თსუ-ში სხვადასხვა ამაჩქარებლებზე მიმდინარე ექსპერიმენტების ახალი შედეგები განიხილეს
სხვადასხვა ამაჩქარებლებზე მიმდინარე ექსპერიმენტების ახალი შედეგების შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 41-ე საერთაშორისო სიმპოზიუმს – „ფიზიკა ურთიერთქმედებაში“ (Physics in Collision) უმასპინძლა.
5-9 სექტემბერს, სიმპოზიუმის ფარგლებში, მსოფლიოში ცნობილმა 30-მდე მეცნიერმა მაღალი ენერგიების ფიზიკის ექსპერიმენტების შედეგები წარმოადგინა და კოლეგებს სიახლეები გაუზიარა.
სიმპოზიუმს დიდი ხნის ისტორია აქვს. პირველად იგი 1981 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბლექსბურგში (Blacksburg) ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება. გამონაკლისი იყო 2020 წელი, როცა, პანდემიის გამო, კონფერენცია გადაიდო. „გამოტოვებულ“ კონფერენციას შარშან აახენის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა (გერმანია) უმასპინძლა, წელს კი ეს პატივი საქართველოს, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ერგო.
„ამ სიმპოზიუმს სპეციფიკური ფორმატი აქვს. მასზე იკითხება მხოლოდ მოწვეული მოხსენებები იმ სფეროდან, რომელსაც ეს კონფერენცია ეძღვნება, კერძოდ, ესაა მაღალი ენერგიების ფიზიკის ექსპერიმენტები, რომელიც მსოფლიოს დიდ ამაჩქარებლებზე მიმდინარეობს. შესაბამისად, მოხსენებები იმის მიხედვით ირჩევა, თუ რამდენად კარგადაა მასში მიმოხილული ექსპერიმენტების მიმდინარეობა და შედეგები. მოხსენებებს არჩევს მსოფლიოში ცნობილი 20-მდე მეცნიერი, რომლებსაც ორგანიზატორი ქვეყნის წარმომადგენელიც უერთდება. ამდენად, წელს მეც მქონდა პატივი, შემესრულებინა ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო სამუშაო და ჩავრთულიყავი საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში“, – გვითხრა კონფერენციის ორგანიზატორმა, თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა რევაზ შანიძემ.
როგორ მოხვდა ეს სიმპოზიუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში? საქმე ისაა, რომ თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს იულიხის კვლევით ცენტრთან (გერმანია). აღსანიშნავია, რომ ამ თანამშრომლობის საფუძველზე ჩამოყალიბდა ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი – პროექტი, რომელიც ამ ორი ქვეყნის სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურულ ურთიერთობებში გამორჩეულ როლს თამაშობს. სწორედ ქართულ-გერმანული ხიდის ფარგლებში ჩამოყალიბებულმა სამეცნიერო კონტაქტებმა ხელი შეუწყო „Physics in Collision“ სიმპოზიუმის ჩატარებას საქართველოში. „ჩვენ ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის პროექტის ფარგლებში მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს გერმანელ კოლეგებთან. წინა კონფერენციას აახენში ხელმძღვანელობდა ცნობილი მეცნიერი, პროფესორი ახიმ შტალი. რადგან ამ სიმპოზიუმის დებულებით, ორგანიზატორი მოვალეა – მომავალი კონფერენციის ჩატარების ადგილი და ორგანიზატორი შეარჩიოს, პროფესორმა შტალმა შემომთავაზა საქართველო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, – გვითხრა რევაზ შანიძემ.
