,,უნივერსიტეტის კარი თქვენთვის ყოველთვის ღია იქნება“
თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თსუ-ს კანცლერთან, ლაშა საღინაძესთან ერთად უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი თანამშრომლები მედლით დააჯილდოვა. რექტორმა მათ მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ასაკობრივ საპენსიო ასაკს მიღწეულმა უნივერსიტეტის იმ ადმინისტრაციულმა და დამხმარე პერსონალმა, რომელმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე უნივერსიტეტიდან წასვლა გადაწყვიტა, უნივერსიტეტისგან ჯილდოს სახით ფულადი კომპენსაციაც მიიღო.
უნივერსიტეტიდან წასვლის სურვილი 30-მდე თანამშრომელმა გამოხატა და სწორედ მათი გაცილების საღამოზე ითქვა ის დასამახსოვრებელი სიტყვები, რამაც, ალბათ, ყველას გული გაუთბო.
„გვინდა ჩვენი ღვაწლმოსილი თანამშრომლები დავაჯილდოვოთ და ქედი მოვიხაროთ მათი შრომის წინაშე. ისინი კვლავინდებურად იქნებიან იმ დიდი ოჯახის წევრები, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰქვია. უნივერსიტეტელობა არის ის ტვირთიც და ჯილდოც, რომელსაც ვერავინ ჩამოგვართმევს. თითოეული თქვენგანის მიმართ გამოვხატავ ჩემს ღრმა პატივისცემას. სწორედ თქვენ ხართ იმ ლამაზი გარემოს შემქმნელები, სადაც სტუდენტებს უხარიათ ყოფნა და ამისთვის დიდი მადლობა“, – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
„თქვენი რჩევა-დარიგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და იქნება ჩვენთვის. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ ათეულობით წელი მოღვაწეობდით უნივერსიტეტის განვითარებისთვის, უამრავი ახალგაზრდა აღზარდეთ უნივერსიტეტში. ეს ჯილდო, რომელიც უნივერსიტეტმა გაიღო, არის მინიმალური, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა თქვენი ღვაწლის დაფასებისთვის. თქვენთვის უნივერსიტეტის კარი მუდამ ღია იქნება“, – აღნიშნა თსუ-ს კანცლერმა ლაშა საღინაძემ.
კესო ფურცელაძე, სვეტლანა ბასილია, ლამარა გეგუჩაძე, აველინა დავითულიანი, თენგიზ სირაძე, იზოლდა შუბლაძე, ნუგზარ თავაძე, ალექსანდრე უნაფქოშვილი, ელეონორა კაჭარავა, მარინე მერკვილაძე, მანანა აბზიანიძე, მაგული გოცირიძე, თამარ ქადაგიშვილი, როზა დვალი, თამაზ ბარაბაძე, იზოლდა კიკნაძე, დავით ჩეკურიშვილი, ლალი დათუაშვილი, მაია ოქიტაშვილი, ელენე გიგუაშვილი, გენადი ომიაშვილი, მარინა ახმეტელი, გერმან აკობიძე, თამარ ლაღიძე, ელზა ლორთქიფანიძე, რუსუდან რუსიშვილი – ეს ის სახელები და გვარებია, რომლებიც გაცილების საღამოზე რექტორმა წარმოთქვა და უნივერსიტეტისათვის გაღებული მათი განსაკუთრებული წვლილის შესახებ ისაუბრა. ყველა მათგანის ფიქრები, ალბათ, ისევ უნივერსიტეტს დასტრიალებს დღესაც, რადგან აქედან წასვლა რთულია…
. . .
თენგიზ სირაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში, როგორც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ასაკობრივ საპენსიო ასაკს მიღწეულმა, უნივერსიტეტიდან წასვლა გადაწყვიტა. მან უნივერსიტეტისგან ჯილდოს სახით ფულადი კომპენსაციაც მიიღო და, როგორც ღვაწლმოსილი თანამშრომელი, მედლით დაჯილდოვდა.
,,უნივერსიტეტიდან წასვლა გადავწყვიტე ასაკობრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. უნივერსიტეტის რექტორატის შეთავაზება და მათი მხრიდან მადლიერების გამოხატვა ჩემთვის დამატებით სასიამოვნო იყო. ჩემთვის უნივერსიტეტი იყო და არის საქართველოს ახალგაზრდობის განათლების კერა, რომელსაც ჩვენი სტამბის სამუშაო პროცესით ხელს ვუწყობდით. რა თქმა უნდა, გული მწყდება უნივერსიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებასთან ურთიერთობის შეწყვეტის გამო, მაგრამ სასიამოვნოა, როდესაც თსუ-ს სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლები ხშირად მეხმიანებიან მოკითხვის და რჩევების მისაღებად“, – ამბობს თენგიზ სირაძე, რომელიც უნივერსიტეტის სტამბაში კოორდინატორად 12 წლის მანძილზე მუშაობდა.
ჩვენ გაზეთში ყველა მათგანზე დავწერთ, რათა გაზეთის ფურცლებმაც შემოინახოს ამ დიდებული ადამიანების სახელები, რომელთაც ამიერიდან დაფასებასა და თბილ სიტყვებზე მეტად არაფერი სჭირდებათ.
წლები მხოლოდ ციფრებია!
