,სტუდენტური ფურცელი“ (წარსულში გაზეთის ერთ-ერთი მთავარი ჩანართის სახელდება, რომლის ინიციატორები იყვნენ მაშინდელი სტუდენტები დათო ტურაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, ირმა რატიანი და სხვ.). ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობის პერიოდს უკავშირდება, ასევე, გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ დიზაინის განახლება. თითოეული რექტორის წვლილი დიდია იმ მხრივ, რომ უნივერსიტეტის გაზეთი ვითარდება და იმედია, დაანონსებული განათლების ახალი რეფორმა კიდევ უფრო მეტად გაითვალისწინებს ტრადიციას – სწორედ უნივერსიტეტის სივრცეში და სწორედ ბეჭდურად ვრცელდებოდეს გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი“, რომელიც უკვე 98 წლისაა.
ნომინაციები და გამარჯვებულნი
მათი სახელები, ვინც მხოლოდ 5 წუთში დასახელდა თსუ-ს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციის მუშაობის პროცესიდან გამომდინარე, ჩამოვწერეთ ჩვენ მიერ შერჩეული ნომინაციების შესაბამისად. ნუ დაგვძრახავთ, თუკი ამ 5 წუთში სხვამ დაიკავა თქვენი ადგილი (შეგნებულად არ ვასახელებთ წარმომადგენლებს თსუ-ს ხელმძღვანელობიდან).
. . .
ვლადიმერ (ლადო) პაპავა – წლის რესპონდენტი;
რევაზ შანიძე – წლის ინფორმატორი მეცნიერებაზე;
თემურ ნადარეიშვილი – წლის მრჩეველი რედაქციისთვის;
თამარ ვეფხვაძე – რედაქციის ყველაზე ერთგული მეგობარი;
ქეთევან ხუციშვილი – საუკეთესო მედიასთან თანამშრომლობაში;
ლია ქაროსანიძე – წლის ენის ქომაგი;
გოგი გოგოლაშვილი – წლის ყველაზე ინიციატივიანი;
დიმიტრი კორძაია – გაზეთის ყველაზე დიდი ქომაგი;
ვახტანგ ლიჩელი – გაზეთის წლის საუკეთესო მკითხველი;
ავთანდილ სილაგაძე – გაშუქების თვალსაზრისით ყველაზე თავშეკავებული რესპონდენტი;
ინესა მერაბიშვილი – ყველაზე გულუხვი კომპლიმენტების ავტორი;
ნინო ჩიქოვანი – წლის კულტუროლოგი, რომელიც თავის სფეროზე ყველაზე ხშირად გვაწვდიდა ინფორმაციას;
ირინე დარჩია – წლის ყველაზე კომუნიკაბელური ქალი მეცნიერი;
მანანა გელაშვილი – გაზეთის წლის ყველაზე მადლიერი ქალბატონი;
ეკატერინე ნავროზაშვილი – ყველაზე მეტი კონფერენციის ორგანიზატორი და გაზეთის გულუხვი ინფორმატორი;
ნიკა ტეფნაძე (,,ჰარვარდელი“) – წლის ყველაზე გულისხმიერი სტუდენტი;
ნინო უგრეხელიძე – ყველაზე ყურადღებიანი და გულისხმიერი ხელმძღვანელი;
ეკატერინე ფირცხალავა – ყველაზე აქტიური გაზეთის რედკოლეგიის წევრი;
ნინო ჩარკვიანი – წლის აღმოჩენა რედაქციისთვის;
თეა გერგედავა – ყველაზე სხარტი და მობილიზებული;
ნუნუ ოვსიანიკოვა – რედაქციის ყველა თხოვნაზე მთელი ძალისხმევით რეაგირებს;
გოჩა ჯანელიძე – ყველაზე ყურადღებიანი;
ნინო მარუაშვილი – ყველაზე მეტი ჯაფა აქვს რედაქციისთვის გაწეული;
ხათუნა ჩუგოშვილი – ყველაზე კეთილგანწყობილი;
მანონი ჯოჯუა – გაზეთის რედაქციისთვის (და არა მარტო) წლის ფიფქია;
წლის რესპონდენტი – 2025
2025 წელს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორს, აკადემიკოს ვლადიმერ (ლადო) პაპავას 70 წელი შეუსრულდა. მისი იუბილე დიდი ღონისძიებით აღინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამ დღისთვის გამოიცა სპეციალურად წიგნი – ,,ეკონომიკური მეცნიერება და საქართველოს ეკონომიკა“, I ტომი. (გამომცემლობა ,,უნივერსალი“). უნივერსიტეტის გაზეთის რედაქციას არაერთი საბაბი ჰქონდა – გაზეთის ფურცლებზე ხშირად წარმოეჩინა ლადო პაპავას მიღწევები, რომელიც ამჯერად მხოლოდ 2025 წლის პერიოდს მოიცავს:

1. აკადემიკოს ვლადიმერ (ლადო) პაპავას წიგნი „რეტროეკონომიკიდან სანქციონომიკამდე: ესეები არატრადიციულ ეკონომიკაზე“ (From Retroeconomics to Sanctionomics: Essays on Unconventional Economics), რომელიც 2024 წელს გამოიცა აშშ-ში, 2025 წელს CORE Academy-ის მიერ ინგლისურიდან ითარგმნა ჩინურ ენაზე და გამოიცა ჰონგ-კონგში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში;
2. აკადემიკოსი ვლადიმერ (ლადო) პაპავა არჩეულ იქნა დიდი ბრიტანეთის სამეფო ეკონომიკური საზოგადოების საპატიო წევრად;
3. აკადემიკოსი ვლადიმერ (ლადო) პაპავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაჯილდოვდა ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის მედლით;
4. აკადემიკოსი ვლადიმერ (ლადო) პაპავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ დაჯილდოვდა პაატა გუგუშვილის სახელობის მედლით;
5. აკადემიკოს ვლადიმერ (ლადო) პაპავას ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება;
6. აკადემიკოს ვლადიმერ (ლადო) პაპავას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება;
7. აკადემიკოს ვლადიმერ (ლადო) პაპავას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება.
. . .
გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქცია ყველა პროფესორს, სტუდენტსა და ადმინისტრაციის წარმომადგენელს მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის და გაწეული სამსახურისთვის!
გილოცავთ დამდეგ 2026 წელს!
