უნივერსიტეტი სტუდენტის ფოტოობიექტივში
თსუ-ს სტუდენტური გაერთიანება ,,სხივის” ინიციატივით ჩატარებულ ფოტოკონკურსში – „უნივერსიტეტი ობიექტივში“ – ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა.
შემოქმედებით პროექტში მონაწილეობა თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის 27-მა სტუდენტმა მიიღო. კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებს მაისის თვის განმავლობაში უნდა წარედგინათ ხუთფოტოიანი კონცეპტუალური კოლაჟი, რომელიც უნივერსიტეტის ცხოვრებას ასახავდა. ჟიურის წევრებმა წარმოდგენილი ნამუშევრებიდან სამი საუკეთესო შეარჩიეს, რომელთა ავტორებსაც ფულადი პრიზები გადაეცათ.
პროექტის ორგანიზატორი, სტუდენტური გაერთიანება „სხივი“, საკმაოდ ახალი ორგანიზაციაა – იგი 2025 წლის აპრილში, უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას მხარდაჭერით დაფუძნდა და სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებას, საქველმოქმედო თუ სამეცნიერო აქტივობებს ემსახურება. „სხივის“ ხელმძღვანელმა, დათა გერანტიამ, აღნიშნა, რომ ფოტოკონკურსის იდეა გაერთიანების წევრებს ეკუთვნით, მის განხორციელებაში კი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და თსუ მულტიმედია ცენტრის უფროსი სპეციალისტი, ლიანა მარქარიანი დაეხმარათ, რომელიც პროექტის რეკომენდატორიც გახლავთ. ორგანიზატორების მთავარი ჩანაფიქრი ,,უნივერსიტეტის მატიანეს” შექმნაა:
„ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ უნივერსიტეტის ფოტომემატიანეები. ზოგადად, წარსულის ფოტოების ნაკლებობა თანამედროვეობაში სტუდენტებს მოტივაციას აძლევს, რომ მომავალ თაობებს მემკვიდრეობის სახით დაუტოვოს სურათები, თუ როგორ გამოიყურებოდა უნივერსიტეტი, როგორი იყო ახალგაზრდების ყოველდღიურობა და ა.შ.“

ჟიურის წევრებმა, ნამუშევრების შეფასებისას, აქცენტი კონცეპტუალურ ერთიანობასა და იდეაზე გააკეთეს. ლიანა მარქარიანის განმარტებით, მთავარი კრიტერიუმი იყო ის, რომ წარმოდგენილი ხუთი ფოტო ერთი იდეის ირგვლივ ყოფილიყო გაერთიანებული და შეკრული ფოტოამბავი შეექმნა. მან აღნიშნა, რომ 27-ივე კონკურსანტის ნამუშევრებში მინიმუმ ერთი ძალიან კარგი კადრი მაინც ფიქსირდებოდა, თუმცა გამარჯვებულები სწორედ იდეური მთლიანობით გამოირჩეოდნენ. სტუდენტებისთვის მიცემულ რეკომენდაციაში მან ხაზი გაუსვა მუდმივი ძიებისა და გადაღების პროცესს, თან ივანე ჯავახიშვილის სიტყვები გაიხსენა, რომ თუ საქმე სიყვარულით კეთდება, აუცილებლად კარგად გამოვა.
კონკურსის მნიშვნელობასა და მის შემოქმედებით მხარეზე ისაუბრა ჟიურის კიდევ ერთმა წევრმა, ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ტორაძემ. მან ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ ლექციებით არ შემოიფარგლება და მსგავსი შემოქმედებითი აქტივობები სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და ახალგაზრდების დაახლოებას უწყობს ხელს. ამასთანავე, მან წარმოდგენილი ფოტოების ნაწილი კრიტიკულად შეაფასა და აღნიშნა, რომ კადრებში უფრო მეტად არქიტექტურა იგრძნობოდა, ვიდრე თავად უნივერსიტეტი, როგორც ცოცხალი, სისხლსავსე ორგანიზმი სტუდენტური ენერგიით. მომავალ კონკურსანტებს პროფესორმა ურჩია, რომ თითოეული ფოტოკადრით მაქსიმალურად ეცადონ კონკრეტული ამბების მოყოლას და სათქმელის გადმოცემას.
ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულების სტუდენტს, მარიამ ბერიძეს ხვდა წილად, რომლის ფოტოკოლაჟიც სტუდენტური ყოველდღიურობის თემას მიეძღვნა. მარიამმა საკუთარი კონცეფცია ასე აღწერა: „ფოტოების ქრონოლოგიური განლაგებით ვცადე გადმომეცა მთელი ის ციკლი, რომელსაც დილიდან საღამომდე უნივერსიტეტში გავდივართ – ჩვენი ნაბიჯები, აქტივობები, ბიბლიოთეკაში მეცადინეობა და ის საერთო განწყობა, რაც თსუ-ს კედლებში იქმნება“. მან კადრებში ასახა თავისი მეგობრები და ის საუნივერსიტეტო სივრცეები – პირველი კორპუსი და ბიბლიოთეკა, სადაც ყველაზე ხშირად უწევს ყოფნა, ხოლო ფოტოების შუქ-ჩრდილების დამუშავება სიმბოლურად სინათლისა და განათლების თემას დაუკავშირა.

კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა ჟურნალისტიკის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტმა, ნია ნიჟარაძემ, რომლის ნამუშევრებიც თბილი ფერებით, ბუნებრივი, ავთენტური მომენტების დაჭერითა და პირადი სენტიმენტებით გამოირჩეოდა. ნიამ კადრებში პირველი კორპუსის ნაცნობი აუდიტორიები და თავისი, მეექვსე კორპუსის ხედები ასახა.

მესამე ადგილი კი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა, სოფიო მუჯირმა დაიკავა, რომელმაც უნივერსიტეტის ეზოში არსებული ძეგლების ფოტოკოლაჟი წარმოადგინა.

სტუდენტური გაერთიანება ,,სხივის” ხელმძღვანელის, დათა გერანტიას თქმით, ფოტოკონკურსი მათთვის პირველი მსგავსი ტიპის ინიციატივა იყო, თუმცა გეგმავენ, კონკურსი ყოველწლიურ ტრადიციად აქციონ და მომავალში მასშტაბი კიდევ უფრო გაზარდონ, რათა ყველა ფაკულტეტისა და სასწავლო საფეხურის სტუდენტი მოიცვას.