დაარსებიდან იღბალი დაჰყვა უნივერსიტეტს – არსებობის ისტორიაში, მშვიდობასა თუ ძნელბედობაში, გამოუჩნდებოდნენ ხოლმე ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავი შრომითა და უნივერსიტეტის იდეისადმი უცნაური პატივისცემით გამოირჩეოდნენ. მათ საკუთარი მხრებით ატარეს ქართული აზრის, განათლებისა და მეცნიერების აკვანი…
და ეს ადამიანები არ იყვნენ მხოლოდ საზოგადო მოღვაწენი ან მეცნიერნი, ისინი არ ხმაურობდნენ, უჩუმრად აკეთებდნენ თავიანთ საქმეს და ამით ამტკიცებდნენ, რომ უნივერსიტეტი არც მხოლოდ პროფესორია, არც მხოლოდ სტუდენტი და არც მხოლოდ ერთეული ჩინოვნიკი – უნივერსიტეტი ის ადამიანებიცაა, რომლებიც ყველაზე რუტინულ, მაგრამ აუცილებელ და, შესაძლოა, მოსაწყენ საქმესაც ისეთი სიამაყით უძღვებიან, როგორც ეს უნივერსიტეტს შეეფერება.
ერთ ასეთ ადამიანზე მინდა მოგითხროთ.
იზო კიკნაძეს უნივერსიტეტის თითქმის ყველა სტაჟიანი თანამშრომელი იცნობს – მას „კადრების იზოთი“ მოიხსენებენ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს ადამიანი მართლა უნივერსიტეტის მემატიანეა და თითქმის ნახევარი საუკუნეა, ერთგულად ემსახურება საუნივერსიტეტო საქმეს.
როცა ხარაგაულის პატარა სოფელ საღანძილის სკოლაში სწავლობდა, ალბათ არ უფიქრია იმაზე, რომ მთელ ცხოვრებას დიდი მეცნიერების გვერდით გაატარებდა და ბევრი მათგანისთვის სანდო თანამშრომელი გახდებოდა. მაშინ დედას – დაწყებითი სკოლის პედაგოგსა და მამას – დამსახურებულ რკინიგზელს – ეხმარებოდა უმცროსი ძმების – ვახტანგისა და გელას აღზრდაში. მერეც – როცა ხარაგაულის N2 საშუალო სკოლაში განაგრძო სწავლა, ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლე მალევე მოექცა მასწავლებლების ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებით უყვარდა ფიზიკა, მათემატიკა და უცხო ენები… მომავალი პროფესიაც სიყვარულით აირჩია და ჩაირიცხა კიდეც ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში. ოცნებებში ალბათ დედასავით პედაგოგობა სურდა, ანაც საერთაშორისო ასპარეზზე ხედავდა მომავალს, მაგრამ ერთმა ნაბიჯმა სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება – 1976 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში შემოდგა ფეხი და მას შემდეგ ეს კედლები, ეს საოცარი აურა, რაც ამ კედლების შიგნით ტრიალებს, ქალბატონი იზოს ცხოვრების ნაწილად იქცა.
აკი ვთქვით, ერთგულება სიყვარული და თავდადებაა-თქო და ისიც ამ სიყვარულით და თავდადებით ემსახურება საუნივერსიტეტო საქმეს – ხშირად ასრულებდა კადრების განყოფილების უფროსის მოვალეობას, რადგან სანდო, საიმედო და პატიოსნებით გამორჩეული თანამშრომელი იყო. ამ წლების განმავლობაში ის არაერთხელ დაუჯილდოვებიათ დიპლომებითა და სიგელებით, არაერთი სპეციალური მადლობა მიუღია, მაგრამ ყველაზე დიდი ჯილდო ის სიყვარულია, რომელიც უნივერსიტეტსა და თანამშრომლებში მოიპოვა – ვისაც არ უნდა უხსენო „კადრების იზო“, ყველა იცნობს და მოწიწებით და პატივისცემით მოიხსენიებს მას.
ვერც კი მიხვდებით, რომ უნივერსიტეტის დერეფნებში ჩქარი ნაბიჯით მიმავალ ამ კაფანდარა ქალს წლები ამძიმებს – ის დღესაც ისეთივე ენერგიული, პასუხისმგებლიანი, სანდო და ერთგული თანამშრომელია, როგორმაც თითქმის ხუთი ათეული წლის წინ შემოაბიჯა უნივერსიტეტში. ძმისშვილებს – ლელას, ნიას და ნიკას საკუთარ შვილებად მიიჩნევს, მისი ცხოვრების ყველაზე დიდი ადამიანები კი შვილიშვილები – ლუკა და ნანუკა არიან… „ჩემთვის და გელასთვის იზო უფროსი დაც იყო და აღმზრდელიც… მამას ჰგავდა – მუდმივად ღიმილიანი და საქმისადმი თავდადებული და ასე მოვიდა აქამდე – მისთვის მთავარი იყო და არის უნივერსიტეტი“, – ამბობს ბატონი ვახტანგი.
მადლიერება მარტო ადამიანებს არა – უნივერსიტეტსაც ამშვენებს და ალბათ მადლობა უნდა ვუთხრათ შრომისა და ერთგულებისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ უნივერსიტეტელს – ქალბატონ იზო კიკნაძეს ყველაზე რუტინული, მაგრამ აუცილებელი და, შესაძლოა, მოსაწყენი საქმის ისეთი სიამაყით შესრულებისთვის, როგორც ეს ჭეშმარიტ უნივერსიტეტელს შეეფერება! ამ შემთხვევაში სწორედაც რომ მასზეა ნათქვამი – დიახ, წლები მხოლოდ ციფრებია!