სიმპოზიუმის საორგანიზაციო პროცესებში ჩაერთო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო ინსტიტუტი, რომლებმაც დიდად განაპირობეს კონფერენციის მაღალ დონეზე ჩატარება. ადგილობრივ კომიტეტში 11 ადამიანი იყო გაერთიანებული. მათ შორის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი მიხეილ ნიორაძე და ელემენტარული ნაწილაკების და კვანტური ველების კათედრის გამგე, პროფესორი მერაბ ელიაშვილი. ყველა მათგანმა უდიდესი ძალისხმევა ჩააქსოვა საორგანიზაციო საქმეს, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ახალგაზრდები, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს კონფერენციის მომზადებაში. მათ შექმნეს სპეციალური ვებგვერდი, რომლის ნაწილი ცერნში შექმნილი სპეციალური საკონფერენციო პროგრამების ფორმატში გაკეთდა (www.pic2022).
სიმპოზიუმის მუშაობაში 30 უცხოელი მეცნიერი მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნიდან – ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იაპონიიდან, იტალიიდან, კანადიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, ჩინეთიდან. 20 მონაწილე კი ზუმის საშუალებით ჩაერთო, რადგან მნიშვნელოვანი სამეცნიერო ფორუმები პარალელურად სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობდა.
სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იყო მიმოხილვები სხვადასხვა ამაჩქარებლებზე მიმდინარე ექსპერიმენტების ახალი შედეგების შესახებ. ძირითადად ესენია ცერნში მიმდინარე ექსპერიმენტები – ATLAS, CMS, LHCb, ALICE, რომელშიც ქართველი მეცნიერებიც არიან ჩართული; ასევე საუბარი იყო ამერიკაში მიმდინარე ექსპერიმენტებზე, იაპონიაში მდებარე ექსპერიმენტ Super-Kamiokande-ზე, KM3NeT – ექსპერიმენტზე და სხვა. ამას გარდა კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებები იქნა წარმოდგენილი ისეთი პრობლემების თაობაზე, როგორიცაა შავი მატერიის კვლევა, კოსმოსური სხივების კვლევა, ნეიტრინოს ფიზიკაში მიმდინარე კვლევები და სხვა. ყველა მოხსენებას საინტერესო დისკუსიები მოჰყვებოდა.
კონფერენციაზე გაიმართა პოსტერ-სესიაც, რომელზეც განსაკუთრებით წარმოჩნდნენ თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ახალგაზრდა მკვლევრები, რომლებმაც ხუთი პოსტერი წარადგინეს. მათგან ორი შეეხებოდა ATLAS ექსპერიმენტს (არჩილ დურგლიშვილის და თამარ ზაქარეიშვილი); ორი – KM3NeT – ექსპერიმენტს (გოგიტა პაპალაშვილი და გიორგი ქისტაური) და ერთი პოსტერი იტალიაში მოღვაწე ქართველმა ახალგაზრდა მეცნიერმა შალვა ბილანიშვილმა წარადგინა.
კონფერენციას მაღალი შეფასება მისცა აახენის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორმა ლივია ლუდჰოვამ: „მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ამ უნიკალურ, ინოვაციურ კონფერენციაში, რომელიც მოიცავს ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის მიმართულებით უკანასკნელი მონაცემების მიმოხილვას გამოცდილი პროფესიონალებისგან“, – აღნიშნა მან.
სიმპოზიუმზე წარდგენილ მოხსენებებს შორის უნდა გამოიკვეთოს ქართველი მეცნიერის, კანზასის უნივერსიტეტის პროფესორ ქეთევან კააძის მოხსენება, ასევე კონფერენციას მუშაობაში ლანკასტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორ ვახტანგ ქართველიშვილის მონაწილეობა: „მიხარია, რომ სიმპოზიუმი წელს ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში იმართება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი უნივერსიტეტის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას მსოფლიო მასშტაბით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ გვაქვს დიდი ტრადიციები ფიზიკაში, ისევე, როგორც სხვა მეცნიერებებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ნამდვილად დაიმსახურა, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ინსტიტუცია იყოს ამ დარგში“,- აღნიშნა პროფესორმა ვახტანგ ქართველიშვილმა. სიმპოზიუმი მომავალ წელს კვლავ გაიმართება. საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მაღალი ენერგიის ფიზიკაში მოღვაწე მეცნიერები გაისად ჩილეს ეწვევიან.