თსუ ფილოსოფია – 105

თარიღი: 2023-11-21 16:23:59

სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დაარსებიდან 105 წლისთავს მიეძღვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  ,,თსუ ფილოსოფია 105“, რომელიც ფილოსოფიის მსოფლიო დღეს გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და თსუ-ს ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი.

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ-ს ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი დემურ ჯალაღონია, პროფესორები, სტუდენტები და შალვა ნუცუბიძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

იუნესკოს დადგენილებით, ფილოსოფიური პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად (2002 წლიდან) მთელ მსოფლიოში ტარდება „ფილოსოფიის დღე”, რომელსაც  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტრადიციულად, საერთაშორისო სამეცნიერო და სტუდენტური კონფერენციებით აღნიშნავს.

წლევანდელი  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა,  რომელმაც  ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებლის, ქართველი ფილოსოფოსის, კულტურის ისტორიკოსის, რუსთველოლოგის,   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და საზოგადო მოღვაწის შალვა ნუცუბიძის ღვაწლსა და ფილოსოფიის დარგის განვითარებაში შეტანილ მის წვლილზე გაამახვილა ყურადღება. „შალვა ნუცუბიძის ბიუსტის გახსნით ჩვენ პატივს მივაგებთ დიდ მეცნიერებს, ადამიანებს, რომლებზეც დგას უნივერსიტეტი. შალვა ნუცუბიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი, ასევე, ჩვენი ფილოსოფიური სკოლის ფუძემდებელი… როდესაც ისეთ დიდ მოღვაწეზე ვსაუბრობ, როგორიც შალვა ნუცუბიძეა, გიჩნდება სურვილი, გაიაზრო – რა რთული გზა გაიარა  დიდმა მოაზროვნემ.  სულ რაღაც 29 წლის  ასაკში  შალვა ნუცუბიძე  იმდენად გამორჩეული და  პატივსაცემი პიროვნებაა, რომ  დიდი  ივანე ჯავახიშვილი გვერდით იყენებს უნივერსიტეტის დაარსების  საქმეში.  ამავე პერიოდში ის  აქტიურ პოლიტიკურ  მოღვაწეობასაც ეწევა და საქართველოს პარლამენტშიც   გამორჩეულია თავისი საქმიანობით.  მიუხედავად აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობისა,  მას სამეცნიერო მუშაობა  არ შეუწყვეტია  და  ზედიზედ აქვეყნებს  სამეცნიერო ნაშრომებს გერმანიაში, რომელსაც დიდი რეზონანსი და გამოხმაურება მოჰყვა.   ასეთი მსოფლიო აღიარება  არცერთ ქართველ ფილოსოფოსს არ ჰქონია“, – აღნიშნა აკადემიკოსმა  ჯაბა სამუშიამ და ახალგაზრდებს მოუწოდა – უფრო ღრმად გაეცნონ  შალვა ნუცუბიძის ნაშრომებს, რომელიც სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს  თითოეული ქართველისათვის. რექტორის თქმით,  შალვა ნუცუბიძის 1926 წელს გამოცემული ნაშრომი გერმანიაში რამდენიმე თვის წინ ხელახლა დაიბეჭდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნაშრომები დღესაც  აქტუალურია და ერთი საუკუნის შემდეგაც იყენებენ მას ევროპული ფილოსოფიური სკოლები.

„ფილოსოფიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი ეძღვნება  უპირველესი უნივერსიტეტის  უპირველესი ფაკულტეტის უპირველეს  დარგს – ფილოსოფიას. უნივერსიტეტი და  ფილოსოფიის სწავლა-სწავლება  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტოლები არიან.  ფილოსოფია არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჰუმანიტარული დარგი  ჩვენს ფაკულტეტზე და მას აქვს  სწავლების სამივე საფეხურის პროგრამა.  ყველა ეს პროგრამა ძალიან წარმატებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საქმე, რაც ჩვენმა ფილოსოფოსება გააკეთეს, დღესაც წარმატებულად გრძელდება. ჩვენ ხშირად აღვნიშნავთ ხოლმე შალვა ნუცუბიძის სხოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს,   რადგან ვაცნობიერებთ   საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის თაობათა კავშირის უმნიშვნელოვანეს  ასპექტს.    დღევანდელი  დღე კი განსაკუთრებულია… ისეთი განცდა მაქვს, რომ, თითქოს, ბატონმა შალვამ კიდევ ერთხელ  შემოაბიჯა თავის სათაყვანებელ  უნივერსიტეში“… – განაცხადა   თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა გაფრინდაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს, მონაწილეებს და წარმატებები უსურვა. 

ფილოსოფიის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა   დემურ ჯალაღონიამ   დიდი პატივისცემით გაიხსენა  ქართველი ფილოსოფოსები,რომლებმაც მსოფლიოს ფილოსოფიურ აზროვნებაში  დიდი წვლილი შეიტანეს, რომლებიც აღიარებულნი იყვნენ დიდი უცხოელი მეცნიერების მიერ  და  ქართული ფილოსოფიური აზროვნება  ქვეყნის გარეთ გაიტანეს. „ჩვენ უკვე 21 წელია აღვნიშნავთ მსოფლიო ფილოსოფიის დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით. დღეს ქართული  ფილოსოფიური სკოლის ფუძემდებლის  შალვა ნუცუბიძის შესახებ ვსაუბროთ, რომელმაც  მსოფლიო აზროვნების ისტორიაში ორი უდიდესი აღმოჩენით შეაბიჯა: 1942 წელს გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერმა  შალვა ნუცუბიძემ ფსევდო დიონისე არეოპაგელისა და ცნობილი ქართველი მოღვაწის პეტრე იბერის იდენტობის საკითხი წამოაყენა მსოფლიო მეცნიერებაში.   მეორე –  ეს არის  აღმოსავლური რენესანსის შესახებ თავისი კონცეფცია. მისგან დამოუკიდებლად ამავე დასკვნამდე მივიდა ცნობილი ბელგიელი მეცნიერი ერნესტ ჰონიგმანი 1952 წელს, რის შემდეგაც აღნიშნულ თეორიას ეწოდა ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია. აღმოსავლური რენესანსის საკითხებს შორის შალვა ნუცუბიძემ ორი პრობლემა გამოკვეთა, რომლებიც ქართველოლოგიის ფარგლებს სცდება და მსოფლიო კულტურის ისტორიის სფეროს მიეკუთვნება. პირველი დასავლური კულტურის აღმოსავლური საფუძვლებია, მეორე კი – ფსევდო-დიონისე არეოპაგელის ნაშრომთა მნიშვნელობა და ნამდვილი ავტორის საკითხი.გარდა ამისა, მან  შექმნა ქართული ფილოსოფიის ისტორია და კიდევ ბევრი უნიკალური ნაშრომი, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოუტანეს“, –  განაცხადა  პროფესორმა დემურ ჯალაღონიამ,  რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.  

„დღევანდელი კონფერენცია სწორედ იმის ნიშანია, რომ  საქართველოში ფილოსოფიური აზრი ცოცხალია, ჩვენ ვართ მსოფლიო ფილოსოფიური აზრისა და კულტურის  განუყოფელი ნაწილი და შინაგანად ვართ დაკავშირებული  ამ  პროცესთან, მსოფლიო ფილოსოფიური აზროვნების ისტორიასთან,  აწმყოსთან და მომავალთან“, – განაცხადა  პროფესორმა, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ბრაჭულმა, რომელმაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შალვა ნუცუბიძის ძეგლის  შემქმნელს გურამ ნიკოლაძეს.

„ადამიანის ცხოვრების ეთიკაა ფილოსოფია და სწორედ ამან უნდა გადაგვარჩინოს“… – განაცხადა  კონფერენციაზე მისალმებისას  აკადემიკოსმა  ელგუჯა ხინთიბიძემ:  „საქართველოს  ყოველთვის ჰყავდა   ეპოქის შესაფერისი ფილოსოფოსები.   რომელი ერთი ჩამოვთვალო: იოანე პეტრიწი, სოლომონ დოდაშვილი,  მოსე გოგიბერიძე, სერგი დანელია, შალვა ნუცუბიძე, რომელმაც ქართული ფილოსოფია ჩვენს თანამედროვეობაში   მსოფლიო ასპარეზზე გაიტანა და  ორ გზის აალაპარაკა მსოფლიო.   ფილოსოფია პრობლემის დასმაა იმგვარად, რომელსაც კრიტიკა,  განხილვა,  განვითარება მოსდევს.  ეს  დაგვანახა შალვა ნუცუბიძემ და ეს საკითხი დღესაც აქტუალურია“, – განაცხადა  აკადემიკოსმა ელგუჯა  ხინთიბიძემ, რომელმაც ვრცლად ისაუბრა შალვა ნუცუბიძის ღვაწლსა და  დამსახურებაზე.

შალვა ნუცუბიძის შვილმა, ფილოლოგიის დოქტორმა თამარ ნუცუბიძემ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორს და სამეცნიერო საზოგადოებას  შალვა ნუცუბიძის და მისი სამეცნიერო მემკვიდრეობის კიდევ ერთხელ დაფასებისთვის. „ეს დღე  ჩემთვის ძალიან ემოციური და  მნიშვნელოვანია. თითქოს მამა „შემოვიდა“ პირველი კორპუსის ტერიტორიაზე.  ამ მომენტს 15 წელია დიდი მოთმინებით ველოდით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროფესორ დემურ ჯალაღონიას, რომელმაც  დიდი შრომა გასწია კონფერენციის ასე კარგად ორგანიზებისთვის, ასევე, ღონისძიების ორგანიზატორებს და სულისჩამდგმელებს“, – აღნიშნა თამარ ნუცუბიძემ, რომელმაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა   შალვა ნუცუბიძის  ძეგლის ავტორს   გურამ ნიკოლაძეს.

საერთაშორისო კონფერენცია ,,თსუ ფილოსოფია 105“ ორი დღე გრძელდებოდა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ  როგორც უცხოელი პროფესორები, ასევე, საქართველოს რეგიონებიდან სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები: კორნელია ჰორნი (პროფესორი, აღმოსავლური ქრისტიანობისა და ბიზანტინისტიკის ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, მარტინ ლუთერ-ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი;)  ანტონიო დომინგუეს რეი (მადრიდის დისტანციური სწავლების ნაციონალური უნივერსიტეტის  პროფესორი,  მადრიდი),  ბრაის დ.კანტრელი, (დოქტორანტი, ჩარლზის უნივერსიტეტი, პრაღა);   თათია ბასილაია (დოქტორანტი, ჩარლზის უნივერსიტეტი, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა);   შონ კრისტოფერ ვიჯილი (დოქტორანტი, ჩარლზის უნივერსიტეტი, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი); ვლადიმერ ჯალაღონია (ფრაიბურგის უნივერსიტეტის დოქტორანტი, გერმანია);  მირიან ებანოიძე (პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი);  ლალი ზაქარაძე (პროფ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი); ლუკა კუჭუხიძე (დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი); გიგლა გობეჩია  (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი); გვანცა კოპლატაძე (თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პროფესორი); სოფიო მოდებაძე (ფილოსოფიის დოქტორი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია);   სოფიკო კვანტალიანი (ასოც. პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);  გიორგი ქავთარაძე (ფილოსოფიის დოქტორანტი, ახალი საქართველოს უნივერსიტეტი).

სამეცნიერო  კონფერენციის სხდომებზე  მკვლევრებმა საინტერესო და  მრავალფეროვანი თემები წარმოადგინეს: „განათლების პარადიგმები ფილოსოფიური კამათების ფონზე კვატროჩენტოში“ (ლელა ალექსიძე, პროფ., თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტი);   „დელფოს სამისნო და სოკრატეს დემონი“  (ნაპო კვარაცხელია, ასოც. პროფ., თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტი);   „სივრცე და სიწმინდე „იერუსალიმის  ტყვეობის“  VII საუკუნის ქართულ ვერსიაში ან ქართველოლოგიური კვლევები და „სივრცითი ბრუნი“ (კორნელია ჰორნი, პროფ., აღმოსავლური ქრისტიანობისა და ბიზანტინისტიკის კათედრის გამგე, მარტინ ლუთერის უნივერსიტეტი, ჰალე-ვიტენბერგი); „ადრეული მოდერნის ფილოსოფია და განმანათლებლობის დიალექტიკა“ (ირაკლი ბრაჭული, ასოც. პროფ., ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის რექტორი, თსუ ფილოსოფიის  ინსტიტუტი);  „მორალური რეგულაციის ახალი ტიპი – პოსტპოსტმოდერნიზმი“ (ანასტასია ზაქარიაძე, ასოც. პროფ., თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტი);  „სოკრატული ცოდნა და უნივერსიტეტის იდეა“ (დემურ ჯალაღონია, პროფ., თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტი)  და სხვ.  

აქვე შეგახსენებთ, რომ  კონფერენციის „თსუ ფილოსოფია-105“-ის ფარგლებში გაიმართა  რამდენიმე ღონისძიება: შალვა ნუცუბიძის, დიმიტრი უზნაძის ძეგლის შემკობა გვირგვინით (თსუ პანთეონი); შალვა ნუცუბიძის ბიუსტის გახსნა თსუ I კორპუსის მეორე სართულზე;     ,,თსუ ფილოსოფია 105“ იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენის დათვალირება და ყოველწლიური საერთაშორისო ბილინგვური ჟურნალის – „ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი“  და სტუდენთა ელექტრონულიჟურნალის  – ,,ზნენის“ პრეზენტაცია.

ფილოსოფიის დღეს მიეძღვნა, აგრეთვე, 20 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სტუდენტთა  რეგიონული სამეცნიერო კონფერენცია  „თსუ ფილოსოფია 105“.

Facebook
Twitter
LinkedIn